მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

ლუარსაბ II

ქართლის მეფე 1605-1615 წ.

შვილიშვილი სვიმონ I-ისა, ძე გიორგი X-ისა და დედოფალ თამარისა, საქართველოს ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე 21 ივნისი (4 ივლისი).

 

 

               1590 წლის 21 მარტს სტამბულში ირანსა და ოსმალეთს შორის დადებული ზავით ირანის პოზიციები კავკასიაში საგრძნობლად შესუსტდა. აღმოსავლეთი საქართველო, აღმოსავლეთი სომხეთი, ჩრდილო და სამხრეთი აზერბაიჯანი (არდებილისა და თალიშის გამოკლებით), ქურთისტანი და ლურისტანის ნაწილი ოსმალეთის საზღვრებში მოექცა. ზავის შედეგები ირანისათვის მეტად სამძიმო იყო.  შაჰ აბას I (1587-1629) რევანშისათვის ემზადებოდა. ამისათვის მან მნიშვნელოვანი რეფორმები ჩაატარა ირანში, რის შედეგადაც განამტკიცა ქვეყნის ცენტრალიზაცია, ჩამოაყალია რეგულარული არმია (გარდა ფეოდალური ლაშქრისა). 1603 განახლდა ირან-ოსმალეთის ომი, რომელიც მცირე შესვენებებით 1639 წლამდე გაგრძელდა. ირანის პირველი ამოცანა იყო აღმოსავლეთ კავკასიიდან თურქების განდევნა, მეორეარ დაეშვა რუსეთის, რომელიც თანდათანობით მოიწევდა სამხრეთისაკენ, შემოსვლა კავკასიაში. ერევნის ციხის ალყის დროს, როდესაც ირანის ჯარი ოსმალთა მთავარი ძალებს ებრძოდა, შაჰმა კახეთის მეფე ალექსანდრე II და ქართლის მეფე გიორგი X ჯარებითურთ მიიწვია. ორივენი შაჰთან გამოცხადდნენ და მონაწილეობა მიიღეს ერევნის ციხის აღებაში. ამ ომში შეტანილი წვლილის საფასურად შაჰმა გიორგი მეფეს ირანში სოფლები და 300 თუმანი ჯამაგირი უბოძა. ამ ვითომცდა წყალობის სანაცვლოდ შაჰმა გიორგი აიძულა დაეთმო უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პუნქტები ქართლის სამხრეთ საზღვარზე _ ლორეს პროვინცია და მდინარე  დებედას ხეობა. ლორეში შაჰმა  ირანის ერთგული ხანი დასვა, ხოლო დებედას ხეობაში ყიზილბაშური ტომიბორჩალუჩაასახლა. 1606 წელს შაჰის ჯარებმა ოსმალები განდევნეს ყარაბახიდან და  განჯიდან, შემდეგ ქართლში შემოიჭრნენ. აქ ლორესა და დმანისის ციხეებიდან გაყარეს  ოსმალები და შემდეგ თბილისის ციხეც დაიკავეს. თბილისის ციხეში ამჯერად თურქების ნაცვლად ყიზილბაშები ჩადგნენ. ამავე წელს მოულოდნელად გარდაიცვალა გიორგი მეფე და შაჰმა ტახტზე გიორგის ვაჟი, ლუარსაბი დაამტკიცა.

            ასეთ რთულ საგარეო ვითარებაში გამეფდა ლუარსაბ II, რომელიც მაშინ 14 წლისა იყო. ქართლის მეფისსიყვარულისა და ერთგულებისმოპოვების მიზნით, შაჰმა ლუარსაბის და  თინათინი ცოლად ითხოვა.

              ლუარსაბის გამეფებისას ქვეყანას მეტად უჭირდა - ხაზინა დაცლილი იყო, რადგან სვიმონ მეფის დასახსნელად ქართლის სამეფო კარმა დიდი ხარჯი გასწია, მაგრამ რამდენიმე წელიწადს მოსახლეობა მშვიდობიანობაში ცხოვრობდა და ძალას იკრებდა.

