მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

ნიკოლოზ დვალი (+1314 .)

 

      XIII- XIV საუკუნეთა მიჯნა; ქართველი მოწამე. მოღვაწეობდა საქართველოში, კუნძულ კვიპროსზე, პალესტინასა და სირიაში.

 

 

ნიკოლოზ დვალი დაიბადა დვალეთში, სოფელში, რომელსაც წაი ეწოდებოდა. ნიკოლოზის ღვთისმოსავმა მშობელებმა იგი დაბადებამდე შესწირეს ღმერთს. 12 წლის ნიკოლოზი მონაზვნად აღიკვეცა და ერთხანს კლარჯეთის უდაბნოში მოღვაწეობდა, მაგრამ შემდეგ წმინდა ადგილების თაყვანისცემის სურვილი გაუჩნდა და პალესტინას მიაშურა.

იერუსალიმში ჩასვლის შემდეგ ნიკოლოზს ქრისტეს სახელით წამების დათმენის სურვილი გაუჩნდა, ერთი სპარსი კაცი აიყვანა თარჯიმნად და იერუსალიმის ყადთან (მუსლიმი მოსამართლე) მიიყვანა. ყადის წინაშე წამდგარმა ნიკოლოზმა უშიშრად დაგმო მაჰმადის რჯული, რის გამოც იგი სასტიკად ცემეს და ტანჯეს.

იერუსალიმში მოღვაწე სულიერმა ძმებმა ნიკოლოზი გამოიხსნეს და კუნძულ კვიპროსზე გააგზავნეს. კვიპროსზე ყოფნისას ნიკოლოზმა დიდი სულიერი ღვაწლი აჩვენა, დაახატვინა იოანე ნათლისმცემლის ხატი და მის წინაშე ლოცულობდა მხურვალედ. მალე ნიკოლოზს მთაწმინდაზე წასვლის სურვილი გაუჩნდა, მაგრამ ერთხელ, ლოცვისას, როდესაც იგი ნათლისმცემლის ხატის წინ პირქვე იყო დამხობილი, მას მოესმა ხატის ხმა, რომელმაც ნიკოლოზს უბრძანა, წასულიყო იერუსალიმში და იქ დამოწაფებოდა ერთ ქართველს ბერს, რათა მისგან ესწავლა სულიერი ცხოვრების გზა და განმტკიცებულიყო წამების ღვაწლში

ნიკოლოზი იერუსალიმში გაეშურა, მოძებნა ქართველი ბერი, მაგრამ მხოლოდ გარკვეული ხნის შემდეგ გამოუცხადა მას თავისი მოღვაწების საქმე. ბერი შეევედრა ღმერთს, ეუწყებინა მისთვის, რა მოემოქმედა ნიკოლოზს ღვთის წინაშე სათნოდ გამოსაჩენად. ღამე, ძილის დროს, ბერს გამოეცხადნენ ღვთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელი, რომლებმაც უბრძანეს ბერს, დამასკოში (სირია) გაეგზავნა ნიკოლოზი, რათა მას იქ ეტვირთა სანატრელი მოწამეობრივი სიკვდილი.

ბერმა ნიკოლოზი დამასკოში გააგზავნა. ქალაქში ჩასვლისთანავე ნიკოლოზი მაჰმადიანთა სალოცავისაკენ გაეშურა და იქ დამსწრე მუსლიმთა წინაშე დაგმო მაჰმადის რჯული. ნიკოლოზი სასტიკად გვემეს და საპყრობილეში ჩააგდეს. საპყრობილიდან ნიკოლოზი დამასკოს მიტროპოლიტისა და ადგილობრივი ქრისტიანების დახმარებით გაათავისუფლეს, მაგრამ იგი გათავისუფლებისთანავე გაემართა მაჰმადიანთა სალოცავში და ხელმეორედ იგვემა _ ნიკოლოზს ხუთასი შოლტი დაარტყეს და ისევ დააპატიმრეს. საპყრობილეში ნიკოლოზს გამოეცხადა იოანე ნათლისმცემელი, რომელმაც ქრისტეს რჯულისათვის გვემული  სასწაულებრივად განკურნა წყლულებისაგან.

ორი თვის შემდეგ ნიკოლოზი ციხიდან გათავისუფლდა ქრისტიანთა დახმარებით, რომელთაც ნიკოლოზის იერუსალიმში გაგზავნა ჰქონდათ გადაწყვეტილი. ღვთის განგებით, მოხდა ისე, რომ ამ დროს დამასკოში იმყოფებოდა ამირა. ამირამ იცნო მაჰმადის რჯულის მაგინებელი ნიკოლოზი, შეიპყრო იგი, წარადგინა ამირათა ამირას წინაშე და იქ განაცხადა ნიკოლოზის საქმეების შესახებ. ამირთა ამირა, სახელად თენგიზი, თავდაპირველად ნიკოლოზის ცთუნებას შეეცადა _ ტკბილად დაუწყო ლაპარაკი და უდიდესი პატივის მინიჭება აღუთქვა მას ქრისტიანობის უარყოფის სანაცვლოდ. ნიკოლოზმა აღთქმული პატივი არაფრად ჩააგდო, აღიარა ქრისტეს რჯული და უპატიოდ მოიხსენია მუჰამედ წინასწარმეტყველი.

