მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

ვახტანგ VI  (1675 – 1737)

ქართლის “ჯანიშინი”(1703-1712), ქართლის მეფე (1716-1724), უაღრესად განათლებული სახელმწიფო და კულტურის მოღვაწე, მწერალი, მეცნიერი, მთარგმნელი.

 

 

ვახტანგ VI-ის მმართველობის ხანა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური ერთიანობისათვის ბრძოლითა და დიდი კულტურულ-საგანმანათლებლო ძვრებით ხასიათდება.  XVIII საუკუნის პირველ ნახევარს “ქართულ განმანათლებლობას” უწოდებენ. ივ. ჯავახიშვილი ასე ახასიათებს ამ პერიოდს: “თითქმის ყველა იმდროინდელი მოღვაწის აზრი იქითკენ იყო მიმართული, ქართველი ხალხის შემოქმედებითი ნიჭის ნამუშევარი და ნაჭირნახულევი შეეკრიბათ, შეესწავლათ და ჩამომავლობისათვის დამთავრებული, ყოველმხრივი წარმოდგენა თუ ცოდნა გადაეცათ. ამ დიდი საქმის მოთავე და სულისჩამდგმელი გიორგი XI და მეტადრე დიდებული დაუვიწყარი ვახტანგ VI იყვნენ”.

ვახტანგი 1675 წლის 15 სექტემბერს დაიბადა. მისი მამა ლევან ბატონიშვილი ბაგრატიონთა მუხრანლ შტოს ეკუთვნოდა; დედა _ თუთა, გურიის მთავრის, ქაიხოსროს ქალიშვილი იყო. ვახტანგი ბიძის, მეფე გიორგი XI-ის კარზე იზრდებოდა. ვახტანგის პიროვნული სახის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი იმ კულტურულმა გარემომ შეასრულა, რომელშიც ყმაწვილ ბატონიშვილს უხდებოდა ცხოვრება. ეს იყო მისი ნათესაური წრე - მუხრანელი ბაგრატიონები და, უპირველესად, მისი აღმზრდელი და მასწავლებელი, სულხან-საბა ორბელიანი. ვახტანგმა ფართო, შეიძლება ითქვას, ენციკლოპედიური განათლება მიიღო; შეისწავლა ფილოსოფია და ღვთისმეტყველება, ისტორია, იურისპუდენცია, მათემათიკა, ასტრონომია, გეოგრაფია, ქიმია. ამას ადასტურებს კათოლიკე მისიონერი პატრი რეჯინალდო 1709 წელს რომში გაგზავნილ მოხსენებაში: “პატრი უფროსი ასტრონომიის გაკვეთილებს აძლევს მას, ისიც კარგად ითვისებს და ძალიან კმაყოფილიცაა”.

ვახტანგ VI

XVIII ს.–ის მინიატურა

ვახტანგ VI ნაციონალურ ტრადიციებზე იზრდებოდა. იგი მთელი არსებით უჭერდა მხარს გიორგი XI-ის ეროვნულ პოლიტიკას, რომელიც ქვეყნის ერთიანობისკენ იყო მიმართული. ამ ტენდენციას სეფიანთა ირანის შაჰმა ჰუსეინმა (1666-16940) მის მიერ ინსპირირებული დინასტიური შუღლი დაუპირისპირა. მან 1688 წელს ქართლის მეფის ტახტი გიორგი XI-ს ჩამოართვა და გამაჰმადიანებულ ერეკლე I-ს (ნაზარალი-ხანს) გადასცა, რომელიც კახეთის ტახტის მემკვიდრე იყო. ეროვნული იდეალებისათვის ბრძოლა ხელისუფლებისათვის დაპირისპირებამ შეცვალა; 4 წლის განმავლობაში გიორგი XI-სა და ერეკლე I-ს შორის ბრძოლა ნაზარალი-ხანის გამაჯვებით დასრულდა, რომელსაც ზურგს ირანის სამხედრო მხარდაჭერა უმაგრებდა. 13 წლის ვახტანგი აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში იღებდა მონაწილეობას ბიძის მხარეს; იგი დიპლომატიურ მისიასაც ასრულებდა ჩრდილო კავკასიაში. ამ მისიასთან იყო დაკავშირებული მისი ქორწინება ჩერქეზი თავადის ასულ რუსუდანზე. ქორწინების შემდეგ საკმაო ხნის განმავლობაში ვახტანგი ხარაგაულში იმყოფებოდა ერეკლე I-ის მომხრეთაგან თავის ასარიდებლად.

1696 წელს ირანის შაჰმა ჰუსეინმა გიორგი XI შემოირიგა და დაავალა შაჰის არმიის სარდლობა აჯანყებული ბელუჯების (ავღანეთი) წინააღმდეგ. 1703 წელს შაჰმა გიორგის ქართლის ტახტი დაუბრუნა, თუმცა იგი ისევ ირანში რჩებოდა. მის ნაცვალად (ჯანიშინად) დაინიშნა ვახტანგი. ამ დროიდან იწყება ვახტანგის ფართომასშტაბიანი სახელმწიფოებრივი საქმიანობა. მან, როგორც დამოუკიდებელმა მმართველმა, მთელი ძალისხმევა ქვეყნის პოლიტიკური და კულტურული აღორძინებისაკენ მიმართა. მოქმედების გარკვეულ თავისუფლებას მას ირანის პოლიტიკური კრიზისიც აძლევდა.