           1609 წელს ლუარსაბი სამხედრო ძალით დაეხმარა ოსმალთა წინააღმდეგ მიმართულ აჯანყებას საათაბაგოში, რომელსაც ლუარსაბის მამიდა, ათაბაგის ქვრივი ელენე ხელმძღვანელობდა. ელენემ ერთხანს შეძლო ახალციხის გათავისუფლება, მაგრამ  ოსმალებმა იგი მალე დაიბრუნეს. ამის შემდეგ ოსმალთა ჯარი მანგლისის გზით ქართლშიც შემოიჭრა, მათ შორის ყირიმელი თათრებიც ერივნენ. ლუარსაბ მეფე ამ დროს ცხირეთში იდგა მცირერიცხოვანი  რაზმით. სოფელ კველთაში ოსმალებმა მღვდელი თევდორე დაიჭირეს და ცხირეთისაკენ მეგზურობა მოსთხოვეს. მღვდელმა ოსმალები  განზრახ სხვა გზით ატარა. ოსმალები მიუხვდნენ ჩანაფიქრს და მღვდელი წამებით მოკლეს (დიდმოურავიანი). ამასობაში ცხირეთში მყოფ ლუარსაბს ყარაულებმა მტრის მოსვლა აცნობეს. ამ დროს მეფესთან სარდალი ზაზა ციციშვილი და მოურავი გიორგი სააკაძე იმყოფებოდნენ. ქართველები საბრძოლველად მოემზადნენ და სოფელ ნიაბთან მტერს ბრძოლა გაუმართეს. ოსმალები ახალციხისაკენ აპირებდნენ გაბრუნებას, მაგრამ ლუარსაბ მეფემ სარდლებთან მოთათბირების შემდეგ ბრძოლის გადაწყვეტილება მიიღო. ეს ბრძოლა ტაშისკართან გაიმართა. ქართველებმა გიორგი სააკაძის სარდლობით ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს და დიდძალი ტყვე და ნადავლი იგდეს ხელთ. (ისქანდერ მუნში).

1610 წელს შაჰმა ლუარსაბი და თეიმურაზ I თავისთან მიიწვია. ორივენი დიდი ამალის თანხლებით გამოცხადდდნენუმაღლეს კარზე.”ლუარასაბს თან დედა-დედოფალი და სამეფო გვარის სხვა მანდილოსნები ახლდნენ. აქ ისინი ექვსი თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ. სწორედ ამ დროს  დაუბრუნა შაჰმა ლუარსაბს  თბილისი, რომელიც  30 წელი ჯერ ოსმალთა ხელში იყო, ახლა შაჰის ყიზილბაშ მეციხოვნეებს ეჭირათ (ისკანდერ მუნში).

            ქართლში დაბრუნების შემდეგ ლუარსაბ მეფის უახლოესი მრჩეველი გახდა გიორგი სააკაძე, რომლის დაზე 1611 წელს ლუარსაბმა იქორწინა. ამ ქორწინებით სააკაძის გავლენა სამეფო კარზე კიდევ უფრო გაიზარდა. ქართლის თავადებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა სააკაძის აღზევება. მათ მოახერხეს დიდი მტრობის ჩამოაგდება მეფესა და სააკაძეს შორის და ამასთანავე აიძულეს ლუარსაბი გაყროდა ახალშერთულ მეუღლეს.

             1612 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომი ირანის გამარჯვებით დასრულდაკავკასიაში ირანის  პოზიციების საბოლოოდ განმტკიცებისათვის შაჰს საკუთარი გეგმა ჰქონდა შემუშავებული. იგი არ ენდობოდა ქართლ-კახეთის მეფეებს, განსაკუთრებით თეიმურაზს, რომლის პაპამ, ალექსანდრე II- რუსეთის ერთგულებაზე დაიფიცა. შაჰ-აბასს ქართლისა და კახეთის მოსახლეობის აყრა და აქ  მაჰმადიანური ტომების ჩამოსახლება და სახანოების შექმნა ჰქონდა განზრახული. ამ გეგმის განსახორციელებლად, უპირველეს ყოვლისათეიმურაზისა და ლუარსაბის შეპყრობა იყო საჭირო, რადგან ლეგიტიმური მმართველობის მოსპობა ხალხის დემორალიზაციას და საბრძოლო სულისკვეთების დაცემას გამოიწვევდა