ნიკოლოზს სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს. ერთ-ერთი ამირა ფეხზე ადგა, რათა თავი მოეკვეთა ნიკოლოზისათვის. ნიკოლოზი აღმოსავლეთისაკენ შეტრიალდა და მადლობა აღუვლინა იესოს იმისათვის, რომ იგი მოწამეობრივი სიკვდილით აღსრულების ღირსი გახადა.

ნიკოლოზს თავი მოკვეთეს და მისი გვამი დაწვეს. ეს მოხდა 1314 წლის 19 ოქტომბერს. ნიკოლოზის სიკვდილის შემდეგ ერაერთი სასწაული აღსრულდა

საქართველოს ეკლესია ნიკოლოზ დვალის ხსენებას აღნიშნავს 12 თებერვალს (ახ. სტ. 24 თებერვალს), იერუსალიმის ქართველ მოღვაწეთა და მოწამეთა ხსენების დღეს.

ნიკოლოზ დვალის ცხოვრებისა და მოწამეობრივი სიკვდილის  შესახებ მოგვითხრობს ნიკოლოზის სვინაქსარული (მოკლე) `ცხოვრება~, რომელიც დაწერილია XIV საუკუნეში, უცნობი ავტორის მიერნიკოლოზ დვალის `ცხოვრების~ ტექსტი ჩაკინძულია XI საუკუნის წერილობით ძეგლში, გიორგი მთაწმიდლის მიერ შედგენილ `დიდ სვინაქსარში~. სხვა წერილობითი თხზულება ნიკოლოზ დვალის შესახებ შემორჩენილი არ არის

1975 წელს გამოქვეყნდა ამერიკაში მოღვაწე ქართველი არქეოლოგის, . ჯობაძის გამოკვლევა ჟალიას ქართული მონასტრის შესახებ, რომელიც კუნძულ კვიპროსზე მდებარეობს. მონასტრის გათხრებისას . ჯობაძე, სხვათა შორის, მიაკვლია რამდენიმე ქართულ ასომთავრულ წარწერას. დაზიანების გამო მათი ბოლომდე ამოკითხვა ვერ მოხერხდა, მაგრამ ერთ-ერთ მათგანზე, რომელიც XIV -ით თარიღდება კარგად გაირჩევა სახელი `ნიკოლოზ~. . ჯობაძის აზრით, ეს წარწერა უნდა მოიხსენიებდეს ნიკოლოზ დვალს, რომელიც ერთხანს, როგორც ცნობილია, კუნძულ კვიპროსს აფარებდა თავს და იქაური ქართული სამონასტრო კოლონიის სტუმარი იყო.  

სასწაულები:

ნიკოლოზის მოკვეთილმა თავმა შვიდგზის წარმოთქვა ხმამაღლა: `დიდებაÁ შენდა, ქრისტე ღმერთო~, რამაც ყველა იქ მყოფი მაჰმადიანი განაცვიფრა. იმ ადგილს კი, სადაც ნიკოლოზი ეწამა, სამი დღის განმავლობაში ადგა ნათლის სვეტი.

ნიკოლოზის მოწამეობრივი აღსასრულის გაგების შემდეგ ნიკოლოზის სულიერი მოძღვარი, იერუსალიმელი ქართველი ბერი, მხურვალე ლოცვით შესთხოვდა ღმერთს, ეუწყებინა მისთვის, შეირაცხა თუ არა ნიკოლოზი მოწამეთა შორის. ერთხელ, როდესაც ბერი წიგნს კითხულობდა, ანაზდეულად საოცარი ჩვენება წარმოუდგა თვალწინ:^ ბერმა იხილა საოცარი ნათლითა და სურნელებით სავსე მთა და ბრწყინვალედ შემკობილ მოწამეთა გუნდიმოწამეთა შორის უბრწყინვალესმა, წმინდა გიორგიმ, ბერის დანახვისთანავ ორგზის წარმოთქვა ხმამაღლა: `ნიკოლოზ! გამოდი და იხილე შენი მოძღვარი, რომელმაც მრავალი ცრემლი დაღვარა შენ გამო!~. მოწამეთა გუნდიდან გამოვიდა გვირგვინით შემკობილი ნიკოლოზი, რომელმაც მოიკითხა ბერი და უთხრა: `აი, მიხილე მეც და ჩემი ადგილიც. ამიერიდან ნუღარ წუხარ ჩემ გამო!~.

 

 

 

wyaroebi da samecniero literatura:

  1. Zveli qarTuli literaturis qrestomaTia, I, Sedgenili sol. yubaneiSvilis mier, Tbilisi, 1946, gv. 254-255; Zveli qarTuli agiografiuli literaturis Zeglebi, IV, Tbilisi, gv. 348-351;

  2. Д. Кипшидзе, Житие Прохора..., Известия Кавказского Историко-Археологического Института, II, 1917-1925, gv. 63-65.

  3. k. kekeliZe, Zveli qarTuli litearturis istoria, I, Tbilisi, 1980, gv. 541-542;

  4. e. metreveli, masalebi palestinis qarTuli koloniis istoriisaTvis, Tbilisi, 1962, 32-33;

  5. Zveli qarTuli agiografiuli literaturis Zeglebi, IV, Tbilisi, gv. 119-125;

  6. W. Djobadze, Observations on the Georgian monastery of Jalia (Galia) in Cyprus, Oriens Christianus, N 68 (1984).

 

moamzada Tina ceraZem