მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

დავით  კურაპალატი

X . მეორე ნახევარი, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს (ტაო) მეფე

 

      დავით III კურაპალატი, ადარნასე III-ის ძე, ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენელი, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა X საუკუნეში (გარდაიცვალა 1001 წელს).

      ქართულ და უცხოენოვან (სომხური, ბიზანტიური, არაბული) წერილობით წყაროებში დავით კურაპალატი იხსენიება ერისთავთა-ერისთავად და მაგისტროსად (ოშკის საქტიტორო წარწერა), კურაპალატად (978 წლიდან), “ყოვლისა აღმოსავლეთისა კურაპალატად” (ოშკში გადაწერილი ხელნაწერი  “სამოთხე”). X-XII სს. სომეხი ისტორიკოსები (სტეფანოს ტარონეცი, არისტარკეს ლასტტივერტეცი, მათეოს ურჰაეცი) მას ძირითადადდიდ კურაპალატად~, `ტაოელთა კურაპალატად~ და `ქართველთა კურაპალატად~ მოიხსენიებენ. 994-1001 წლებში იგიქართველთა მეფის ტიტულს ატარებდა.

      საქართველოს სხვა ქართულ სამეფო-სამთავროთა შორის ტაოს სამეფოს განსაკუთრებული მდგომარეობა ეკავა. იგი ორად იყო გაყოფილი. ამიერ-ტაო ბაგრატ ქართველთა მეფეს ეკუთვნოდა, ხოლო იმიერ-ტაოს ჩრდილო ბასიანით, თორთომითა და სპერით X საუკუნის 60-იანი წლებიდან დავით კურაპალატი განაგებდა. სამხრეთ-დასავლეთიდან ტაოს სამეფოს უშუალოდ ბიზანტიის იმპერიის სამფლობელოები ემიჯნებოდა, საზღვარი მდინარე არაქსზე გადიოდა, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთიდან თურქული მოსახლეობით დასახლებული სომხეთის მიწები ესაზღვრებოდა.

მართალია, დავით კურაპალატს მხოლოდ იმიერტაო ეკუთვნოდამაგრამ ფაქტიურად იგი მთელი სამხრეთ საქართველოს ბატონ-პატრონი იყო. მან საკმაოდ გააფართოვა თავისი სამფლობელოს საზღვრები ტაო-კლარჯეთის სამხრეთით მდებარე იმ მიწების ხარჯზე, რომლებიც ადრე არაბებს ჰქონდათ დაპყრობილი. ბიზანტია იძულებული იყო ეს მიწები ქართველთა სამფლობელოდ ეცნო. ვარაუდობენ, რომ ამ მოვლენასთანაა დაკავშირებული დავითის ტიტულატურაშიყოვლისა აღმოსავლეთისა კურაპალატისგაჩენა

X . შუა ხანებიდან ბიზანტიამ გარკვეულ წარმატებებს მიაღწია არაბთა წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ X საუკუნის 70-იან წლებში შიდა დაპირისპირებებმა იმდენად დაასუსტა იმპერია, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა დახმარებისათვის დავით კურაპალატისათვის მიემართა. საქმე ეხება ბარდა სკლიაროსის აჯანყებას, რომელმაც ბიზანტიის აღმოსავლური პროვინციები მთლიანად მოიცვა. სკლიაროსმა დაიკავა ბიზანტიის აღმოსავლეთის ყველა სტრატეგიული პუნქტი, გადაკეტა კონსტანტინოპოლთან მიმავალი საზღვაო გზები. სკლიაროსი საფრთხეს უქმნიდა დავით კურაპალატის სამფლობელოს სამხრეთ საზღვრებს.

სტეფანოს ტორონეცი თავის `მსოფლიო ისტორია~-ში საკმაოდ ვრცლად აღწერს ბარდა სკლიაროსის აჯანყებას 979 . მისი გადმოცემით, ბერძენთა კეისარმა ბასილიმ გამოიძახა ქართველი ბერი იოანე-თორნიკე და წარგზავნა ტაოელთა კურაპალატთან დავითთან, რომელსაც აღუთქვა კარინის ოლქის, სამხრეთ ბასიანის, ჩორმაირის თემის, მარდაღში პატარა ციხე სევუკის, ჰაქსის და აპაჰუნიქის გადაცემა (ქართული წყაროებითზემონი ქუეყანანი”), თუკი მას დავითი ჯარს გაუგზავნიდა დასახმარებლად. ამ პროვინციების ბოძებას ბიზანტია დავითს შეჰპირდა არა სამუდამოდ, არამედ მხოლოდ მისი სიცოცხლის განმავლობაშითავისა სიცოცხლესა ჰქონდიან”.

