მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

წმ. აბო თბილელი

 

 

 

ათანასე თბილელი (1705-1774)

თბილელი ეპისკოპოსი, დიპლომატი, მესტამბე

 

 

 

          თბილელი იყო შვილი ამილახვართა დიდი საგვარეულოსი, რომელმაც არაერთი სახელოვანი სასულიერო პირი აღუზარდა საქართველოს ეკლესიას (მაგ. კათალიკოსები: ქრისტეფორე II უდურბეგის ძე ამილახვრისშვილი,  ნიკოლოზ IX ამილახვრისშვილი). ათანასე (მისი ერისკაცობის სახელი უცნობია) ყრმობიდანვე ემზადებოდა სასულიერო   ცხოვრებისათვის, ბერად შემდგარა შიომღვიმის მონასტერში, მაგრამ ქართლის მღელვარე პოლიტიკურმა ცხოვრებამ, რომელშიც ამილახვართა ოჯახი აქტიურად იყო ჩამული,  შიომღვიმის მონასტრამდეც მიაღწია. თავის ძმასთან, ვახტანგთან ერთად ათანასე თან წაჰყვა რუსეთში ვახტანგ VI-ს. ვახტანგის ასტრახანში ყოფნის დროს ათანასე  არქიმანდრიტად აკურთხეს.   

            1733 წელს ათანასე სამშობლოში დაბრუნდა. აქ იგი კათალიკოსმა ბესარიონმა მროველ ეპისკოპოსად აკურთხა. 1740 წლის 8 მაისს ათანასეს თხოვნის საფუძველზე კათალიკოსმა დომენტიმ პირადად მას და ამიერიდან რუისის საყდრის მესაჭეებს მიტროპოლიტობა მიანიჭა.  იმავე წლის 7 ივლისს ათანასე თბილელად გადაიყვანეს, სადაც 12 წლის მანძილზე იღვწოდა. მისი თბილელობის პერიოდში ქვეყანაში შედარებითი მშვიდობა სუფევდა. ათანასემ შექმნილ ხელსაყრელ პორობებში სამწყსო გააძლიერა, ეკონომიკურად და კულტურულად დააწინაურა. მან გამოიხსნა თბილისის სიონის დაგირავებული მამულები და შეიძინა ახალი ქონება. ამავე დროს ზრუნავდა საყდრის წიგნთსაცავის შევსებაზე.

            ფეოდალური საზოგადოება დიდ ყურადღებას აქცევდა სამეფო ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხს. თეიმურაზ II-ის ქართლში გამეფებას ქართლის თავადთა ერთი ნაწილი უკანონოოდ მიიჩნევდა, რადგან თეიმურაზი კახური შტოს წარმომადგენელი იყო, მაშინ როდესაც ქართლის სამეფო შტოს (მუხრანული შტო) მემკვიდრენი ცოცხლები იყვნენ. თეიმურაზის ლეგიტიმურ უფლებებს, მართალია, აძლიერებდა მისი ქორწინება (დედოფალი თამარი ვახტანგ VI-ის ასული იყო), მაგრამ დაინტერესებულ პოლიტიკურ ძლებს ადვილად შეეძლოთ ამოფარებოდნენ ტახტის პრეტენდენტ ბატონიშვილებს. ერთ-ერთი ასეთი ბატონიშვილი იყო იესე მეფის ძე აბდულა-ბეგი (ქრისტიანული სახელი არჩილი). თეიმურაზმა ქართლში გამეფების შემდეგ აბდულა-ბეგს საბატონიშვილოდ სამშვილდე მისცა. 1747 წელს თეიმურაზ II ნადირშაჰის ბრძანებით ირანში გაემგაზავრა და ქართლის გამგებლობა ერეკლესთან ერთად აბდულა-ბეგს ჩააბარა. აბდულ-ბეგმა დრო იხელთა და თავისი პრეტენზიები ქართლის ტახტზე ხმამაღლა გამოაცხადა. სამშვილდე თავისი მომხრეების (აბდულა-ბეგმა მიიმხრო საბარათიანო, ბორჩალო, დაიქირავა დაღესტნელი ფეოდალები და მომთაბარე ელები)

            ერეკლემ საქმის მშვიდობიანად მოგვარება სცადა და აბდულა-ბეგს მოციქულად ათანასე თბილელი მიუგზავნა. გამაჰმადიანებულ ბატონიშვილზე ქრისტიანი მღვდელმთავრის შეპირებამ, საბატონიშვილო მამულს “სარჩომად” დაუტოვებენო, მაშინ, როდესაც აბდულა-ბეგს ქართლის მეფობა ეწადა, დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. “ქართლი ჩემიაო, და კახეთი შენიო, შენ იმას დასჯერდი, მე ქართლი დამანებეო”_ ასეთი პასუხით გამოუშვა აჯანყებულმა ბატონიშვილმა ათანასე თბილელი (პაპუნა ორბელიანი).

