მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

სულხან თუმანიშვილი,  XVIII-XIXსს.

ერეკლე II-ის კარის მდივანი, დიპლომატი, XVIII საუკუნის მეორე ნახევარი -XIX საუკუნის 10-იანი წლები.

 

 

 

სულხან თუმანიშვილი წარმომადგენელია თუმანიშვილთა საგვარეულოსი, რომელიც გვიანდელი შუასაუკუნეების საქართველოში  გამოირჩეოდა შეძლებითა და სწავლისმოყვარეობითთუმანიშვილებს მამულები ჰქონდათ შიდა ქართლში, სასახლე თბილისში, ეკუთვნოდათ შემოსავლის წილი  საქალაქო ბაჟიდან, სხვა სავაჭრო ნედლეულიდან.

თუმანიშვილთა ოჯახი ქართლის სამეფო კარზე მემკვიდრეობით ფლობდა მდივნის თანამდებობას. სულხანი იყო შვილი გორჯასპ თუმანიშვილისა, რომელიც ასევე ქართლის სამეფო კარის მდივანი (იურისტი) იყო. ეს თანამდებობა ეკავა თავად სულხანსაც ერეკლე მეორის კარზე. სულხანი აღიზარდა იმ დროს, როდესაც ქართლ-კახეთში სასკოლო საქმე გამოცოცხლდა. ამიტომ სულხანს იმდროინდელი პირობების კვალობაზე საკმაოდ კარგი განათლება ჰქონდა მიღებული.

სულხან თუმანიშვილი ერთ-ერთი იყო იმ ქართველ სახელმწიფო მოღვაწეთაგან, ვინც ემხრობოდა რუსეთის მფარველობის ქვეშ შესვლას. ტრაქტატის დადებამდე ცოტა ხნით ადრე პეტრე პოტიომკინი ერეკლეს უთვლიდა, რომ ორი რწმუნებული გაეგზავნა გეორგიევსკის ციხეში. ერეკლემ თავდაპირველად სრულუფლებიან წარმომადგენლებად ოტია ანდრონიკაშვილი და სულხან თუმანიშვილი დანიშნა, შემდეგ შეცვალა თავისი არჩევანი და იოანე ბაგრატიონსა და გარსევან ჭავჭავაძეს მიანიჭა უპირატესობატრაქტატის დადებიდან სულ მალე ერეკლემ მაინც გაგზავნა გეორგიევსკში მყოფ გრიგოლ პოტიომკინთან სულხან თუმანიშვილი, რათა გადაეცა თავისი მოთხოვნა  ტრაქტატში მეფედ კურთხევის წესის შეტანის შესახებ.

როგორც პეტრე პოტიომკინის ერეკლესადმი მიწერილი წერილებიდან ჩანსსულხან ბარათაშვილს გრიგოლ პოტიომკინზე, რომელიც დიდი ყურადღებით ეკიდებოდა ერეკლეს მიერ გამოგზავნილ ქართველ დიპლომატებს, საუკეთესო შთაბეჭდილება მოუხდენია და იგი თან წაუყვანია პეტერბურგს. 1783 წლის 7 ოქტომბერს გრიგოლ პოტიომკინი წერილობით ატყობინებს იმპერატორ ეკატერინეს ერეკლეს თხოვნის შესახებ და, ამასთანავე, ქებით იხსენიებს სულხან თუმანიშვილს, როგორც განათლებულ და ნიჭიერ ადამიანს. თუმანიშვილს აცნობეს, რომ ერეკლეს თხოვნა იმპერატორის მიერ შეწყნარებული იქნებოდა და პეტერბურგიდან გამოისტუმრეს. უკანა გზაზე თუმანიშვილი კავკასიის ხაზზე ეწვევა პეტრე პოტიომკინს, რომელიც მას ერეკლესთან წერილებს ატანს.

ამასობაში ქართლ-კახეთის მდგომარეობა გართულდა. ირანი აშკარად ემზადებოდა საქართველოს  დასასჯელად, რუსეთი კი დაპირებულ სამხედრო დახმარებას არ აგზავნიდა. ერეკლე იძიულებული გახდა მთელ რიგ დათმობებზე წასულიყო: 1786 წელს ახალცხის ფაშასთან მოლაპარაკებები დაეწყო. პარალელურად ამისა, კავკასიის ხაზზე პოტიომკინთან გააგზავნა სულხან თუმანიშვილი, რათა მისთვის მოლაპარაკებების შინაარსი გაეცნო. ამავე დროს უკან გამოიწვია ქართლ-კახეთის სრულუფლებიანი ელჩი გარსევან ჭავჭავაძე. ერეკლეს მოთხოვნა ელჩის გამოწვევის შესახებ რუსეთის მთავრობამ მხოლოდ ორი წლის შემდეგ დააკმაყოფილა. 1788 წლიდან 1792 წლამდე ერეკლეს წარდგენით, თავის წარმომადგენლად რუსეთში სულხან თუმანიშვილი იმყოფებოდა. თუმანიშვილი გრიგოლ პოტიომკინთან ერთად მოძრაობდა ხან კრემენჩუგში, ხან ელისაბედგრადში, ხან იასაში.