ქვეყნის სახელმწიფოებრივი მოწყობა ვახტანგმა იურიდიულ ნორმებზე დააფუძნა. მან დაიწყო საკანონმდებლო ბაზის შექმნა მმართველობის აპარატისათვის. შეიმუშავა კანონთა კოდექსი “დასტურლამალი”, რომელშიც მკვეთრად გამიჯნა ერთმანეთისაგან სახელმწიფო მოხელეთა ფუნქციები, განსაზღვრა სამეფო ქონება, სამეფო მეურნეობის მართვის წესები.

ვახტანგმა ქვეყნის ცხოვრებას, მისი ყველა მხარეს მყარი ეროვნული საფუძველი შეუქმნა. ეს ღონისძიებები მოიცავდა: დაბეგრვის წესების მოწესრიგებას, საფინანსო პოლიტიკას  (1709 წლიდან დაიწყო სამი ტიპის ქართული მონეტის მოჭრა ქართული წარწერებითა და ევროპული ციფრული სისტემით), საირიგაციო სისტემის შექმნას, შეღავათიანი პირობების შექმნას მტრის შემოსევებისაგან გაუდაბურებული ტერიტორიების დასასახლებლად. ამ კომპლექსური ღონისძიებების შედეგად გაიზარდა ქვეყანაში მოსავლიანობა, განვითარდა ხელოსნური წარმოება, გამოცოცხლდა მშენებლობა, საშინაო და საგარეო ვაჭრობა, აღიკვეთა “ტყვეთა სყიდვა”, შეიქმნა სამეფო გვარდია.

საგანგებო ყურადღებას უთმობდა ვახტანგი ეკლესიის გაძლიერებას. 1705 წელს  საეკლესიო კრებამ კათოლიკოსობა ჩამოართვა ნაზარალი-ხანის ბიძას ევდემონ დიასამიძეს და კათოლიკოსად აირჩია ვახტანგის ძმა დომენტი IV. ვახტანგის დროს რესტავრაცია გაუკეთდა სვეტიცხოველს, აღდგა თბილისის სიონი, სადგერის, ურბნისის, ქსოვრისის ეკლესიები. ამდენად, ვახტანგმა ყველგან ჰპოვა დასაყრდენი, მოიპოვა მოსახლეობის ყველა ფენის მხარდაჭერა ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცების საქმეში.

1709 წელს ავღანელებთან ბრძოლაში დაიღუპა გიორგი XI და მას ქართლის ტახტზე 1711 წელს შეენაცვლა ვახტანგის ძმა ქაიხოსრო, რომელიც ასევე ბრძოლაში დაიღუპა. ირანის შაჰმა ტახტი გადასცა ქართლის ფაქტიურ გამგებელს, ვახტანგ VI-ს, მაგრამ ტახტზე დასამტკიცებლად 1712 წელს ისფაჰანში გამოძახებულ ვახტანგს  რამდენიმე წლის განმავლობაში “საპატიო ტყვედ” მოუწია დარჩენა.

XVII ს-ის 30-იანი წლებიდან ქართლის მეფეები ფორმალურად აღიარებდნენ ისლამს, ამასთან ინარჩუნებდნენ ტრადიციულ სახელმწიფოებრივ წყობას, სოციალურ სისტემას, ენასა და სარწმუნოებას. ვახტანგ VI-მ იმ პირობებში, როდესაც ირანში კრიზისი იყო, ქართლი კი გაძლიერდა, ირანის შაჰისაგან  ავღანელებთან ბრძოლაში დახმარების სანაცვლოდ ქართლის მეფისათვის ქრისტიანობის შენარჩუნება მოითხოვა. შაჰ-სულთან ჰუსეინი არ დაეთანხმა ვახტანგს, რომელიც, თავის მხრივ, არ იცვლიდა პოზიციას. შაჰმა ქართლის ტახტზე აიყვანა ვახტანგის გამაჰმადიანებული ძმა, იესე.

ვახტანგი დიპლომატიურ გზებსაც მიმართავდა ირანის აგრესიის შესანელებლად. ვახტანგის ირანში ყოფნისას საფრანგეთსა და ვატიკანში საგანგებო მისიით გაემგზავრა სულხან-საბა ორბელიანი. ქართლის მეფე უმაღლესი რანგის ევროპელ საერო და სასულიერო პირებს სთხოვდა მისიონერთა გამოგზავნას საქართველოში; ქვეყნის გამოყენებას სავაჭრო გზად, თავად ვახტანგის გათავისუფლებას ტყვეობიდან. ვატიკანსა და ვერსალში სტუმრობისას საქართველოდან წარგზავნილს სათანადოდ შეხვდნენ, გამოხატეს თანაგრძნობა, თუმცა ამას რეალური ნაბიჯები არ მოჰყოლია. 1716 წელს ვახტანგი იძულებული გახდა მიეღო ისლამი. იგი დაამტკიცეს ქართლის მეფედ, მაგრამ იგი ფაქტობრივად კვლავ ტყვეობაში რჩებოდა.