            ირანიდან დაბრუნების შემდეგ თეიმურაზ II-ის პოლიტიკური ორიენტაცია  მკვეთრად გადაიხარა რუსეთისაკენ. 1752 წლის 30 მაისს თეიმურაზ II_მ პეტერბურგში ელჩობა გაგზავნა იმპერატორ ელისაბედ პეტრეს ასულთან. ელჩობის ხელმძღვანელი იყო ათანასე თბილელი, კახეთიდან  მას გააყოლეს თავადი სიმონ მაყაშვილი. წასვლის წინ ათანასემ სათბილელო საქმეები და საყდრის მთელი ქონება გადააბარა ახლად არჩეულ თბილელს ქრისტეფორეს (მანმადე მროველს)

            მოსკოვში ჩასვლისთანავე ათანასე ვიცე-კანცლერ ვორონცოვთან გამოცხადდა და გადასცა ქართველ მეფეთა წერილები და ზეპირი დანაბარებები. პასუხის მოლოდინში ათანასე უზრუნველად ცხოვრობდა ვახტანგის ამალის წევრის,  თავისი გარდაცვლილი ძმის, ოჯახში. ალექსანდრეს ძმისწულებს კარგი განათლება ჰქონდათ მიღებული და საკამაოდ მაღალი თანამდებობებიც ეპყრათ.  როგორც საარქივო მასალებიდან ირკვევა, ელჩობაში გამოუცდელმა ათანასემ ელჩობის მიზნები გააცნო თავის ძმისწულს, “ნადვორნი სოვეტნიკ” ეგორ (გიორგი) ამილახვაროვს. ამ უკანასკნელმა კი ქართული ემოგრაციის სხვა წევრებს. ემოგრანტი ქართველები ზედმეტად ჩაერივნენ  ათნასეს საელჩო მისიაში  და შეეცადნენ ქართლის ბაგრატიონების სასარგებლოდ  მის გამოყენებას. თავისი ძმისწულის ჩაგონებით, ათანასე გამოცხადდა არა კამცლერ ბესტუჟევ-რიუმინთან, როგორც ეს თეიმურაზმა და ერეკლემ დაავალეს, არამედ ქართლის ბაგრატიონების  გულშემატკივარ ვიცე-კანცლერ მიხეილ ვორონცოვთან.  ვორონცოვმა ელისაბედ II-ს მოხსენებითი ბარათით აცნობა, რომ ქართველი ელჩები მიიღო, მაგრამ ამის იქით საქმე არ წასულა. როგორც ჩანს, ათანასეც საკმაოდ დაბნეულა და ორი წელიწადი სრულ უმოქმედობაში  გაუტარებია. ითავისი ნათესავების სახით იგი ქართველ ემიგრანტთა იმ წრეში აღმოჩნდა, რომელიც, რამდენადაც შეეძლო, კახი ბაგრატიონის, თეიმურაზ II-ის ქართლში მეფობას ძირს უთხრიდა.  სანამ ათანასე სამის ვითარებაში ბოლომდე გაერკვეოდა, დიდი დრო გავიდა. “1752 წლიდან 1754 წლამდე ათანასე თბილელი მოსკოვში უდარდელად ცხოვრობს, თითქოს ელჩობისათვის სავალდებულო იყო წლების განმავლობაში უხმოდ კარის რეზოლუციისთვის ეცადაო” (ცინცაძე). ათანასეს უმოქმედობით შეწუხებული მეორე ელჩი, სვიმონ მაყაშვილი, მხოლოდ ერთი წლის შემდეგ იგებს, რომ ათანასეს კანცლერისათვის არც გადაუცია  თეიმურაზისა და ერეკლეს გამოგზავნილი წერილი. ამ ამბავმა  სიმონ მაყაშვილი იმდენად აღაშფოთა, რომ საქმე სერიოზულ კონფლიქტამდე მისულა. ქართველი ელჩების  ერთმანეთთან უსიამოვნების ამბავმა რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებამდეც მიაღწია.

            მაყაშვილი  იძულებული გახდა  მეფეთა სიტყვიერი დავალებანი  და ათანასესთან კონფლიქტის მიზეზები ბესტუჟევ-რიუმინისათვის მოხსენების სახით წარედგინა, რომელმაც შემდეგში ქართლ-კახეთის მეფეთა მისამართით შედგენილი პასუხი სწორედ მაყაშვილის ამ მოხსენების საფუძველზე შეადგინა.      მაყაშვილის ამ მოქმედების საპასუხოდ ათანასემ ქართველი მეფეები დაარწმუნა თავის ერთგულებაში და რომ სვიმონ მაყაშვილი ხელს უშლიდა ეფექტურ საქმიანობაში.  მაყაშვილმა მეფეებისაგან საყვედურით სავსე წერილი მიიღო და იგიც იძულებული გამხდარა გაჩუმებულიყო.

