მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

დავით IV აღმაშენებელი

 საქართველოს მეფე 1089-1125 წლებში

 

1089 წელს, როდესაც გიორგი II თავისი შვილის სასარგებლოდ ტახტიდან გადადგა, ამ დროს საქართველოს მეფის უფლებები მხოლოდ დასავლეთ საქართველოზე ვრცელდებოდა. “საზღვარი სამეფოსა მთა მცირე ლიხთა, და სადგომი სამეფო წაღულისთავი (ქც.I,324). ახალგაზრდა მეფემ დაიწყო გაბნეული ქვეშეევრდომების შემოკრება და მათი დახმარებით ჯარის ორგანიზებას შეუდგა. პატარ-პატარა რაზმებით დავითი თავს ესხმოდა ცალკეულ ადგილებში გამაგრებულ თურქებს და ქვეყნიდან ერეკებოდა. გახიზნულ ქართულ მოსახლეობას დაცულობის გრძნობა ემატებოდა და საკუთარ მიწა-წყალს უბრუნდებოდა. თანდათან აღდგა სოფლის ცხოვრება (“მოეშენა ქვეყანა, განძლიერდა დავით და განამრავლნა სპანი”), გამოცოცხლება დაეტყო ქალაქებსაც.

1092 წელს გარდაიცვალა სულთანი მალიქ-შაჰი. დაშლილი და ერთმანეთთან ბრძოლით დაკავებული თურქული სახელმწიფოები შედარებით ნაკლებ საფრთხეს შეიცავდნენ საქართველოსათვის. დავითის მთავარი საზრუნავი იყო ქვეყნის კონსოლიდაცია, რასაც ხელს უშლიდა რამდენიმე ძლიერი ფეოდალური საგვარეულო. მალიქ-შაჰის გარდაცვალების უმალ ლიპარიტ ამირამ (ლიპარიტ ბაღვაში) მამაპაპურ კვალზე იწყო სვლაო, - იუწყება დავითის ისტორიკოსი. ლიპარიტი იყო ძე იმ ივანე ბაღვაშისა, რომელმაც გიორგი II-ის მეფობაში გაგის ციხე-სიმაგრე განძის ამირა ფადლონს მიჰყიდა და საქართველოში შემოჭრილ მალიქ-შაჰს ერთგულება გამოუცხადა. ლიპარიტი, როგორც დავითის ისტორიკოსი გადმოგვცემს, თავიდან მეფეს მორჩილებდა და სხვა ახალგაზრდა დიდებულებთან ერთად მეფის ერთგულთა შორის ითვლებოდა. ბაღვაშთა სამფლობელო კლდეკარის საერისთავო იმდენად მნიშვნელოვანი რეგიონი იყო ქვეყნისათვის, რომ საქართველოს მეფეები ძალაუნებურად კლდეკარის ერისთავებზეიყვნენ დამოკიდებულნი. ამიტომ მეფე ვერ დაუშვებდა კლდეკარის ერისთვათა თვითნებობას. ისტორიკოსი არაფერს გვეუბნება, კონკრეტულად რა ჩაიდინა ლიპარიტმა, მაგრამ დავითი იძულებული გამხდარა, “გაეწრთვნაურჩიქვეშევრდომი. იგი, როგორც ჩანს, იმდენხანს ჰყოლია შეპყრობილი (ან პატივაყრილი), რომ გონიერი კაცისათვის საკმარისი იყო გამოსასწორებლადო, _ ამბობს დავითის ისტორიკოსი, (ქც. 325), შემდეგ მეფეს მისგან ერთგულების მტკიცე პირობა მიუღია და ამიტომ შეუნდვია დანაშაული და კვლავ განუდიდებია ძველ პატივში. სავარაუდოდ ეს 1093 წელს უნდა მომხდარიყო. მალე  ლიპარიტს ფიცი დაურღვევიაგანაცხადა მტერობა და უკეთურებასა იწურთიდა”. მეფეს კვლავ შეუპყრია ურჩი ყმა, ორ წელიწადს პატიმრობაში ჰყოლია, შემდეგ საბერძნეთში გაუძევებია (1096 .) ლიპარიტის მემკვიდრე რატი ერთხანს ისევ იყო კლდეკარის ერისთავი, მაგრამ მეფე მას აღარ ენდობოდა.

