მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

გურანდუხტ დედოფალი,X-XI ს.

( ბაგრატ III-ის დედა)

 

 

 

            გიორგი II აფხაზთა მეფის (922-957 წწ.) ასული, გურგენ მეფეთა მეფის (994-1008 წწ.) მეუღლე, ბაგრატ III-ის (975-1014 წწ.) დედა. X საუკუნის მეორე ნახევრის პოლიტიკური მოღვაწე.

            გურანდუხტი X საუკუნის 70-იანი წწ. ბოლოს და 80-იანი წწ. დასაწყისში თავისი ვაჟის ბაგრატ III-ის დასავლეთ საქართველოში  ყოფნის დროს ქართლს განაგებდა. მისი ცხოვრება რთულ და დაძაბულობით აღსავსე  პერიოდს დაემთხვა, იმ დროს დასასრულს უახლოვდებოდა ფეოდალური საქართველოს გაერთიანების ხანგრძლივი ისტორიული პროცესი. ქართველი მეფე-მთავრები ჯერ კიდევ VIII საუკუნიდან მოყოლებული ცდილობდნენ საკუთარი სამთავროების გაფართოებას, განსაკუთრებით შიდა ქართლის დაუფლებას, რაც, საბოლოო ჯამში, ნიშნავდა ბრძოლას ერთიანი საქართველოსათვის. ამ ბრძოლაში უპირატესობა აფხაზთა მეფეებს ხელთ იყო.  მათ ბრძოლაში “ქართლსა ზედა” მეტოქეობას უწევდნენ კახეთის მეფეები (ქორეპისკოპოსები).  ამ დაპირისპირებამ  განსაკუთრებით მწვავე ხასიათი მიიღო აფხაზთა მეფის თეოდოსი III უსინათლოს (975-978 წწ.) მეფობაში. ამით ისარგებლა კახეთის ქორეპისკოპოსმა და დაიწყო ქართლისათვის ბრძოლა.

            X საუკუნის 70-იან წლებში საქართველოს გაერთიანების პროცესი თავის ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა. ამ დამაგვირგვინებელი ეტაპს თავისი შემოქმედი გმირები ჰყავდა, რომელთაგან პირველობა ქართლის ერისთავ იოანე მარუშისძეს ეკუთვნის. მან იმდროინდელ სახელმწიფო მოღვაწეთა ყურადღება მიაპყრო ბაგრატ III-ის პიროვნებაზე, რადგან იგი სამი სამეფოს მემკვიდრედ ითვლებოდა: ბაგრატი ერთდროულად იყო ბაგრატ ბაგრატიონის შვილიშვილი და მეფეთა- მეფე გურგენის შვილი, ეგრის-აფხაზეთის მეფის უშვილო თეოდოსის დისწული, ტაოს მეფის დავით III კურაპალატის შვილობილი.

            იოანე მარუშისძის წინადადებით დავით კურაპალატმა მხარი დაუჭირა თავისი შვილობილის ბაგრატის გამეფებას და 975 წელს ჯარით გაემართა ქართლისაკენ. კახეთის ქორეპისკოპოსი კვირიკე II, რომელსაც უფლისციხისათვის ალყა ჰქონდა შემორტყმული, აღარ შეეწინააღმდეგა დავით კურაპალატს და კახეთს გაბრუნდა. დავითმა ჩაიბარა უფლისციხე და მიმართა შეკრებილ ქართლის აზნაურებს: ”ესე არს მკჳდრი ტაოსი, ქართლისა და აბხაზეთისა, შვილი და გაზრდილი ჩემი, და მე ვარ მოურავი ამისი და თანაშემწე; ამას დაემორჩილენით ყოველნი”. (”მატიანე ქართლისა”) დავით კურაპალატმა ქართლის დიდაზნაურებს ბაგრატისადმი მორჩილება უბრძანა, მისი მცირეწლოვანობის გამო კი თანაგამგებლად მამამისი გურგენი დაუნიშნა. ქართლის დიდაზნაურთა ერთი ნაწილისათვის მომხდარი ფაქტი მიუღებელი აღმოჩნდა. მათ კახეთიდან ლაშქარი დაიხმარეს, ბაგრატი მშობლებთან ერთად დაატყვევეს და კახეთში გადაიყვანეს. საქმის მოგვარება ისევ დავით კურაპალატმა ითავა. მისი ენერგიული ჩარევის შედეგად ტყვეები გაათავისუფლეს, უფლისციხე და ქართლი საგამგებლოდ ბაგრატის დედას, გურანდუხტ დედოფალს გადასცეს. იოანე მარუშისძის ხელის შეწყობითა და დავით კურაპალატის თანხმობით, ასევე დასავლეთ საქართველოს დიდაზნაურთა ნაწილის თხოვნით, ბაგრატი ქუთაისის ტახტს დაეუფლა; 980 წლიდან კი სრულწლოვანმა ბაგრატმა უკვე დამოუკიდებლად დაიწყო სამეფოს მართვა. ამავე წელს ბაგრატი დასავლეთ საქართველოდან ქართლში გადავიდა, რადგან აქ გურანდუხტ დედოფლის ხელისუფლება ნომინალური იყო, რეალურად მას ქართლის დიდი აზნაურები ტბელები, ძამელები, ფხვნელები, ფავნელები, კორინთლები განაგებდნენ. ბაგრატის წინააღმდეგ ბრძოლას ხელმძღვანელობდა ქავთარ ტბელი. მოღრისთან ბრძოლაში ბაგრატმა გაიმარჯვა, გურანდუხტისაგან ჩაიბარა უფლისციხე, ყველაფერი მოაგვარა და ისევ აფხაზეთში გადავიდა. ასე დაამკვიდრა და განამტკიცა ბაგრატ III-მ თავისი ძალაუფლება დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლში.

 

 

 

            წყაროები და სამენიერო ლიტერატურა:

1.         მატიანე ქართლისა. ქართლის ცხოვრება. ს.ყაუხჩიშვილისი გამოც. ტ. I. 1955.

2.         სუმბატ დავითის ძე. ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა. ქართლის ცხოვრება. ს.ყაუხჩიშვილისი გამოც. ტ. I. 1955.

3.         სტეფანოზ ტარონეცი (ასოღიკი). მსოფლიო ისტორია. პეტერბურგი 1885 (სომხურ ენაზე).

4.         არისტაკეს ლასტივერტეცი. ისტორია. ქართული თარგმანი გამოკვლევით, კომენტარებითა და საძიებლებით გამოსცა ე. ცაგარეიშვილმა. თბ. 1974

5.         სტეფანოს ორბელიანი. სისაკანის სახლის ისტორია. თბ. 1910 (სომხურ ენაზე)

6.         სტეფანოს ორბელიანის ”ჩხოვრება ორბელიანთას” ძველი ქართული თარგმანები. ქართულ-სომხური ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, შესავალი და საძიებლები დაურთო ე. ცაგარეიშვილმა. თბ. 1958.

7.         ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია  წ. II. თბ. 1965.

8.         საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტ. II. თბ. 1973.

 

 

 

 მოამზადა  ელენე  ცაგარეიშვილმა