ვახტანგმა ტყვეობიდან თავის დასახსნელად გამოიყენა ირანის გართულებული ურთიერთობა ლეკებთან – საერთო მტერთან. ლეკები მოსვენებას არ აძლევდნენ ირანის ჩრდილოეთ პროვინციებს. ვახტანგმა საკუთარ თავზე აიღო ლეკების წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზება, რაზედაც შაჰი დათანხმდა. 1719 წელს ვახტანგი საქართველოში დაბრუნდა.

იმავე 1719 წელს ვახტანგი და დავით იმამყული ერთმანეთს შეხვდნენ საფურცლეში და  ლეკების წინააღმდეგ ერთობლივი გეგმა შეიმუშავეს. ამ გეგმის ფარგლებში 1720 წელს ვახტანგმა საბარათიანოს კაშქარი გააგზავნა კახელების დასახმარებლად, მაგრამ დავით იმამყულიმ ვერ გაბედა ჭარზე გალაშქრება.  ლეკების წინააღმდეგ  შირვანის, ყარაბახის და ერევნის სახანოები მზად იყვნენ ქართველებთან ერთად ეომათ ლეკების წინააღმდეგ. ვახტანგი, შესაძლოა იმ ანგარიშით, რომ ირანი უფრო დასუსტებულიყო, აყოვნებდა საომარ მოქმედებებზე გადასვლას. 1721 წელს ირანის შაჰმა ვახტანგი სამხრეთ აზერბაიჯანის სპასალარად დანიშნა. ამ თანამდებობის წყალობით მის ხელქვეით დიდი სამხედრო ძალა აღმოჩნდა გაერთიანებული, მაგრამ ვახტანგმა მხოლოდ ქართველებისა და სომხების სამხედრო ძალის გამოიყენებით ილაშქრა განჯაში, სადაც ლეკებს დიდი დასაყრდენი ჰქონდათ ადგილობრივ მოსახლეობაში. ვახტანგმა შეუტია ლეკებს ზეგამში, შამქორში, ბარდაში, ჭარში და ყველგან დამარცხება აგემა. იმდროინდელ სომხურ წყაროებში კარგად ჩანს, რაოდენ მომწიფებული ყოფილა კავკასიის ქრისტიანი ხალხების გაერთიანების იდეა, რომლის განხორციელებას  ქართლის მეფეს უკავშირებდნენ. ეს იდეა ვახტანგისათვისაც სრულიად მისაღები იყო, რასაც მოწმობს მისი გაცხოველებული კონტაქტები სომეხი სასულიერო პირებთან და სამხედრო მეთაურებთან. ვახტანგს დიდი მონაწილეობა მიიღია სომხური არმიის ჩამოყალიბებაში _ უგზავნიდა მათ სამხედრო მრჩევლებს და სარდლებს.

ირანში ფხიზლად ადევნებდნენ თვალს ვახტანგის მოქმედებებს. მართალია, იგი ირანის დავალებით ებრძოდა ლეკებს, მაგრამ ვახტანგის ხელმძღვანელობით ქართველ-სომეხთა სამხედრო ნაწილების წარმატებები ირანისფოთებას იწვევდა. სწორედ ამიტომ, როდესაც ვახტანგი ჭარ-ბელაქანზე გადამწყვეტი ბრძოლისათვის ემზადებოდა, შAჰმა ვახტანგს ლაშქრობის მოშლა და თბილისში დაბრუნება უბრძანა. ამ ბრძანებამ ერთბაშად დაანგრია ირანელთა წინააღმდეგ შემუშავებული ქართველ-სომეხთა მომავალი საბრძოლო გეგმა. განრისხებულ ვახტანგს საჯაროდ დაუფიცავს, რომ ამიერიდან შაჰის ბრძანებებს აღარ შეასრულებდა.

მალე ირანის მდგომარეობა უკიდურესად გართულდა _ ჩრდილოეთიდან ლეკების, აღმოსავლეთიდან ავღანთა შემოსევების გამო. ირანის შაჰი დახმარებას ითხოვდა, მაგრამ ვახტანგმა შაჰს ჯარი არ მიაშველა. ამასობაში იგი ფარულ მოლაპარაკებას აწარმოებდა პეტრე I-თან, რომელიც ვითომცდა ლეკების დასასჯელად, სინამდვილესი კი კასპიისპირეთის ხელში ჩასაგდებად ემზადებოდა. დასუსტებულ ირანთან ომისათვის ემზადებოდა ოსმალეთიც, რის შესახებაც იგი ვახტანგს ატყობინებდა და მის მახარეზე გამოსვლას სთხოვდა, სამაგიეროდ მთელი საქართველოს მიცემას ჰპირდებოდა. ვახტანგმა ეს წინადადება უარყო.