დავითს თავიდან უხდებოდა ბრძოლა ქვეყნის გამთლიანებისათვის. გამდგარი იყო ჰერეთ-კახეთიც, მაგრამ მისი შემოერთებისათვის ბრძოლა დავითმა  მას შემდეგ დაიწყო, რაც თურქ-სელჩუკები გადარეკა ქვეყნის დასაყრდენი პუნქტებიდან და ხარკიც შეუწყვიტა. “ამას ჟამსა  გამოვიდეს ფრანგნი, აღიღეს იერუსალიმი და ანტიოქია” (ქც, I, 325-326). ეს დიდმნიშვნელოვანი ამბები 1098 -1099 წლებში მოხდა. ხარკის შეწყვეტით საქართველომ ფაქტობრივად  დამოუკიდებლობა გამოაცხადა. სწორედ ამის შემდეგ იწყებს დავითი ქვეყნის დარღვეული სიმტკიცის აღდგენას. ეს იყო რთული და ხანგრძლივი პროცესი, რის დროსაც მეფეს არაერთხელ დასჭირვებია უმკაცრესი ზომების მიღებაუკეთუ მეფემან ერთგულნი, ფრთხილნი და ახოვანნი ნაცვლად ორგულთა, ჯაბანთა და უღირსთა  ადიდნეს, რა უსამართლო ქმნა?”_ კითხულობს დავითის ისტორიკოსი (ქც.I.359). 

 ქვეყნის შემომტკიცებისათვის ბრძოლას დავითი ზედაზნის აღებით იწყებს (1103 .). კახთა მეფე კვირიკემ ზედაზენი დათმო. ამავე წელს გააუქმა კლდეკარის საერისთავო, ხოლო მოგვიანებით ბაღვაშების საგვარეულო მამული _ “ლიპარიტეთიგელათის მონასტერს შესწირა.

დავითმა იერიში მიიტანა კიდევ ერთ ურჩ საგვარეულოზე _ აბულეთისძეებზე. მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი, ძაგანი, შიომღვიმის ბერების დახმარებით შეუპყრია (ანდერძი დავით აღმაშენებლისა შიომღვიმისადმი).

ამ სამსახურის სანაცვლოდ მეფემ მღვიმის მონასტერში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ააშენა და მონასტერს დიდი შეღავათები დაუწესა. წყაროები დუმილით უვლიან გვერდს, იმას, თუ რა დანაშაულის გამო დასაჯა მეფემ ძაგან აბულეთისძე. არსებობს მოსაზრება, რომ ძაგანი ხელს უშლიდა ჯერ კიდევ გიორგი II-ის მცდელობას შემოეერთებინა კახეთი  მას გადაუცია აღსართანისათვის მუხრანი და ზედაზნის ციხეები (.ჟორდანია).

კახეთ-ჰერეთის შემოერთებას მოჰყვა ერწუხის ბრძოლა. განძის ათაბაგს, რომელიც ფაქტობრივად სულთნის ნების აღმსრულებელი იყო, მიუვიდა სულთნის ლაშქარი, მათ მხარეზე თავს იყრისუმრავლესი კახთა და ქუეყანიუსა ერი”, _ დიდი ძალა გროვდება ერთიანი საქართველოს მესვეურთა წინააღმდეგ. დავითის ჯარი, მემატიანის თქმით, უფრო მცირერრიცხოვანი იყო, მაგრამ კარგად გაწრთვნილი. ერწუხის ბრძოლის აღწერისას მემატიანე ქართული ჯარის და მისი წინამძღოლი მეფის საქებრად სიტყვებს არ იშურებს. ”... ქმნა წყობანი დიდნი და მა-გასმენილი იგი დიდი ძლევა”. იმ  დღეს მეფეს სამი ცხენი მოუკლეს დამეოთხესა ზედა მჯდომმან სრულ ყო მის დღისა ომი”. ამ ბრძოლის შემდეგ ადგილობრივ ფეოდალთა ციხეებში სამეფო რაზმები ჩადგნენ. დავითმათვითმპყრობელობით დაიოპყრა ჰერეთი და კახეთი და ნებიერად აღიხუნა ციხენი და სიმაგრენი მათნი”. 

