მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

მართა მონაზონი

XVI-XVII საუკუნეების საეკლესიო მოღვაწე, მონაზონი, იერუსალიმის ქართული სამონასტრო კოლონიის წევრი.

 

 

            მართა მონაზონი ჩვენთვის ცნობილია მისი წერილიდან, რომელიც გაგზავნილია დასავლეთ საქართველოს კათალიკოს გრიგოლ ლორთქიფაბიძისადმი (1696-1742 წწ.). წერილში მართა თავის თავს მაცხოვრის საფლავსა და გოლგოთაზე მდგომს უწოდებს: `წმიდა საფლავსა და სისხლმეწამულს გოლგოთას მდგომი, მლოცველი, საბრალო მონაზონი მართა~ -  წერს ქართველი მონაზონი ქალი საკუთარ თავზე. აქედან ჩანს, რომ მართა იერუსალიმის ქართული სამონასტრო კოლონიის ერთ-ერთი წევრი ყოფილა.

            მართას წერილში ძალზე ცოცხლად არის ასახული იმ დროის იერუსალიმი და ქართული სამონასტრო კოლონიის ყოფა იერუსალიმში. მონაზონი ქალი გულისტიკივილით აღუწერს კათალიკოსს, თუ რა მძიმე ვითარებაში იყვნენ ქართული მონასტრები იერუსალიმში: `...მონასტრები საქართველო ამათ ჩაიგდეს ხელად და ჭამენ. რა უანგარიშო საქონელი გამოზიდეს ჩვენის მონასტრების!~ - წერს მართა კათალიკოსს

            მართა მონაზონი თავის წერილში მოაგონებს კათალიკოსს, თუ რა პატივი, უფლებები და საკუთრება ჰქონდათ ერთ დროს ქართველებს უფლის ქალაქში და რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ქრისტიანული ქვეყნისათვის წმინდა მიწაზე ყოფნასა და იქ მსახურებას: `ყოველი სული ამისთვის კვდების, რომ აქ ერთის ტრაპეზის დასადები ადგილი იშოვნოს და თქვენ სულ იერუსოლიმი დაკარგეთ! ეს წმინდა ადგილი სრულიად ქართველის ყოფილა, და ეხლა ლამის სულა გამოვარდეთ: წმიდას საფლავზედ ფრანგნი ჟამს სწირავს... დიდი სირცხვილი არ არის ეს, რომ პატიოსანი, დიდი წმიდა იაკობის მონასტრი სომხებმა იშოვნეს? ხვანთქარი მოატყუეს და ახლა სომეხს აქუს. ბეთლემი ფრანგმა აიღო, მაგრამ მაგათი შიში და მოლოდინი აქუს და ჩვენი სამწირველო ისრევ მორთული არის...~

            მონაზონი ქალი კათალიკოსს შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამოსავლას სთავაზობსმისი აზრით, ქართველებმა მეტი აქტივობა უნდა გამოიჩინონ, დიპლომატიურ ასპარეზზეგააგზავნონ ელჩები სტაბოლში, სულთანათან, აგრეთვე პატრიარქთან; მართას აზრით, იერუსალიმში შექმნილ საგანგაშო ვითარებაზე უნდა იფიქრონ საქართველოს შიგნითაცმართა ურჩევს კათალიკოსს, თავად მოიაროს საქართველოს კუთხეები, შეკრიბოს გურიის, სამეგრელოს, იმერეთის, ქართლის დიდებულები, რათა ყველამ ერთად მოითათბიროს შექმნილი ვითარების თაობაზე. სხვა შემთხვევაში, როგორც მართა აღნიშნავს, ქართველები დაკარგავენ იმასაც, რასაც იმ დროისათვის ჯერ კიდევ ინარჩუნებდნენ: `ხმა დიდი არის ბატონების და ხათრიც, მაგრამ ერთი ელჩი რომ გამოგზავნოთ სტამბოლს, რა იქნება? ... უსაცილოდ გოლგოთასაც და გესამანიას დაიჭირავს ფრანგი, თუ არ მოეშველებით. მათი კერძი გოლგოთა დაიჭირა, ჩვენი ჯერ კარგად არის. ერთი თავი ჯვარის მამა გაიჩინეთ, რომ წამოვიდეს. ან ერისკაცი, ან ბერი გამოაშურეთ ამ ქვეყანას, თვარამ წახდა საქმე. უსათუოდ შავის ზღვით გამოაგზავნეთ კაცი და საპატრიარქოშიდ სტანბოლს მოვიდეს, და იქიდამა ვეზირი ნახოს. თუ ასრე არა იქმთ, ეს მონასტრები და იერუსოლიმი დაგეკარგვუიან. ნუ იქთ, სხვას ნუ უყურებთ. თავისის ფეხით იარეთ და ვინც ბატონები იყოს, ან გურიას, ან ოდიშს, იმერეთს თუ ქართლით, პირობა დასდევით და ამგვარად კრება და ვაზირობა ქენით, თუ იერუსოლიმი დაგეკარგვიან, რასღა სჯული და ან რასღა პირჯვრის წერა გექნებათ~ - წერდა მართა.

            მართა მონაზვნის წერილი ერთ-ერთი უტყუარი, ფასეული ისტორიული წყაროა XVI-XVII სს-ის იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის. წერილიდან კარგად ჩანს მართას პიროვნული თვისებები: გამბედაობა, პატრიოტიზმი, ღრმა რეფლექსიის უნარი თუ გამჭრიახობა, რაც საუკეთესოდ წარმოგვიჩენს ამ ეპოქის ქართულ სასულიერო წოდების წარმომადგენლებს

 

 

             წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.         . გაბაშვილი, მიმოსვლა, ელ. მეტრეველის გამოც., გვ. 0191-0192;

2.         . მენაბდე, ძველი ქართული მწერლობის კერები, . II, თბილისი, 1980, გვ. 126, 127, 145;

3.         . კეკელიძე, ქართველ ქალთა კულტურულ-საგანმანათლებლო კერები საშუალო საუკუნეთა მახლობელ აღმოსავლეთში, წიგნში: . კეკელიძე, ეტიუდები ძველი ქართული ლიტარტურის ისტორიიდან, . IV, თბილისი, 1957, გვ. 215-216;

4.         საქართველოს სიძველენი, I, თბილისი, გვ. 40-42; I / 2 თბილისი, 1920, გვ. 36-39;

5.         . ცინცაძე, ვასილ გაგარასა და არსენ სუხანოვის ცნობები საქართველოს შესახებ, თბილისი, 1960, გვ. 27-30.

 

 

 

მოამზადა თინა ცერაძემ