1722 წელს პეტრესა და ვახტანგს შორის გამართული მიმოწერიდან ჩანს, რა სისწრაფით იკვრებოდა ქართლისათვის საბედისწერო რკალი სამი დიდი სახელმწიფოს ინტერესთა გადაკვეთაზე.   2 ივლისს პეტრე სწერდა ქართლის მეფეს, რომ რუსეთის ჯარი მალე გადმოსხდებოდა კასპის სანაპიროზე, სთხოვდა, რომ სასწრაფოდ დაეწყო ლეკთა წინააღმდეგ მოქმედებები და ოსმალთათვის რაიმე საბაბი არ მიეცა ჯარი გამოეგზავნა ირანის წინაღმდეგ. 3 აგვისტოს პეტრე ვახტანგს აცნობებდა, რომ რუსული ჯარი უკვე გადასხმული იყო კასპიის სანაპიროზე. ვახტანგი პასუხად სწერდა, რომ 20 აგვისტოს ლეკებთან ომის საბაბით განჯაში ჯარს ჩაიყვანდა.

ვახტანგსა და პეტრეს შორის არსებულ საიდუმლო გეგმის თანახმად რუსთა ჯარს ვახტანგი ქართველ-სომეხთაA ლაშქრით დარუბანდსა და ბაქოს შორის მდებარე ტერიტორიაზე უნდა შეერთებოდა. მართლაც, თავიდან ყვველაფერი გეგმის მიხედვით დაიწყო.  პეტრე ჯარის ნაწილთან ერთად დარუბანდში მართლაც ჩავიდა, მაგრამ ამ დროს ზღვაზე ამტყდარმა ქარიშხალმა რუსული ხომალდები, დატვირთული  საბრძოლო იარაღითა და სურსათ-სანოვაგით გაანადგურა. ამავე დროს ოსმალეთი გააქტიურდა. პეტრემ საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება სახიფათოდ მიიჩნია და უკან გაბრუნდა. ვახტანგი უკვე დათქმულ ადგილას 3 თვის განმავლობასი იდგა და ამაოდ ელოდა რუსებთან შეხვედრას. იმედგაცრუებული ვახტანგი თბილისში დაბრუნდა. მის მდგომარეობას უკუდურესად ართულებდა ის, რომ მისი ნამდვილი განზრახვა მტრებისათვის გამჟღავნდა.

ირანის ტახტზე ასულმა ახალმა შაჰმა თამაზმა 1723 წელს ვახტანგს ტახტი ჩამოართვა და კონსტანტინე მამადყულის მისცა. კახეთის მეფე  ლეკებისა და აზერბაიჯანული სახანოების ჯარებით თბილისს შემოადგა. ვახტანგს დასავლეთ საქართველოდან მოსული რაზმები ეხმარებოდნენ. მეფე 3 თვის მანძილზე იგერიებდა მტერს. გაზაფხულზე კონსტანტინემ თბილისი აიღო და ქართლის ტახტი მიიტაცა.

ამ ამბებამდე რამდენიმე თვით ადრე ვახტანგი რუსეთის ელჩს სთხოვდა ეცნობებინა იმპერატორისათვის, რომ  ოსმალები საქართველოს საზღვრებთან ჯარს აგროვებდნენ და დაერწმუნებინა იგი ერთი საჯარისო ნაწილის გამოგზავნის აუცილებლობაში. ხანგრძლოვი ბჭობის შემდეგ პეტრეს მართლაც გაუცია ბრძანება საქართველოში 2 ათას კაციანი ნაწილის გამოგზავნის შესახებ, მაგრამ ამასობაში საქართველოში მოვლენები საბედისწეროდ განვითარდა.

თბილისის დაკარგვის შემდეგ ვახტანგმა თავი შეაფარა ჯერ გორს, შემდეგ – ცხინვალს. რუსეთის მხრიდან დახმარება არ ჩანდა. ვახტანგი დარბაზთან ერთად კვლავ განიხილავდა რუსეთთან კავშირის აუცილებლობას. დარბაზის წევრთა ნაწილის აზრით, ეს კიდევ უფრო გაართულებდა ირან-ოსმალეთთან ურთიერთობას, რუსეთი კი ვერ მოასწრებდა საქართველოს დახმარებას. ვახტანგი მაიც არ კარგავდა რუსეთიდან დახმარების მიღების იმედს და დროის მოგების მიზნით ოსმალეთთან უცდია მოლაპარაკება. ოსმალები კი ამ დროს სწრაფად ამოქმედდნენ _ 1723 წლის ივნისში ოსმალები ქართლში შემოვიდნენ და  თბილისი აიღეს. ქართლში ოსმალთა ბატონობის პერიოდი დაიწყო.