ქვეყნის გაერთიანებისაკენ მიმართულ სამხედრო ოპერაციებს თან ახლდა ერთიანი სახელმწიფოებრივი პოლიტიკის გატარება საერო და საეკლესიო ცხოვრების ყველა სფეროში სამამულო ორგანიზაციის, მართლმსაჯულების, თავდაცვის სისტემის _ ერთიან სახელმწიფოებრივ წესრიგში მოქცევა.

დავითმა მკვეთრად შეცვალა ქეყნის მმართველობის სისტემა. გააძლიერა ცენტრალური აპარატიშექმნა სავაზირო, რითაც შეავიწროვა ერისთავის ინსტიტუტი, რომელიც თავის თავში შეიცავდა პარტიკულარიზმის ტენტენციას და იგი ცენტრალური აპარატის თანამდებობებით ჩაანაცვლა. ასეთი მოხელეები მეფისაგან იღებდნენსაკარგავს”, ანუ სამართავად გადაცემულ მიწებს, რომლებსაც თანამდებობასთან ერთად კარგავდნენეს ცვლილება სახელმწიფოს სიმტკიცეს განაპირობებდა მოხელე-ფეოდალი სამეფო ხელისუფლებაზე იყო მთლიანად დამოკიდებული და დაინტერესებული იყო ადგილებზე ცენტრის პოლიტიკა გაეტარებინა.

გიორგი II-ის მეფობის დასასრულს, თურქთა შემოტევის პირობებში, ქართული ფეოდალური ლაშქარი მორალურად განადგურებული და ორგანიზაციულად დაშლილი იყო. “ტყვეობითა და ჭირთაგან, დაჯაბნილი, უცხენო და უსაჭურვლო”, _ ასე ახასიათებს მემატიენე ქართულ ლაშქარს დავითის გამეფებისას ( ქც.I.358).

ჯარის შექმნა დავითის უპირველესი საზრუნავი იყო, მაგრამ ყოველი მისი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდებოდა საგზაო კომუნიკაციების მოწესრიგების და სამეურნეო ცხოვრების გამოცოცხლების გარეშე. ამიტომ მეფე ჯარის მშენებლობასთან ერთად ქვეყნის საერთო აღორძინებას უწყობდა ხელს.

უპირველეს ყოვლისა, დავითმა საკუთარი ყმების გაწრთვნას და მათგან  კარგად ორგანიზებული მონა-სპის (გვარდია) ჩამოყალიბებას (5 ათასი კაცი) შეუდგა. ამავე საქმეს ემსახურებოდნენ მეფის  ერთგული მოსაკარგავე მოხელეებირომლებიც ადგილებზე წრვთნიდნენ მოლაშქრეებსჯარის წრთვნასა და ორგანიზაციას  ახალგაზრდა მეფე პირადად უწევდა მეთვალყურეობას. განუწყვეტელი ვარჯიში, უმკაცრესი დისციპლინა _ “საეშმაკონი სიმღერანი, სახიობანი და განცხრომანი” – სასტიკად ისჯებოდა ჯარში. ამ გზით დავითმა სწრაფად ჩამოაყალიბა მცირერიცხოვანი ცხენოსანი ჯარი, რომელიც გამოირჩეოდა სწრაფი მანევრირებით, მოულოდნელი ტაქტიკით, მსტოვართა მოქნილი სისტემით და სხვ. ეს ჯარი თავდაპირველად საბრძოლო გამოცდილებას თურქებზე მცირემასშტაბიანი თავდასხმებით იძენდა. დავითი  ის თავისი მონა-სპით, “წინ უვიდოდალაშქარს, რაც, მართალია, დიდად სახიფათო  იყო მეფისათვის, მაგრამ ამაღლებდა ლაშქრის ბრძოლისუნარიანობას. სამხედრო საქმის რეორგანიზაციამ განაპირობა ამირსპასალარის თანამდებობის შემოღება.

საშინაო წესრიგს უზრუნველყოფდა მანდატურთა სამსახური, მანდატურთუხუცესით სათავეში. მანდატურთუხუცესი რიგით მეორე მოხელე იყო ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის შემდეგ. ამოქმედდა მართლმსაჯულება, კანონი უშეღავათო იყო მოღალატეთა და ქვეგამხედვართა მიმართ.