          1754 წლის მაისში ქართველი ელჩები დასაბრუნებლად გაემზადდნენ. ათანასე, შესაძლოა, გრძნობდა, რომ საქართველოში ჩასვლისას თვის წარუმატებელ ელჩობას სვიმონ მაყაშვილს ვეღარ გადააბრალებდა და ფეხს ითრევდა. ივნისის ბოლოს, გამომგზავრების წინ, თბილელმა ავადმყოფობის საბაბით მოსკოვში დარჩენის ნება ითხოვა. თბილელს დროებით გაუგრძელეს დარჩენის ვადა. იმავე წლის  დეკემბერში საგარეო საქმეთა კოლეგიამ სინოდისაგან მიიღო მომართვა, რომ ათანასე ჯანმრთელობის გაუარესების გამო რუსეთში სამუდამოდ დარჩენას ითხოვდა. კოლეგიამ ათანასეს ქართველი მეფეების ნებართვა მოსთხოვა. უცნობია, ითხოვა თბილელმა ეს ნებართვა თუ არა, მაგრამ 1755 წლის 25 ნოემბრით დათარიღებულ მიმართავში ქართველი მეფეები ათანასეს დაუყონებლივ გამომგზავრებას სთხოვენ. მიუხედავად ამისა, ათანასე თბილელმა მაინც მოახერხა რუსეთში სამუდამო დარჩენა.

           წარუმატებელი ქართველი დიპლომატის საქმიანობა უფრო ნაყოფიერი აღმოჩნდა ქართული წიგნის ბეჭდვა-გამოცემის სფეროში. 1761-1762 წლებში სინოდის ნებართვით, ათანასე ამილახვარმა იმერეთის ეპისკოპოს ფილიმონის და ქართველთა ახლშენის ახალგაზრდა მოღვაწეების დახმარებით მოსკოვში ქართული სტამბა გამართა. ქართული წიგნების გამოცემაში დახმარებისათვის ათანასეს მიუმართავს პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიისათვის. აკადემიის ხელმძღვანელობას აღუთქვამს შემწეობა. 1764 წლის ივნისში ათანასემ ჯვართამაღლების მონასტერში დაიდო მღვდელმსახურება, სადაც მიღებული შემოსავლით ააშენა 4 სენაკი და გადაიტანა სტამბა. ამ სტამბაში დაიბეჭდა: სამოციქულო, დავითნი, ლოცვანი, ჟამნი და სამენოვანი ანბანი: ლათინური, ბერძნული და რუსული. ქართული ეკლესიებისათვის ათანასე ბეჭდავდა წმინდანთა სურათებს, დაფარნებს, ოდიკებს, საამისოდ იგი რუსულ სტამბასაც იყენებდა. ათანასემ პირველმა დაიწყო ქართულად ნაბეჭდ წიგნებზე ტირაჟის აღნიშვნა. კათალიკოს ანტონ I_ის თხოვნით, 1769 წელს მას მოსკოვიდან მირონიც გამოუგზავნია.

            ათანასე ამილახვრისშვილი გარდაიცვალა 1774 წლის  9 ივნისს მოსკოვის ჯვართამაღლების მონასტერში. დაიკრძალა დონის მონასტერში. ანდერძის თანახმად, ათანასე თბილელის ქონების ნახევარი ქართლ-კახეთის მეფეს გაეგზავნა, მეორე ნახევარი _ იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტერს და ქრისტეს საფლავის ეკლესიას.

 

 

 

 

წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:
საქართველოს ცხოვრება, ზ.ჭიჭინაძის გამოცემა. თბ. 1913.
Архив св.Синода 1752 г.№№1752,129,296,301,176г.№№197, 1761 г.№142, 1764 г.№336.
П.Иоселиани, Описание древностей города Тифлиса, Тифлис, 1866.
П.Г. Бутков, Материалы для новой истории Кавказа, СПб, 1869.
Архив князья Воронцова, кн. ХХV, Москва, 1882.
პაპუნა ორბელიანი, ამბავნი ქართლისანი, ე. ცაგარეიშვილის გამოცემა, თბილისი, 1981.
მ. ბერძნიშვილი, მასალები XVIII-XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის. თბილისი, 1980;
ი. ცინცაძე, ათანასე თბილელის და სიმონ მაყაშვილის ელჩობა რუსეთში (1752-1757)/ საისტორიო მოამბე, 1952, №6. პ. გუგუშვილი, ქართული წიგნი 1629-1929. თბილისი, 1929.
დ. კარიჭაშვილი, ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორია, თბილისი, 1922.
ზ. ჭიჭინაძე, ისტორია ქართული სტამბისა და წიგნის ბეჭდვისა 1709-1909 წწ. ზ. ჭიჭინაძე, ვახტანგ VI და სხვათა შრომა ქართული სტამბის წინაშე, თბილისი, 1916.
ფ. სიხარულიძე, ათანასე თბილელის გამომცემლობა მოსკოვში/ მეცნიერება და ტექნიკა, 1979, №10.
თ. ჟორდანია, მთავარეპისკოპოსი იოსებ სამებელი, ქართული სტამბის საქმე XVIII საუკუნეში/ივერია, 1884, №№2-3.
მ.ბულეიშვილი, ქათველი ეკლესიის მსახურები რუსეთ-საქართველოს დიპლომატიურ ურთიერთობაში, მეცნიერება,1991.

 

 

 

 

moamzada ana baqraZem