ვახტანგი თავისი დიდი ამალით (1200 კაცი) რუსეთს გაემგზავრა. მან ვეღარ მოახერხა პეტრე I-თან შეხვედრა, რადგან 1725 წლის დასაწყისში რუსეთის იმპერატორი  მოულოდნელად გარდაიცვალა. მიუხედავად რუსეთში ხელისუფლების სწრაფი ცვლისა 1725-1735 წლებში, ვახტანგი გამუდმებით ცდილობდა მმართველ წრეებში გაეღვიძებინა ინტერესი კასპიისპირა რეგიონის მიმართ, რაც სასარგებლო იქნებოდა საქართველოსთვისაც და მისცემდა ვახტანგს ტახტის დაბრუნების შესაძლებლობას. მან დაითანხმა ეკატერინე I და 1726-1727 წლებში დიპლომატიური მისიით, როგორც რუსეთის წარმომადგენელი, გაემგზავრა გილანში შაჰ-თამაზთან მოსალაპარაკებლად. მოლაპარაკების მიზანი იყო ირანის მხარის დათანხმება ოსმალეთთან ერთობლივ ბრძოლაზე, ამ ბრძოლაში ამიერკავკასიის ხალხების დახმარება და ავღანელთა წინამძღოლის აფშარის შესახებ ინფორმაციის მოგროვება.  მოლაპარაკება, რომელიც თავიდან წარმატებით მიმდინარეობდა, ფაქტიურად ჩაშალა რუსეთის მისიის წარმომადგენელმა გენერალმა ლევაშოვმა, რომელიც ასრულებდა რუსეთის საიდუმლო საბჭოს მითითებებს. ამ დროს რუსეთი აფშართანაც აწარმოებდა მოლაპარაკებას შაჰ-თამაზის წინააღმდეგ. ვახტანგი ასტრახანს დაბრუნდა.

1732 წელს რეშტში დაიდო ხელშეკრულება რუსეთსა და ირანს შორის, რომლის თანახმადაც რუსეთმა ირანს დაუბრუნა პეტრეს სამხედრო კამპნიის დროს მიტაცებული მიწები კასპიისპირეთის სამხრერთში. ამავე ხელშეკრულებით ირანი თანახმა იყო “რუსეთისა და ირანის შაჰის ერთგული” ქართლის მეფისათვის დაებრუნებინა ქართლის ტახტი მას შემდეგ, რაც აღიდგენდა აღმოსავლეთ საქართველოში ბატონობას. ამავე წელს ირანის სარდალმა ნადირმა შაჰ-თამაზი ტახტიდან ჩამოაგდო და და  ირანის შაჰად მისი მცირეწლოვანი შვილი გამოაცხადა. ფაქტობრივად კი თავად უძღვებოდა ირანის საქმეებს.

1733 წლიდან ქართლში ოსმალთა აბტონობას დღეები ჰქონდა დათვლილი. ამავე დროს ძლიერდებოდა ირანი. ქართლის პოლიტიკური მესვეურები (შანშე ერისთავი, გივი ამილახვარი, ბესარიონ კათალიკოსი) მიიჩნევდნენ, რომ ვახტანგის ან ბაქარის დასაბრუნებლად ხელსაყრელი დრო დამდგარი იყო და ამის თაობაზე წერილს წერილზე უგზავნიდნენ. ვახტანგი არწმუნებდა რუსეთის მთავრობას, რომ შექმნილ ვითარებაში აუცილებელი იყო საქართველოში მისი დაბრუნება, ან, უკიდურეს შემთხვევაში, ბაქარისა. რუსეთის მთავრობას კი ვახტანგის თავის სასარგებლოდ გამოყენება სურდა და აყოვნებდა მამა-შვილის სამშობლოში დაბრუნებას. 1734 წელს ვახტანგი და ბაქარი თითქოს ახლოს იყვნენ მიზანთან. იმპერატორმა ანამ ისინი დარუბანდს გაგზავნა. ამ დროისათვის ირანის მდგომარეობა საგრძნობლად გამოსწორებული იყო, რამაც  რუსეთი აიძულა ბაქო-დარუბანდზეც აერო ხელი, რასაც დაჟინებით მოითხოვდა ნადირი. 1735 წლის სექტემბერში რუსეთსა და ირანს შორის გაფორმდა განჯის ტრაქტატი, რომელიც ირანის პრეტენზიებს სავსებით აკმაყოფილებდა. საქართველოს შესახებ იგი იმეორებდა რეშტის ზავის პირობებს და ვახტანგის უფლებებს ქართლის ტახტზე.

