მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

ისე წილკნელი

VI . საქართველოს ეკლესიის წმინდანი,

ხსენების დღე - უფრო ადრეული ტრადიციით 18 აგვისტო, შემდეგ -  2 დეკემბერი.

 

 ერთ-ერთი ასურელი მამა, რომელიც, ტრადიციის თანახმად, VI -ში მოვიდა სირიიდან ქართლში იოანე ზედაზნელთან ერთად. შემდგომში წილკნის ეპისკოპოსი. წყაროების თანახმად მის სახელს უკავშირდება აგრეთვე ჩრდილო კავკასიის წარმართულ მოსახლეობაში ქრისტიანობის გავრცელება.

ცნობები ისე წილკნელის შესახებ შემონახულია შიო მღვიმელის ცხოვრების ადრეულ რედაქციებში. ამ ცნობების საფუძველზე XVIII საუკუნის I ნახევარში შეიქმნა ისეს ვრცელი ცხოვრება (ავტორი - ბესარიონ ორბელიშვილი) და მოკლე სვინაქსარული `ცხოვრება.

გარკვეული ცნობები ისეს შესახებ ძველი რედაქციებიდან გადასულია დავით გარეჯელის გვიანდელ სვინაქსარულ ცხოვრებაშიც.

ხსენებულ წყაროთა მიხედვით ისეს ცხოვრება შემდეგნაირად წარმოგვიდგება:

 წარმოშობით ისე იყო ასურეთიდან, დანარჩენი სირიელი მამების მსგავსად. უცნობია მისი დაბადების ადგილი და მშობლების ვინაობა. იგი სირიაშივე დაემოწაფა იოანე ზედაზნელს, მასთან ერთად ჩამოვიდა ქართლში და ზედაზნის მთაზე დამკვიდრდა. გარკვეული დროის შემდეგ გარდაიცვალენ წილკნის და ნეკრესის ეპისკოპოსები. კათალიკოსმა ევლავიოსმა გადაწყვიტა განთავისუფლებულ საეპისკოპოსო კათედრებზე ასეურელი მამები დაედგინა. იგი მივიდა ზედაზენის მთაზე წმ. მამებთან. მეორე დღეს იოანემ უბრძანა ისეს ჟამისწირვის აღსრულება, რადგანაც მას მღვდელობის პატივი ჰქონდა. ზიარების შემდეგ კათალიკოსმა ხელი მოჰკიდა ისეს და  უთხრაგიხაროდეს, ეპისკოპოსო წილკნისაო. ისემ თავი უღირსად ჩათვალა და ცრემლებით ითხოვდა ამ პატივისაგან განთავისუფლებას, მაგრამ კათალიკოსი ხელს არ უშვებდა და აიძულებდა დასთანხმებოდა. იოანე ზედაზნელიც არწმუნებდა, რომ დამორჩილებოდა კათალიკოზს. მაშინ დაემორჩილა მათ ისე და მიიღო კურთხევა კათალიკოსისგან, რომელმაც იგი წილკნის ღვთისმშობლის ტაძარში წარავლინა, სადაც ესვენა ღვთისმშობლის ხატი. (ერთ-ერთი წყაროს თანახმად, როდესაც იოანემ დააგზავნა თავისი მოწაფეები სხვადასხვა მხარეს სახრების საქადაგებლად, ისეც წავიდა ზედაზნის მთიდან. და ამის შემდეგ დაადგინა ის კათალიკოსმა იმხანად განთავისუფლებულ წილკნის საეპისკოპოსო კათედარზე).

წილკანში დამკვიდრებული ისე დადიოდა ადგილიდან ადგილას და სახარებას ქადაგებდა, სნეულებს განკურნავდა და სხვა მრავალ სასწაულს აღასრულებდა. შემდეგ გაემართა იგი ჩრდილოეთის მთებისაკენ და იქაურ წარმართულ მოსახლეობას უქადაგა ღვთის სიტყვა, კერპები დალეწა, მრავალი ადამიანი მონათლა, დაუდგინა მათ დიაკვნები და მღვდლები და შემდეგ დაბრუნდა წილკანში, თავის საყდარში. და იყო თავისი მრევლისათვის როგორც მწყემის კეთილი.