შაჰის ამ ვერაგულ განზრახვას, რასაკვირველია, საქართველოშიც კარგად ხვდებოდნენ. 1612 წელს თეიმურაზმა იქორწინა ლუარსაბის დაზე _ ხორეშანზე, რამაც ქართლ-კახეთის მეფეების კავშირი განამტკიცა. ქართლისა და კახეთის თავკაცების ჩაგონებითლუარსაბსა და თეიმურაზს ერთმანეთთან ფიცი დაუდვიათ, რომერთსულოვანი და ერთაზროვანნიიქნებოდნენ (არაქელ თავრიზელი). ეს კავშირი არ მოეწონა შაჰ-აბასს და იმავე წელს ორივე მეფესანადიროდმიიწვია მაზანდარანში. მეფეები მიუხვდნენ შაჰს ჩანაფიქრს და არ გამოცხადნენ. ირანის შაჰი შურისძიებისათვის მოემზადა. 1614 წელს, როდესაც შაჰ-აბასი კახეთში შეიჭრა, თეიმურაზი ბრძოლით გაეცალა ირანელთა რაზმებს და ქართლში გადავიდალუარსაბ მეფე თეიმურაზს მუხრანში დახვდა. თავადებთან მოთათბირების შემდეგ მეფეებმა იმარეთს შეაფარეს  თავი

            შაჰ-აბასი კახეთიდან ქართლში გადმოვიდა, გორში გაჩერდა და ლუარსაბი და თეიმურაზი კვლავ იხმო თავისთან. იმერთა მეფე გიორგი III-  შაჰს თავაზიანი უარი შეუთვალა: ქრისტიანული წესით სტუმრების გაცემის უფლება არა მაქვსო. შაჰი იძულებული იყო ეს უარიც მოეთმინა, რადგან ოსმალებთან დადებული ზავი ხელ-ფეხს უკრავდა იმერეთში გადასასვლელად.         

            ამასობაში უმეფოდ დარჩენილი ქართლის თავადების დიდი ნაწილი შაჰს ეახლა და ერთგულება გამოუცხადა. შადიმან ბარათაშვილმა თავს იდვა ლუარსაბის იმერეთიდან გადმოყვანა და შაჰთან შერიგება. მან დაარწმუნა ლუარსაბი, რომ შაჰთან გამოცხადება ქვეყნისათვის სასარგებლო იქნებოდა. მართლაც ლუარსაბი, ქვეყნის გადარჩენის მიზნით, გორში ჩავიდა. აქ შაჰმა იგი ჩვეული ცბიერებით კარგად  მიიღო და თან წაიყვანა ირანში, სადაც უკვე გამოამჟღავნა თავისი ნამდვილი განზრახვა _ ლუარსაბი ჯერ დაატყვევა, შემდეგ კი  გამაჰმადიანება მოსთხოვა. 8 წელი გაატარა ლუარსაბმა შაჰის ტყვეობაში. ამ ხნის მანძილზე მას არაერთხელ მოსთხოვეს გამაჰმადიანება. ლუარსაბმა არაჩვეულებრივი სიმტკიცე გამოიჩინა და ყოველ ჯერზე უარით ისტუმრებდა შაჰის მოციქულებს. 1622 წელს შაჰის ბრძანებით მეფე გულაბის ციხეში დაამწყვდიეს და რამდენიმე ხანში საბლით დაახრჩვეს. ეს ტრაგიკული მოვლენა ქართველი ხალხისათვის ზნეობრივი გმირობის დიდ მაგალითად იქცა.   ქართულმა ეკლესიამ ლუარსაბ მეფე წმინდანად შერაცხა.

 

 

            წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.         იოსებ თბილელი, დიდმოურავიანი, . ლეონიძის რედაქციით, თბილისი, 1939.

2.         ვახუშტი ბაგრატიონი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა/ ქართლის ცხოვრება IV, თბილისი, 1973.

3.         ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ, სპარსული ტექსტი ქართული თარგმანითა  და შესავლითურთ გამოსცა ვლადიმერ ფუთურიძემ. თბილისი, 1969.

4.         არაქელ თავრიზელი,

5.         . გაბაშვილი, ქართული ფეოდალური წყობილება XVI-XVII საუკუნეებში.

6.         . სვანიძე, საქართველო-ოსმალეთის ისტორიიდან XVI_XVII საუკუნეებში, თბილისი, 1971.

7.        . ჯამბურია, ქართველი ხალხის ბრძოლა არსებობის შენარჩუნებისათვის XVII საუკუნის პირველ მესამედში/საქართველოს ისტორიის ნარკვევები, .IV, თბილისი, 1973.

 

 

მოამზადა მზია სურგულაძემ