რუსეთის დათმობებით გათამამებული ნადირი მოითხოვდა ვახტანგის მასთან გამოცხადებას. ვახტანგი, რომელიც კარგად ხვდებოდა ირანის კარის განზრახულობებს, მისთვის ამ დამაცირებელ წინადადებაზე არ დათანხმდა. იგი, უკვე ხანში სესული და იმედგაცრუებული, ბაქართან ერთად დაბრუნდა ასტრახანში, სადაც საცხოვრებლად დარჩენა არჩია. ვახტანგი 1737 წელს გარდაიცვალა. ასე დაასრულა სიცოცხლე ვახტანგ VI-მ, რომელსაც პოლიტიკური მოღვაწეობა მოუხდა უაღრესად რთულ პერიოდში, მაშინ, როდესაც კავკასიაში სამი დიდი სახელმწიფოს _ ირანის, ოსმალეთის და რუსეთის ინტერესები შეეჯახა ერთმანეთს. მიუხედავად ურთულესი პოლიტიკური მდგომარეობისა, ვახტანგს არ დაუკლია დიპლომატიური მცდელობანი გაეუმჯობესებინა და გაემყარებინა თავისი ქვეყნის მდგომარეობა. მას ხელი მოეცარა პოლიტიკურ სარბიელზე ობიექტური პირობების გამო, თუმცა უაღრესად ბევრი გააკეთა ქვეყნის კულტურული წინსვლისა და განვითარებისათვის.

 პოლიტიკაში ხელმოცარული მეფე უაღრესად ნაყოფიერ სამეცნიერო და საგანმანათლებლო მუშაობას ეწეოდა ყველგან _ სამშობლოში, ირანში ტყვეობის თუ რუსეთში ემიგრაციის პერიოდებში. ვახტანგი მიიჩნევდა, რომ “მრავალგზის მტერთაგან მოოხრებულ საქართველოში”, სადაც “არღარა დაშთომილ იყო სწავლა... ფილასოფთა” (“აიათი”), ქართული კულტურის სასიცოცხლო ინტერესები მოითხოვდა შემოქმედებით ბიძგს, ევროპული და აღმოსავლური აზროვნების ეროვნულ ნიადაგზე გადმონერგვას. სწორედ ასეთმა მიდგომამ განაპირობა მისი საქმიანობის მკვეთრად გამოვლენილი პროფილი – პრაქტიკულ-საგანმანათლებლო მიზანდასახულობა. მან ააღორძინა და ახალ საფუძველზე დაამყარა ქართული მეცნიერების არაერთი დარგი, შექმნა წინაპირობა მათი შემდგომი განვითარებისათვის.

პირველ ყოვლისა, ვახტანგმა შექმნა ქვეყნის სამართლებრივი საფუძველი – გამოიკვლია ქვეყანაში პრრაქტიკულად მოქმედი სისხლისა და სამოქალაქო სამართლის ნორმები, მათ საფუძველზე ჩამოაყალიბა კანონთა კოდექსი, რითაც ერთიანი საკანონმდებლო ბაზა შეუქმნა მართლმსაჯულებას.  მისი ხელმძღვანელობით “სწავლულ კაცთა  კომისიამ” 1703-1709 წლებში შეადგინა სამართლის წიგნთა კრებული, სადაც გაერთიანდა შვიდი საკანონმდებლო ძეგლი: მოსეს კანონები, ბიზანტიური და სომხური კანონები და ოთხი ორიგინალური ქართული ძეგლი – კათოლიკოსთა კანონები, გიორგი V-ის ძეგლისდება, ბექასა და აღბუღას სამართალი და თავად ვახტანგის კანონები (270 სტატია). აღნიშნული სამართლებრივი ნორმები გამოიყენებოდა სამართალწარმოებისას მთელ საქართველოში, ნაწილობრივ რუსეთის მმართველობის დროსაც.

ამავე “კომისიამ”, რომელსაც ბერი ეგნატაშვილი მეთაურობდა, შეკრიბა და დაადგინა “ქართლის ისტორიის” წყაროები და დაწერა საქართველოს ისტორია XIV საუკუნიდან XVIII საუკუნემდე.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ვახტანგის მიერ ქართული სტამბის დაარსებას. ამით მან განახორციელა ყველაზე მოწინავე ქართველ მოღვაწეთა თითქმის საუკუნოვანი ოცნება. ამ საქმეში მან დაიხმარა უნგრეთიდან მოწვეული ანთიმოზ ივერიელის მოწაფე მიხაი იშტვანოვიჩი. ამ სტამბაში დაიბეჭდა ვახტანგის მიერვე კომენტირებული “ვეფხისტყაოსანი”, რითაც საფუძველი ჩაეყარა მეცნიერულ რუსთველოლოგიას. აქვე დასტამბეს საღვთისმეტყველო წიგნები -  სახარება, ფსალმუნი, ბიბლია, პარკლიტონი, მის მიერ სპარსულიდან თარგმნილი “აიათი, რომელ არს ქმნულების ცნობა”. ეს უკანასკნელი ნათარგმნია სპარსული ასტროლოგიური თხზულებიდან “რჩეული აიათი”( მოთავსებულია ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცულ კრებულში PK-534).

XVIII საუკუნეში ინტენსიურად გაიშალა მთარგმნელობითი საქმიანობა საქართველოში, რაშიც თავისი ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ვახტანგ VI-მ. მან თარგმნა მთელი რიგი ასტრონომიულ-ასტროლოგიური, მათემატიკური, ქიმიური  შინაარსის თხზულებებისა. მართალია, ისინი არ ასახავს თანადროული მეცნიერების დონეს, მაგრამ საქართველოში მათი თარგმნა უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ქართველი მკითხველისათვის ელემენტარული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მისაწოდებლად და არსებული ხარვეზის შესავსებად.