ბიზანტიის მოწოდება სრულიად ეთანხმებოდა ტაოს მეფის ინტერესებს. დავითკურაპალატმა ბიზანტიელებს დასახმარებლად გაუგზავნა 12000 მეომარი იოანე-თორნიკეს სარდლობით და ბრწყინვალე გამარჯვებაც მოიპოვა. ბიზანტიის ხელისუფლებამ პირობა შეასრულა და დავით კურაპალატს დაპირებული მიწები გადასცა

მაგრამ ბარდა სკლიაროსის დამარცხებიდან ექვსი წლის შემდეგ დავით კურაპალატს უკვე ვეღარ ვხედავთ ბიზანტიელთა მოკავშირედ. ვარაუდობენ, რომ დავითს ბიზანტიისაგან დროებით მიღებული მიწების ტაოს სამეფოსათვის შემოერთება სურდა და ამიტომაც მიემხრო ბარდა ფოკას, ფოკას რომელიც 987 წელს იმპერატორს აუჯანყდა. როგორც იაჰია ანტიოქიელი გადმოგვცემს, დავით კურაპალატმა მონაწილეობა მიიღო ბიზანტიის საიმპერიო ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ბარდა ფოკას აჯანყებაში. დავითს ფოკასთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა და ეტყობა, მისგანზემო ქვეყნებისმიღების პირობაც მიიღო. ფოკას აჯანყება დამარცხდა. ბასილი II-, რომელმაც, იაჰია ანტიოქიელის ცნობით, დავითის სიკვდილით დასჯაც მოინდომა, მაგრამ დავითმა პატიება ითხოვა.

დავით კურაპალატი თანამედროვეთა თვალში მნიშვნელოვან ძალად ითვლებოდა, რომელიც მეზობელ სამეფო-სამთავროების შინაური საქმეების მოწესრიგებაშიც იღებდა აქტიურ მონაწილეობას. იგი ბრძოლას აწარმოებდა მაჰმადიან მფლობელთაგან ქართული და სომხური მიწების გასათავისუფლებლად. მასთან ერთად იბრძოდნენ ქართველთა მეფე ბაგრატ III, სომეხთა მეფეები _ ვანანდის მეფე აბასი, ანისის მეფე გაგიკ I. 990 წელს დავით კურაპალატმა აიღო მანაზკერტი, ხლათს კი ალყა შემოარტყა. მან დაამარცხა მაჰმადიანთა კოალიციური ლაშქარი და მათგან გათავისუფლებულ მიწა-წყალზე ქართველები და სომხები დაასახლა.

მართალია, დავით კურაპალატი ატარებდა ბიზანტიის საკარისკაცო ტიტულებს და ნომინალურად დამოკიდებული იყო ბიზანტიაზე, მაგრამ ყოველ თავის მოქმედებაში, უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობდა საკუთარი ქვეყნის ინტერესებით და არა ბიზანტიის იმპერიის საჭიროებებით.