XI საუკუნიდან საეკლესიო ცხოვრებაში, როგორც გიორგი მთაწმიდელის ცხოვრებიდან ჩანსთანდათან ბატონდებოდა საეპისკოპოსო საყდრებისმამულობით”, ანუ მემკვიდრეობით დაპყრობის ტენდენცია. მაღალ საეკლესიო თანამდებობებზე დიდგვაროვანი სახლების შვილები ინიშნებოდნენ. ეს ტენდენცია საეკლესიო არისტოკრატიას აყალიბებდა და არაიშვიათად ეკლესიას ცალკეული განდგომილი ფეოდალური საგვარეულოების გავლენის ქვეშ  აქცევდა. დავით აღმაშენებლის ტახტზე ასვლისას საეკლესიო ცხოვრება სრულიად მოშლილიყო ფიზიკურად, ორგანიზაციულად და მორალურად დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის შეფასებით, “წმინდანი ეკლესიანი, სახლნი ღმრთისანი, ქუაბ ავაზაკთა ქმნილ იყვნეს, და უღირსთა და უწესოა მამულობით უფროს, ვიდრე ღირსებით დაეპყრნეს უფროსნი საეპისკოპოსონი, ვითარცა ავაზაკთა, და მათნივე მსგავსნი ხუცესნი და ქორეპისკოპოსნი დაედგინნეს, რომელნი ნაცვლად სჯულთა საღმრთოთა უსჯულოებასა აწურთიდეს მათ ქუეშეთა ყოველთა. და თვით სახლით უფლისათ და მღვდელთაგან გამოვიდოდა ყოველი უსჯულოება და ცოდვა” (ქც.I, 327). ასეთი მდგომარეობა წინ ეღობებოდა სახელმწიფოს ცენტრალიზმისაკენ მიმართულ პოლიტიკას, ხელს უშლიდა სახელმწიფოსა და ეკლესიის ინტერესთა ჰარმონიზაციას, საზოგადოების კონსოლიდაციას.

იმ მრავალ ღონისძიებათა შორის, რომლებიც დავითმა ქვეყნის ასაღორძინებლად  ჩაატარა, ერთ-ერთი უმთავრესი იყო საეკლესიო რეფორმა. ეკლესიაში მომწიფებული საკითხების გადასაჭრელად მეფემ საეკლესიო კრება მოიწვია. ნიშანდობლივია, რომ კრების მოწვევა დავითმა გამეფებიდან მხოლოდ 16 წლის შემდეგ მოახერხა, მას შემდეგ, რაც ქვეყანა გაწმინდა თურქ-სელჩუკთაგან და განდგომილი პროვინციები დაიბრუნა. ამასთანავე კრებას წინ უძღოდა უზარმაზარი მოცულობის მოსამზადებელი სამუშაოები საკანონმდებლო ბაზის შესაქმნელად. ამ პერიოდში ითარგმნა საეკლესიო  კანონმდებლობის უმთავრესი ძეგლი _ “დიდი სჯულისკანონი”, რომელსაც  ეყრდნობა რუის-ურბნისის კრების დადგენილებები. რუის-ურბნისის საეკლესიო კრება იმდროისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობის მოვლენა იყო. კრება, რომლის მიზანი იყოდიდთა წყლულებათა კურნება”, (ქც. I, 327). ჩატარდა 1105 წელს  რუისისა და ურბნისის მიმდებარე ტერიტორიაზე.

მეფე დავითი კრებას თავადაც  ესწრებოდა, ისტორიკოსის თქმით, “ვითარცა მონა”. კრების მუშაობაში მონაწილეობას იღებდა დავითის მხარდამჭერი უმაღლესი სამღვდელოება _ კათალიკოსი იოანემწიგნობართუხუცესი გიორგი მონაზონი. კრებამ გადააყენა უღირსი მღვდელმთავრები, “დაღათუ ძნელღა იყო ესე, რამეთუ იყვნეს კაცნი მთავართა და წარჩინებულთა შვილნი”.