ვახტანგის მიერ ნათარგმნი ასტრონომიულ-ასტროლოგიური თხზულებები ძირითადად სპარსული წყაროებიდანაა შესრულებული მის მიერ ქირმანში ტყვეობის დროს. ეს არის ცნობილი შუააზიელი მეცნიერისა და სწავლულის ულუღბეგის “ზიჯი-ვარსკვლავთა კატალოგი” (XV ს.), რომლის ქართული თარგმანი (ხელნ. ინსტიტუტის ნუსხა S-161) წარმოადგენს “ქართული მეცნიერული წიგნის გაკეთების შესანიშნავ ნიმუშთაგანს” (ქრ. შარაშიძე), ნასირედდინ ტუსელის “სტროლაბის სასწავლებელი წიგნი”, რომლის ქართული ხელნაწერი ასახავს ვახტანგის უცხოენოვან თარგმანზე მუშაობის მთელ ლაბორატორიას (ხელნ. ინსტიტუტის ნუსხა H-457). უნდა აღინიშნოს, რომ ვახტანგს თავადაც დაუმზადებია კუთხმზომი ხელსაწყო ასტროლაბი, რომელიც სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.  ვახტანგმა თარგმნა აგრეთვე “თალა მასალა” და “ჰიდაიათ ალ-ნუჯუმი”, ზემოთხსენებული “აიათი”, რომელთა საფუძველი სამყაროს აგებულების ასტროლოგიური მოდელია, თუმცა მათში წარმოდგენილია ცოცხალი, დაკვირვებითი ასტრონომიის ელემენტებიც.

განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ვახტანგის მიერ შედგენილი “ქიმია”, რომელშიც გამოყენებულია აღმოსავლური (არ-რაზის თხზულება “საიდუმლოებათა საგანძური”), რუსული (Травники, Лечебники, Иконописные подлинники), ევროპული და ქართული წყაროები (რ. ჩაგუნავა).

რუსეთში ყოფნისას შეადგინა ვახტანგმა თავისი ორიგინალური შრომა “მათემატიკა”, რომელშიც აისახა იმდროინდელი ევროპული, აღმოსავლური, რუსული მიღწევები. თხზულება აერთიანებს არითმეტიკას, გეომეტრიასა და ტრიგონომეტრიას.     წარმოდგენილ თხზულებებში ვახტანგი გვევლინება არა მარტო მთარგმნელად და შემდგენლად, არამედ მეცნიერ-რედაქტორად, ლექსიკოგრაფად და, რაც მთავარია, დიდ განმანათლებლად. მან მნიშვნელოვანი ღვაწლი დასდო ქართული მეცნიერული ენის გამდიდრებასა და განვითარებას, შექმნა ორიგინალური ქართული ტერმინებიც. ამ მხრივ უაღრესად ნაყოფიერი იყო მისი ერთობლივი მუშაობა სულხან-საბა ორბელიანთან. ამგვარი მუშაობის ნათელ მაგალითს წარმოადგენს ვახტანგის მეცნიერულ თარგმანებსა და გადამუშავებებზე დართული მისეული ლექსიკონები.

ვახტანგ VI-ის მძიმე ცხოვრებისეული გამოცდილება, ქვეყნის ბედუკუღმართობა, მისი პირადი განცდები აისახა მის ელეგიურ ლირიკაში, რომელსაც რელიგიური შეფერილობა აქვს. მისი პოეზიის მხატვრულ-სახეობრივი სისტემა ხშირად სიმბოლურ-ალეგორიული ხასიათისაა, სადაც სამშობლო და ღვთაება სატრფოა, კეკლუცი და მიმზიდველი. მისი პოეზია ემოციურია და გამომსახველი, აღსავსე სოფლის სამდურავითა და ადამიანთა გაუტანლობაზე ჩივილით. ვახტანგს ეკუთვნის ელეგიები, აგრეთვე მაჯამები და ანბანთქებანი და სხვა მცირე ზომის პოეტური ნაწარმოებები. იგი აგრძელებს თეიმურაზ I-ისა და არჩილის ხაზს. თავის მხრივ ვახტანგ VI-ის შემოქმედებას დიდი გავლენა ჰქონდა შემდგომი დროის მწერლობაზე, კერძოდ, დავით გურამიშვილზე.

ვახტანგი თარგმნიდა მხატვრულ თხზულებებსაც, რომლებიც ძირითადად დიდაქტიკური ხასიათისაა და კარგად მიესადაგება მთარგმნელის მიზანდასახულობას. მის მიერ “ქილილა და დამანას” სპარსული გალექსილი ვერსიის ქაშეფის “ანვარე სოჰაილის” თარგმნით მან შექმნა პირველი სრული ქართული ვერსია ამ უაღრესად პოპულარული თხზულებისა. მისი თარგმანი პწკარედულია, რომელიც შემდგომ მისივე თხოვნით “გემოანად გაჩალხა” სულხან-საბამ.

