მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

ომან ხერხეულიძე, XVIII .-ის II ნახევარი

ერეკლე II-ის კარის ისტორიკოსი 

 

 

 

      ომან ხერხეულიძე ქართლ-კახეთის მსხვილი ფეოდალური საგვარეულოს წარმომადგენელი იყო. ერეკლე II-ის კარზე მას მდივანბეგის თანამდებობა ეკავა.

      ომან ხერხეულიძის ბიოგრაფია თითქმის სრულიად უცნობია. იგი მოესწრო აღამაჰმად-ხანის შემოსევას 1795 წელს, აგრეთვე ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთებასაც. ომან ხერხეულიძე XIX საუკუნის დამდეგს რუს ხელისუფალთა მიერ შედგენილ მდივანბეგთა სიაშიც არის მოხსენებული. მისი ისტორიული თხზულებამეფობა ირაკლი მეორისა, მეფის თეიმურაზის ძისა”, რომელიც ქრონოლოგიურად 1722-1782 წლებით შემოიფარგლება, 1795 წელს უნდა იყოს შექმნილი და გადმოგვცემს უმთავრესად მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფაქტებსა და მოვლენებს.

      ომან ხერხეულიძის თხზულება ძირითადად მისდევს მის თანამედროვე ისტორიკოსთა, სეხნია ჩხეიძისა და პაპუნა ორბელიანის ნაშრომებს.

      ომან ხერხეულიძე თავის თხზულებაში განსაკუთრებით დაწვრილებით და მკითხველისათვის საყურადღებოდ წარმოადგენს ერეკლე II-ის  მოღვაწეობის ორ ძირითად მომენტს: ჯერ ერთი როგორი შრომით მიიღო მან ქართლის მეფობა და მეორე როგორ მოახერხა ქართლ-კახეთის სამეფოს გაერთიანება. ერეკლე II-ის მოღვაწეობის აღწერა ისტორიკოსს მეფის სიცოცხლის ბოლო პერიოდამდე არ აქვს მიყვანილი. თხრობას იგი 1780 წლის შემდგომი რამდენიმე წლის ამბების გადმოცემით ამთავრებს. ამის მიზეზად ომან ხერხეულიძე შემდეგ გარემოებას ასახელებს: “ხოლო რომელნიცა მოიწია მას ზედა ჟამსა ღრმად მოხუცებისა მისისა საქმე უბედურებითი, და მოვიდა აღამამად-ხან და აღაოხრა ტფილისი, მისთვის არარა დამიწერიეს ჯერეთ, ვინათგან მიზეზნი და ვითარებანი განვრცელდებიან”.

      ისტორიკოსს თავის თხზულებაში ქართლის მხოლოდ 60 წლის ისტორია (1722-1780 წწ.) 25 გვერდზე აქვს გადმოცემული. როგორც ივ. ჯავახიშვილი შენიშნავს, ომან ხერხეულიძეც გრძნობდა, რომ 60 წლის ისტორიის აღსაწერად 25 გვერდი საკმაოდ მცირე იყო და ამიტომაც თავის ნაწარმოებსშემოკლებული ისტორიაუწოდა. მისივე მითითებით, ისტორიკოსს ერეკლე II მოღვაწეობასმენითა და მეხსიერებითა კაცთაგან ცნობითა აღვსწერეო”.

      როგორც ირკვევა, ომან ხერხეულიძეს სეხნია ჩხეიძისა და პაპუნა ორბელიანის ნაწარმოებებით უსარგებლია. მას ერეკლე მეფის ცხოვრება-მოღვაწეობის ამსახველი ყველა ცნობის თავის თხზულებაში შეტანა საჭიროდ არ მიუჩნევია. იგი პირდაპირ აცხადებს: “ესევითარნი გამარჯვებანი ირაკლი მეფისაგან უანგარიშონი არიან ამათ ყოველივე ვერ მოვიხსენეთ, არამედ იგი აღვრიცხეთ, რომელიც ღირსად ხსოვნისა იყო და სხვანი მრავალნი გამარჯვებაები დავიდუმეთ”.

      ომან ხერხეულიძის ნაშრომი გამოირჩევა ქრონოლოგიის სიუხვით. ისიც აღსანიშნავია, რომ თარიღები თითო-ოროლას გამოკლებით ქორონიკონით კი არ არის მითითებული, არამედ აღნიშვნითშობითგან ქრისტესით”.

      ომან ხერხეულიძე თხზულების სათაურშივე აღნიშნავს, რომ იგი წერს ერეკლე მეფის ისტორიას. ისტორიკოსი ერეკლე II-ის მხოლოდ დადებით თვისებებს ჩამოთვლის: მამაცობას, ქვეყნისათვის თავდადებას, რჯულის ერთგულებას. როგორც ისტორიკოსი აღნიშნავს, ირანში ყოფნისას, როდესაც ნადირ-შაჰმა მას გამაჰმადიანება მოსთხოვა, ერეკლემწლითა და დღითა ყრმამან, ხოლო გონებითა ბრძენმან, უპასუხა: “ჩემი სიკვდილი შესაძლებელ არს და სულისა ვერვის ძალ-უძსო და არც მე გავმაჰმადიანდები”.

      განსაკუთრებით აღფრთოვანებით ლაპარაკობს ისტორიკოსი ერეკლე მეფის სიმამაცეზე: “გარნა ეგრეთცა სიმხნითა თვისითა ვერცა რომელმან მძლავრმან დაიმორჩილა ირაკლი მეფე პყრობადცა თავისუფლებისაგან და მარადის ჰბრძოდა ოსმალთა და ლეკთა, ვინადგან ჰბრძოდა მძლავრი ვინმე ხელმწიფე და არ აქვნდა პირდაპირ ძალი, არცა ჯარითა და არცა ხაზინითა, და თვინიერ სიმხნისა კიდე არარაÁ აქვნდა პირისპირი თანასწორება”.

      მართალია, ომან ხერხეულიძის თხზულებამეფობა ირაკლი მეორისა, მეფისა თეიმურაზის ძისაპირველხარისხოვან საისტორიო წყაროდ (როგორიც, მაგალითად პაპუნა ორბელიანის ნაშრომია) ვერ ჩაითვლება, მაგრამ მაინც მას ერეკლე II-ის მოღვაწეობის შესასწავლად გარკვეული მნიშვნელობა აქვს.

 

 

წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.     მეფობა ირაკლი მეორისა, მეფის თეიმურაზის ძისა, ქართლის ცხოვრება, ნაწ. II, . ჩუბინაშვილის გამოცემა, სპბ, 1854.

2.     საქართველოს ცხოვრება, . ჭიჭინაძის გამოცემა. თბილისი, 1913.

3.     ომან ხერხეულიძე, მეფობა ირაკლი მეორისა. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებელი დაურთო . მიქიაშვილმა. თბილისი, 1989.

4.     ივ. ჯავახიშვილი, თხზულებანი თორმეტ ტომად. . VIII. თბილისი, 1977.

5.     . ხანთაძე, ქართული ისტორიოგრაფია XVIII საუკუნეში, თბილისი, 1985.

 

 

 

მოამზადა ელენე ცაგარეიშვილმა