ამგვარი სათნო ცხოვრებით მიაღწია სიბერემდე. გარდაცვალების ჟამი სული წმიდისგან ეუწყა. მაშინ მოუხმო ისემ თავის მოწაფეებს და მრევლს, დამოძღვრა ისინი, მიიღო წმინდა ზიარება და გარდაიცვალა. იგი იქვე, წილკნის საყდარში დაკრძალეს. ერთ-ერთი გვიანდელი წყაროს თანახმად დაკრძალვის ცერემონიოალში მონაწილეობდენ კათალიკოსი და სხვა მღვდელთმოძღვრები და წმინდა მამები.

 

სასწაული:

 წყაროებში შემორჩენილია ისეს მიერ აღსრულებული ერთი სასწაულის აღწერა:

ერთ დღეს იოანე ზედაზნელმა მოისურვა თავის მოწაფეთა მონახულება (ზოგიერთი წყაროს თანახმად მოისურვა გამოეცადა მოწაფეთა სათნოება და კაცთათვის ეჩვენებინა ქრისტეს ძლიერება, რადგან ქართლი ახალგაქრისტიანებული იყო და მრავალი იყო ურწმუნო). იგი მივიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში წილკანში, სადაც ისე იმყოფებოდა, და შიოც იქ დაიბარა. ერთად შეკრებილი წმინდა მამები აღასრულებენ სასწაულებსიონე ღვინით სავსე ჭიქას აჩერებს ჰაერში, ხოლო შიო ხელის გულზე იყრის გავარვარებულ ნაკვერჩხლებს და საკმეველს აკმევს (იხ. იოანე ზედაზნელი, სასწაული 6; შიო მღვიმელი, სასწაული 6). ხოლო შემდეგ იოანე ისეს სთხოვს კურთხევას. ისემ დიდხანს ილოცა მდუმარედ, შემდეგ იოანესთან და შიოსთან ერთად გაემართა მდინარე ქსნისაკენროდესაც მივიდნენ მდინარესთან, კვლავ ილოცა ისემ, ღმერთს სთხოვა შეწევნა, შემდეგ მდინარისკენ მიმართა თავისი კვერთხი და ქრისტეს სახელით უბრძანა წყალს კვერთხს გამოჰყოლოდა. მაშინ გადმოვიდა მდინარე კალაპოტიდან და შეუდგა ისეს კვერთხს. წმ. მამები მოდიოდნენ და მდინარე მოჰყვებოდა მათ გორაკებსა და ველებზე. ასე მიიყვანეს მდინარე ღვთისმშობლის ტაძარის მხლობლად წილკანში

 

 

წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1. საქართველოს სამოთხე, გამოცემული გობრონ პავლეს ძე საბინინის მიერ, პეტერბურღი, 1882, გვ. 209-211 (სვინაქსარული რედაქცია);
2. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, IV, თბილისი, 1968, გვ.400-403 (სვინაქსარული რედაქცია);
3. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, V, თბილისი, 1989, გვ. 79-95 (ბესარიონ ორბელაშვილის რედაქცია);
4. იხ. ასევე შიო მღვიმელისUცხოვრებისა (კიმენური და მეტაფრასული რედაქციები) და დავით გარეჯელის ცხოვრების (სვინაქსარული რედაქცია) გამოცემები
5. კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, თბილისი 1980, გვ. 352-353;
6. ფერაძე, გ., ბერმონაზვნობის დასაწყისი საქართველოში, თბილისი, 2006, გვ. 81-82;
7. ქავთარია, მ., ბესარიონ ორბელიშვის ცხოვრება და შემოქმედება, ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე, I, 1959, გვ. 89-91;
8. ქავთარია, მ., ძველი ქართული პოეზიის ისტორიიდან, გვ. 173-180.
9. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, IV, თბილისი, 1968, გვ. 225-233;
10. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, V, თბილისი, 1989, გვ. 165-198;
11. იხ. ასევე იოანე ზედაზნელის სტატიაზე დართული ბიბლიოგრაფია ასურელ მამათა შესახებ.
 

 


მოამზადა ლელა ხოფერიამ