ვახტანგმა შექმნა ქეიქაუსის ცნობილი თხზულების “ყაბუს-ნამეს” ორი ქართული ვერსია- გალექსილი და პროზითი. ეს უფრო მეტად “გარდათქმული”, გაქართულებული თარგმანებია, განსაკუთრებით ლექსითი ვერსია, სადაც ვახტანგისეული და ორიგინალურია თხზულების სტილი, პოეტური ფორმა, მნიშვნელოვნადაა გადამუშავებული შინაარსიც.

 

 

წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

  1. vaxuSti bagrationi, aRwera samefosa saqarTvelosa/ qarTlis cxovreba, IV, s. yauxCiSvilis red. Tbilisi, 1973, gv. 491-522.

  2. Переписка грузинских царей с российскими государями, СПб, 1861

  3. აიათი, ტფ. 1721

  4. ვახტანგ VI, წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიისა ქმნის, თბ. 1981 ვახტანგ VI, ლექსები და პოემები, ალ. ბარამიძის რედაქციით, თბ. 1975

  5. ვახტანგ VI, სამართლის წიგნი, თბ. 1955

  6. დასტურლამალი მეფის ვახტანგ მეექვსისა, პეტრე უმიკაშვილის რედ. ტფ. 1886.

  7. vaxtang VI-is samarTlis wignTa krebuli, teqstebi gamosca, gamokvleva da leqsikoni daurTo i. doliZem/qarTuli samarTlis Zeglebi, I, Tbilisi, 1963.

  8. ივ. ჯავახიშვილი, ქართული სამართლის ისტორია, . I, თბ. 1928

  9. ი. დოლიძე, სამართალი ვახტანგ მეექვსისა, თბ. 1981

  10. m. qiqoZe, vaxtang VI-is saxelmwifoebrivi moRvaweoba, “Mecniereba”, Tbilisi, 1988.

  11. l. tuxaSvili, politikuri viTareba XVIII s. pirvel oceulSi, saqarTvelos istoriis narkvevebi, IV, Tbilisi, 1973, gv.398-413.

  12. g. paiWaZe, qarTlis samxedro-politikuri kavSiri ruseTTan XVIII s. 20-ian wlebSi, saqarTvelos istoriis narkvevebi, IV, Tbilisi, 1973, gv.413-421.

  13. .კეკელიძე, ძველი ქართული მწერლობის ისტორია, . II, თბ. 1952

  14. . მენაბდე, ვახტანგ VI, თბ. 1966

  15. ალ. გვახარია, ვახტანგ VI და ქართულსპარსული ლიტერატურული ურთიერთობანი, სპარსულ-ქართული ცდანი, თბ. 1983

  16. . დარჩია, ვახტანგ VI პოეტური მემკვიდრეობა, თბ. 1986

  17. . ბრეგაძე, ქართული კულტურის მოღვაწენი რუსეთში, თბ. 1974

  18. , პაიჭაძე, ვახტანგ VI, თბ. 1975

  19. ქრ. შარაშიძე, პირველი სტამბა საქართველოში, თბ. 1955

  20. . კასრაძე, ძველი ქართული ნაბეჭდი წიგნი, თბ. 1973

  21. აკ. შანიძე, ქართული სტამბის ისტორიისათვის, ლიტერატურული მემკვიდრეობა, წიგნი I, თბ. 1935

  22. აკ. შანიძე, ვახტანგი, როგორც ლექსიკოგრაფი, “ვეფხისტყაოსნისვახტანგისეული გამოცემის შესავალი, თბ.1975

  23. . კარიჭაშვილი, ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორია, თბ. 1929

  24. . ლორთქიფქნიძე, ვახტანგ VI და ქართული სტამბის მოღვაწენი, თბ.1962

  25. . კვასხვაძე, ვახტანგ VI-ის სტამბის წიგნი, თბ. 1952

  26. . კობიძე, ყაბუს-ნამე, ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობანი, თბ. 1969

  27. . იმედაშვილი, “ყაბუს-ნამესქართული ვერსიაამირნასარიანი”, ლიტერატურული ძიებანი, IX, თბ. 1955

  28. . ჩაგუნავა, ვახტანგ ბაგრატიონის საბუნებისმეტყველო-სამეცნიერო მოღვაწეობა, თბ.1986

  29. . აბულაძე, ვახტანგ მეექვსის მთარგმნელობითი მოღვაწეობა, თბ. 1990

  30. . მარი, . დონდუა, სპარსულ-ქართული ცდანი, I., ლენინგრადი, 1926

  31. m. qiqoZe, q. CxataraiSvili, qarTuli kultura XVIII s. pirvel naxevarSi, . saqarTvelos istoriis narkvevebi, IV, Tbilisi, 1973, gv. 497-509.

  32. Чагунава Р. В. Вахтанг Багратиони и его труд по химии, Тб. 1984

 

 

 

 

moamzada Tamar abulaZem