ბასილი კეისართან ადრინდელი, შედარებით კეთილგანწყობილების შეცვლამ მტრული დამოკიდებულებით გარკვეული როლი ითამაშა დავით კურაპალატის სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდზე და მის აღსასრულზედაც. ბასილი კეისარმა აიძულა დავით კურაპალატი ანდერძით დაედასტურებინა თავისი სიკვდილის შემდეგზემო ქვეყნებისბიზანტიისათვის დაბრუნების პირობა. ეტოვებინა. ქართულ წყაროებში ძალიან მოკლედ არის აღნიშნული დავითის გარდაცვალების ამბავი და არაფერია თქმული მისი აღსასრულის გარემოებათა შესახებ. ქართული წყაროებისაგან განსხვავებით, სომხურ საისტორიო წყაროებში (სტეფანოს ტარონეცი, ლასტივერტეცი, მათეოს ურჰაეცი, სუმბატ სპარაპეტი) მითითებულია, რომ დავით კურაპალატი ბუნებრივი სიკვდილით კი არ მომკვდარა, არამედ იგი ფარულად მოკლეს. სომხურ საისტორიო წყაროთაგან დავითის დაღუპვის შესახებ პირველად მიუთითა არისტაკეს ლასტივერტეციმ, რომელმაც აღნიშნა, რომ დავითი კი არ მომკვდარა, არამედ მოახრჩვეს. არისტაკესის ცნობით, რუსებთან ბერძნებისა და ტაოელ აზნაურთა შეტაკების დროს `იმავე ადგილას აზნაურთანგან ფრიად საპატიო ოცდაათი კაცი დაიღუპა. ეს მათ ტყუილუბრალოდ არ შემთხვევიათ, რადგანაც მათ დიდ ხუთშაბათს სასიკვდილო წამალი შეურიეს საიდუმლო მსხვერპლს, შეასვეს მას და მით მოახრჩვეს ნეტარი არსება. ასე განაშორეს იგი სიცოცხლეს. მათ მობეზრდათ მისი არსებობა (ყოველივე ეს გააკეთეს) იმ დაპირებებისათვის, რომელსაც მეფისაგან მოელოდნენ. ამისათვის ღმერთმა სამართლიანად მოუზღო (აზნაურებს) მათი საქმეების შესაფერისად~. უფრო ვრცელი ვარიანტი დავით კურაპალატის მკვლელობის ამბისა XII საუკუნის სომეხ ისტორიკოსის მათეოს ურჰაეცის აქვს დაცული თავის `ჟამთააღმწერლობაში”. მას ამ საქმის შემსრულებელიც კი ჰყავს დასახელებული _ ეპისკოპოსი ილარიონი, რომელმაც მძინარე დავითი, მისსავე ოთახში ბალიშით მოახრჩო.

დავით კურაპალატის მოკვლის ბუნდოვანებით მოცული ისტორიის გასარკვევად აუცილებელია ბიზანტიასთან საქართველოს ურთიერთობის პირობებში ტაოს აზნაურთა ორიენტაციის გათვალისწინება, რადგანაც, სომხური წყაროების თანახმად, დავითი სწორედ მათ მიერ ჩადენილი ბოროტმოქმედების მსხვერპლი შეიქნა. როგორც ცნობილია, X-XI საუკუნეებში არაერთი ქართველი დიდებული, ბიზანტიის ხელისუფალთაგან მოსყიდულ-გადაბირებული, ბიზანტიის მხარეს იჭერდა და ამით უადვილებდა აგრესორს ქართული მიწა-წყლის დაპყრობას. სწორედ ანალოგიურ შემთხვევასთან უნდა გვქონდეს საქმე დავით კურაპალატის მკვლელობისას. არისტაკეს ლასტივერტეცისთან პირდაპირაა მითითებული: `მათ მობეზრდათ მისი არსებობა. (ყოველივე) ეს გააკეთეს იმ დაპირებებისათვის, რომელსაც მეფისაგან მოელოდნენ”. საფიქრებელია, სწორედ ამ დაპირებებით გაბრიყვებულმა ტაოს აზნაურთა გარკვეულმა ჯგუფმა შეუვალობისა თუ პრივილეგიური მდგომარეობის მოპოვების იმედით, ბიზანტიის ინტერესების დაცვისათვის საკუთარი მეფის მოკვლაშიც კი მიიღო მონაწილეობა.

აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ იმიერტაოს ხელისუფლის განკარგულებაში გადმოსულ ოლქებსა და ქალაქებს, რომლებიც მნიშვნელოვან სავაჭრო გზებზე მდებარეობდნენ, ხელი შეუწყვეს სახელმწიფო სალაროს შემოსავლის გაზრდას. ამან კი თავის მხრივ განაპირობა იმიერ-ტაოს ეკონომიკური მომძლავრება და საქალაქო ცხოვრების განვითარება. ბიზანტიის მმართველ წრეებს მიზნად ჰქონდათ დასახული ამ დროისათვის დასუსტებული სომხეთის სამეფო-სამთავროების დაპყრობა. თავის მხრივ, დავითმა ანის-შირაკის გამგებელს დაათმობინა მნიშვნელოვანი შატიკის ციხე-სიმაგრე, რომელიც თავის ვასალს, ყარს-ვანანდის მეფეს, გადასცა. ისიც აღსანიშნავია, რომ თითქმის მთელი სომხეთის მეფე-მთავრებზე დავით კურაპალატის ძალა და გავლენა იყო გავრცელებული. რა თქა უნდა, ბიზანტია ასე ადვილად ვერ შეეგუებოდა დავითის სწრაფვას ამიერკავკასიაში გავლენის გაზრდისაკენ. ბასილი კეისარმა  ისიც კარგად იცოდა, რომ დავით კურაპალატი მისი ერთგული ვასალი არასოდეს არ იქნებოდა, ამიტომ მან მხარი დაუჭირა და წააქეზა ბოროტმოქმედებისაკენ თვით ტაოს ტერიტორიაზე შექმნილი დაჯგუფება აზნაურებისა, რომლებიც თავიანთი სეპარატისტული მისწრაფებებით დაუპირისპირდნენ ტაოს სამეფო ხელისუფლებას.

ბიზანტიის კეისარი შესაფერის მომენტს ეძებდა მის მიერ დავით კურაპალატისათვის ბოძებული მიწა-წყლის კვლავ უკან დასაბრუნებლად. ამის განხორციელებას კი იგი დავითის სიკვდილის შემდეგ თუ შესძლებდა. ზემოთ დსასახელებულ გარემოებათა გათვალისწინების შემდეგ, ვფიქრობთ, სინამდვილისაგან არც თუ ისე შორს უნდა იყოს სომეხ ისტორიკოსთა ცნობები დავით კურაპალატის მოკვლის შესახებ.

როგორც ცნობილია, დავით კურაპალატის ცხოვრება-მოღვაწეობის ბოლო პერიოდში, X საუკუნის 70-იან წლებში, ქართველი ერი ისეთი მნიშვნელოვანი ისტორიული აქტის განხორციელების წინაშე დადგა, როგორიცაა საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება. ეს აქტი შემზადებული იყო ქართული სამეფო-სამტავროების პოლიტიკურ-ეკონომიკური თუ სოციალურ-კულტურული განვითარებით. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს ჩამოყალიბება დაკავშირებული იყო X საუკუნის II ნახევარსა და XI საუკუნის დასაწყისში ამიერკავკასიასა და მახლობელ აღმოსავლეთში შექმნილ საგარეო-პოლიტიკურ ვითარებასთან.

ამ მნიშვნელოვანი აქტის განხორციელების იდეური ხელმძღვანელი ქართლის ერისთავი იოანე მარუშისძე იყო. მან სავსებით სწორად განჭვრიტა აღნიშნული პერიოდისათვის შიდა ქართლისათვის ბრძოლის გამძაფრების საშიშროება, ქართველ მეფე-მთავართა შორის გამოარჩია ყველაზე გავლენიანი, ძლიერი მოღვაწე დავით კურაპალატი და შესთავაზა ან თვითონ დაუფლებოდა ქართლს, ან, როგორც `მატიანე ქართლისა გვაუწყებს, `უბოძოს ბაგრატს, ძესა გურგენისსა, ასულის წულსა გიორგი აფხაზთა მეფისასა, რომელსა ეყოფოდა დედულად აფხაზეთი და ქართლი...” დავით კურაპალატის ჩარევამ ქართლში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში თავისი შვილობილის, ბაგრატ III-ის სასარგებლოდ, საბოლოოდ გადაწყვიტა  ფეოდალური საქართველოს გაერთიანების პრობლემადავითმა  შემოიკრიბნა აზნაურნი და უბრძანა: `ესე არს მკიდრი ტაოსი, ქართლისა და აფხაზეთისა, შვილი და გაზრდილი ჩემი და მე ვარ მოურავი ამისი და თანაშემწე, ამას დაემორჩილენით ყოველნი (მატიანე ქართლისა). დავით კურაპალატმა უდიდესი როლი შეასრულა ფეოდალური საქართველოს პოლიტიკურ გაერთიანებაში.