1787-1791 წლებში რუსეთ-თურქეთის ახალი ომი მიმდინარეობდა. ერეკლე შეეცადა თავისი წინადადება შეეტანა მომავალ საზავო ხელშეკრულებაში. 1788 წლის მაისის დასაწყისში კანცლერ გრაფ ბეზბოროდსკის  სულხან თუმანიშვილმა წარუდგინა ერეკლე მეფის მოთხოვნები: მომავალ საზავო ხელშეკრულებაში რუსეთს უნდა შეეტანა ახალციხის საფაშოს ქართლ-კახეთისათვის დაბრუნების მოთხოვნა, ხოლო აჭარისა _ იმერეთისაათვის, “როგორც ეს იყო ძველად”. თუ ეს ვერ მოხერხდეოდა, მაშინ ოსმალეთს ქართლისათვის ზარალი მაინც უნდა აენაზღაურებინა; ერეკლე ატყობინებდა რუსეთის ხელისუფალთ, რომ აღა მაჰმად-ხანი ქართლის საზღვართან ჯარს აგროვებდა და სასწრაფოდ საჭიროებდა დახმარებას ჯარით ან ფულადი სახსრებით, რათა თვითონ დაექირავებინა დამხმარე ძალა; საბოლოოდ ერეკლე ითხოვდა საქართველოსთან ტრაქტატის დადების დროს ნაჩუქარი ზარბაზნების ადგილზე ჩამოტანას. მსგავსი შინაარსის წერილი, ერეკლეს დავალებით, 1788 წლის 22 მაისს სულხან თუმანიშვილმა ქალაქ ელისაბედგრადიდან გაუგზავნა ვიცე-კანცლერ გრაფ ოსტერმანისადმი. წერილში ერეკლეს მოთხოვნა მკაფიოდ იყო ჩამოყალიბებული: ქართლ-კახეთში გამოსაგზავნი ბატალიონების რაოდენობა გაორმაგებულიყო; თუ ირანი ერეკლეს საწინააღმდეგო სამხედრო მოქმედებებს წამოიწყებდა, ერეკლეს უნდა მისცემოდა საპასუხო ზომების გატარების უფლება, ისე რომ ეს საწყენად არ მიეღო არც რუსეთს, არც თურქეთს; ზავის დადების დროს საქართველოს უნდა ანაზღაურებოდა ახალციხის ფაშისაგან მიყენებული ზარალი; გარდა ამისა, მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად ელჩი თხულობდა ფულად დახმარებას; ამავე დროს ატყობინებდა ვიცე-კანცლერს, რომ თურქეთი დიდ ფულს ხარჯავდა საქართველოს მეზობლების წასაქეზებლად, რათა დაეპყროთ ქართლ-კახეთი და მოითხოვდა ზომების დროულ მიღებას.

თუმანიშვილი არაერთგზის შეახსენებდა რუს დიპლომატებს, რომ საქართველო დიდი საფრთხის წინაშე იდგა და დახმარების გადადება მისთვის დამღუპველი იქნებოდა. პასუხი აყოვნებდა.  1789 წელს სულხან თუმანიშვილი  კრემენჩუგშია. აქ იმყოფებიან ამ დროს იმერეთის ელჩი ბესარიონ გაბაშვილი, ერეკლეს ვაჟი თეიმურაზ (ანტონ მეორე) ბატონიშვილი და გაიოზ არქიმანდრიტი. აქ იღებს ბესიკი მოსკოვში მყოფი მაქსიმე აბაშიძის წერილს, რომელშიც მაქსიმე სულხანს მეგობრულ მოკითხვას უთვლის. წერილიდან ჩანს, რომ ქართლ-კახეთისა და იმერეთის ელჩობებს ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ და შეთანხმებულად მოქმედების სურვილი ამოძრავებდათროგორც ჩანს, პასუხის მოლოდინში სულხან თუმანიშვილი პოტიომკინს იასაში წაჰყვა, სადაც მისი რეზიდენცია იყო. აქვე ჩავიდა იმერეთის ელჩობა. იასაში თუმანიშვილმა ორწელიწადნახევარი დაჰყო. რუსეთ-თურქეთის ომის დასრულებამდე სულხან თუმანიშვილმა ერთხელ კიდევ შეახსენა რუს დიპლომატებს ერეკლეს მოთხოვნა სამცხე-საათაბაგოს და აჭარის საქართველოსათვის დაბრუნების შესახებ.

1791 წელს რუსეთ-თურქეთის ომი დასრულდა. საზავო ხელშეკრულება გაფორმდა ქალაქ იასაში. ქართველი დიპლომატების დაჟინებული მოთხოვნა მხარეებმა, მართალია, არ გაითვალისწინეს, მაგრამ საზავო ხელშეკრულებაში ჩაიდო საქართველოსათვის მცირედი, მაგრამ მაინც  სასიკეთო გადაწყვეტილება _ საზავო ხელშეკრულების მეხუთე მუხლის თანახმად, თურქეთი პირობას დებდა, რომ არც ღიად, არც ფარულად არ ჩაერეოდა ქართლ-კახეთის საქმეებში. ეს იყო სულხან თუმანიშვილის დაჟინებული დიპლომატიური საქმიანობის შედეგი.

 სამშობლოში დაბრუნების მოლოდინში  სულხან თუმანიშვილი იასაში დიდ მატერიალურ შეჭირვებაში ცხოვრობდა. 1793 წელს, პოტიომკინის გარდაცვალების შემდეგ, იგი სამობლოში დაბრუნდა. ერეკლემ იგი მის ძველ თანამდებობაზე აღადგინა.

 

 

 

        წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.     . ცინცაძე, 1783 წლის მფარველობითი ტრაქტატი, თბილისი, 1960.

2.     . ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, II, თბილისი, 1965.

3.     . ცქიტიშვილი, საქართველოს სახელმწიფო მოღვაწენი XVIII . II ნახევარი_XIX . დამდეგი, მეცნიერება, 1980.

 

 

მოამზადა ანა ბაქრაძემ