განსაკუთრებით საყურადღებოა დავით კურაპალატის აღმშენებლობა და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა. მისი აგებულია ტაოს დიდებული ტაძრები: ოშკი და ოთხთა ეკლესია, რომლებიც განთქმულ სასწავლო საგანმანათლებლო ცენტრებს წარმოადგენდნენ. დავით კურაპალატს  გამუდმებული ურთიერთობა ჰქონდა ათონზე მოღვაწე ქართველ მამებთან. როგორც ცნობილია, ეფთვიმე ათონელმა ქართულად თარგმნილი `მრავალნი წიგნნი წარცნეს წინაშე დავით კურაპალატისა, და დავით კურაპალატი ზედასზედა მოუწერნ, რათა თარგმნიდეს და წარსცმიდეს. დავითმა თავადაც  გააგზავნა ათონზე ერთი მწიგნობარი, მამა იორდანე, ხელნაწერების გადასაწერად.

დავით კურაპალატის დროს კვლავ აღდგა ქართული მონეტის გამოშვება (წარწერით: `ქე, შეიწყალე დავით კურაპალატი), რომელიც არაბთა ბატონობის დროს დროებით შეწყვეტილი იყო.

დავით III კურაპალატმა თავისი სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური და საგანმანათლებლო-კულტურული მოღვაწეობით გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა საქართველოს ისტორიაში.

      შენიშვნა: დავით კურაპალატის ქართული წარმომავლობა და ტაოს მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა საკამათოდ არის ქცეული სომხურ ისტორიოგრაფიაში. `სომხური ენციკლოპედიის III ტომში დავით კურაპალატისადმი მიძღვნილ სტატიაში იგი იწოდება ტაოსა და კლარჯეთის ბაგრატუნ მთავრად. იმავე სომხური ენციკლოპედიის XI ტომში `ტაოს საკურაპალატო  სომხურ მხარედ არის წარმოდგენილი, ხოლო დავითი ბაგრატუნთა დროის კურაპალატად. სულ ახლახანს მოსკოვში გამოცემულПравославная энциклопедия” III ტომში სტატიაშიАрмения искусство армян халкидонитов ტაოს ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლები ბაგრატუნთა ეპოქაში დავით კურაპალატ ბაგრატუნის გამგებლობის დროს შექმნილ სომხურ ხუროთმოძღვრულ ძეგლებად არის გამოცხადებული. ყოველგვარი საბუთიანობის გარეშე სომეხ მკვლევარებს სურთ ამტკიცონ, რომ ტაოს ხუროთმოძღვრული ძეგლები შექმნილია სომეხ ქალკედონელთა მიერ.

ჯერ კიდევ 1947 წელს აკად. სიმონ ჯანაშიამ ამხილა რუსი ავტორის . ტოკარსკის ნაშრომისАрхитектура древней Армении მიზანი _ მთელი სამხრეთ საქართველო, მოსახლეობის ეთნიკური შედგენილობით, კონფესიონალობითა და კულტურით უცხო ეროვნულ, კერძოდ, სომხურ სამყაროდ წარმოაჩინოს ყოველგვარი ფაქტების, მოსაზრებებისა და წერილობითი წყაროების მონაცემთა გაუთვალისწინებლად.

 

 

წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:


1. გიორგი მთაწმინდელი, ცხორებაი იოვანესი და ეფთვიმესი/ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ზეგლები, წ. 2,ილია აბულაზის რედაქტორობით, თბილისი, 1967.
2. მატიანე ქართლისაი/ქართლის ცხოვრება, ტ. I, ს. ყაუხჩიშვილის რედაქტორობით, თბილისი, 1955.
3. სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეტის ბაგრატიონმთა სესახებ, ე. თაყაიშვილის გამოცემა, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 27,თბილისი, 1949.
4. ბასილი კესარიელის “სწავლათა” ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი (ანდერძი), გამოსაცემად მოამზადა ც.ქურციკიძემ, თბ. 1983.
5. თ. ჟორდანია, ქრონიკები I, ტფილისი, 1893.
6. ს. კაკაბაძე, ზარზმის ცნობილი წარწერა/ საისტორიო მოამბე, 1925, წიგნი I.
7. სტეფანოს ტარონეცი (ასოღიკი), მსოფლიო იდტორია, პეტერბურგი, 1885 (სომხ. ენაზე);
8. Император Василий Болгаробойца, Извлечения из летописи Яхии Антийохийского, изд.В.Р.Розена,СПб.1883.
9. არისტარკეს ლასტივერტეცი, ისტორია, ქართული ტარგმანი გამოკვლევით კომენტარებითა და საძიებლებით გამოსცა ე. ცაგარეიშვილმა, თბილისი, 1974.
10. მათეოს ურჰაეცი, ჟამთააღმწერლობა, ვაღარშაპატი, 1898 (სომხ. ენაზე).
11. გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქარტველოს შესახებ, ტ. IV-2, V, 1963, VI, 1966, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა;
12. კონსტანტინე პორფიროგენეტი, გეორგიკა IV,2;
13. Анна Комнина, Алексиада, М. 1965.
14. ისთახრი, ჰოდუდ ალ-ალემი ჰამდალაჰ ყაზვინი, თარგმანი შენიშვნებით და საძიებლითურთ ვ. ფუთურიძისა, თბილისი, 1937.
15. ლიტერატურა:
16. Православная энциклопедия, под ред. патриархаМосковского и всея Руси Алексея 2-го,т.3 М. 2001
17. ე. მეტრეველი, ნარკვევები ათონის კულტურულ-საგანმანათლბლო კერის ისტორიიდან, თბილისი, 1996
18. Н.Ю.Ломоури, К истории восстания Варды Склира, თსუ შრომები, N 67, 1957.
19. ნ. ბერძენიშვილი, ივ.ჯავახიშვილი,ს. ჯანაშია, საქართველოს ისტორია, ნაწ.I,თბილისი, 1948;
20. ივ.ჯავახისვილი, ქართველი ერის ისტორია II, თბილისი, 1948.
21. გ.მელიქიშვილი, ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება და საქართველოში ფეოდალურ ურთიერთობათა განვითარების ზოგიერთი საკითხი, თბილისი, 1973.
22. ა.აბდალაძე, ამიერკავკასიის პოლიტიკურ ერტეულთა ურთიერტობა IX-XI საუკუნეებში, თბილისი, 1988.
23. ზ.პაპასქირი, ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს წარმოქმნა და საქართველოს საგარეო-პოლიტიკური მდგომარეობის ზოგიერთი საკითხი, თბილისი, 1990.
24. ც.ქურციკიძე, ათონზე გადაწერილი ერთი ხელნაწერის შესასხებ/მწიგნობარი, თბილისი, 1980;
25. დ.კაპანაძე, ქართული ნუმიზმატიკა,თბილისი, 1950.
26. Г.Чубинашвили,Золотых дел мастера Асата работа для Таойсского владетеля Давида/მუზეუმის მოამბეXV-B, 1948.
27. ნ. ბერძენიშვილი, კლასობრივი და შიანკლასობრივი ბრძოლის გამოვლინება საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ ურთიერთობაში/საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ.II,თბილისი, 1965.
28. საქართველო IV_X საუკუნეებში, თბილისი, 1973.
29. მ. ლორთქიფანიძე, ფეოდალური საქარტველოს პოლიტიკური გაერთიანება, ტბილისი, 1963.
30. История Византии, 2, 1967.
31. შ. ბადრიძე, ქართველთა სამეფოს პოლიტიკური სტრუქტურის ისტორიიდან/თსუ შრომებიN113, 1965.
32. К.Ган,Известия древних греческих и римских писателей о Кавказе,ч. 2,1890,
33. С.Н.Джанашиа, Об одном примере искажения исторической правдыб Тбилиси,1947.
34. ვ.კოპალიანი, ამიერკავკასიის ხალხთა ურთიერთობის წარსულიდან, თბილისი, 1962;
35. А.Хаханов, Оченки по истории грузинской словесности, вып.2,1897.
36. Н.Скабаланович, Византийское государство и церრовь в 9 веке, 1884.
37. История армянского народа,ч.1. 1951.
38. ე. ცაგარეიშვილი, ზოგი რამ დავით კურაპალატის სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ/მრავალთავი, ტ.XX, თბილისი, 2003.
39. მ. გაბაშვილი, დავით კურაპალატის გარდაცვალების საიდუმლოება და მისი მისი პოლიტიკური მოტივე, კრ. ნოდარ შჲნგელია 75, თბილისი, 2008, გვ. 97-119.

 



                                                                                                                                                                     მოამზადა ელენე ცაგარეიშვილმა

 

 

დავით კურაპალატი

X ს. ოშკი