კრებაზე განიხილეს საეკლესიო ორგანიზაციის სამართებრივი მხარე, “განამტკიცეს 12 კრებათა დამტკიცებული ჭეშმარიტი სარწმუნოება” (ვახუშტი), ხელდასხმის წესები, ეკლესიის შიდა ორგანიზაციული საკითხები და სხვ. რუის-ურბნისის კრების გადაწყვეტილებებმა მკვეთრად შეცვალა საზოგდოებრივ ძალთა განლაგება მთელ ქვეყანაში, განამტკიცა მეფის ცენრალისტური პოლიტიკის მომხრეთა პოზიციები და საეკლესიო ცხოვრება სამართლებრივ-ზნეობრივ ჩარჩოში დააბრუნა.

რუის-ურბნისის კრების შემდგომ დავითმა უმნიშვნელოვანესი ადმინისტრაციული რეფორმა ჩაატარა _ სახელმწიფო უწყების მოხელეთა სათავეში ჩააყენა ბერი _ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი, რომელიც სამეფო ხელისუფლების  კარნახით წარმართავდა საეკლესიო პოლიტიკას. ამ გზით მეფემ საეკლესიო საქმეები სრულად მოაქცია ცენტრალური აპარატის თვალსაწიერში. ამ თანამდებობის შემოღების შემდეგმონასტერნი და საეპისკოპოსონი და ყოველნი ეკლესიანი წესსა და რიგსა  ლოცვისასა და ყოვლისა საეკლესიოსა განგებისასა დარბაზის კარით მიიღებდიან, ვითარცა კანონსა უცთომელსა, ყოვლად შუენიერსა და დაწყობილსა, კეთილწესიერებასა ლოცვისა და მარხვისა” (ქც.I, 352).

თურქთა წინააღმდეგ გადამწყვეტ ბრძოლაზე დავითი მხოლოდ მას შემდეგ გადავიდა, როცა სახელმწიფოებრივი ცხოვრების ყველა სფერო მოაწესრიგა. 1110 წელს გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის, მისი დისწულის თევდორეს, აბულეთისა და ივანე ორბელის თანადგომით, დავითმა აიღო სამშვილდე და ძერნა. 115 წელსგიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესმა აიღო რუსთავი. 1116 წელს დაამარცხა ტაოში ჩამსხდარი თურქები. 1117 წელს აიღო ციხე-ქალაქი  გიში. იმავე წელლს, დავითის დავალებით, დემეტრე უფლისწულმა ილაშქრა შირვანში, აიღო ციხე-ქალაქი ქალაძორი, ხელთ იგდო დიდძალი ალაფი და ტყვე. 1118 წელს თავს დაესხა არაქსის პირა თურქებს, დაამარცხა და ტყვე-ალაფით დატვირთული დაბრუნდა უკან.

1118 წელს აიღო სტარტეგიულად მნიშვნელოვანი ციხე-ქალაქი ლორე, რომელიც საქართველოს სამხრეთის ერთ-ერეთ კარიბჭეს წარმოადგენდა. იმავე წელლს აიღო აგარანი.

ხშირ ომიანობას, დაპყრობილი ციხე-სიმაგრეების შენარჩუნებას, საზღვრების გამაგრებას მრავალრიცხოვანი საჯარისო შენაერთები ესაჭიროებოდა. ქართულ მოსახლეობას ამდენი ჯარის გამოყვანა მეურნეობისგან მოუწყვეტლად არშეეძლო, ამიტომ იღებს დავითი გადაწყვეტილებას _ მუდმივი ჯარი შეექმნა ყივჩაყთა კონტიგენტით. დავითს, როგორც ჩანს, კარგად ჰქონდა შესწავლილი იმჟამად ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილი მდგომარეობა _ მომთაბარე ყივჩაღების შევიწროების ამბავი კიევის მთავრის მიერ, მათი მტრობა ოსებთან, ყივჩაყთა მაღალი საომარი თვისებები და სხვ. შესაძლოა, ამ ჩანაფიქრთან იყო დაკავშირებული დავითის მეორე ქორწინება ყივჩაღთა მთავრის, ათრაქა შარაღანის ძის ასულ გურანდუხტზე.

1118-1119 წლებში დავითი გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესთან ერთად თავად გაემგზავრა ოსეთში, მათ ჩამოართვა ყივჩაღების მშვიდობიანად გამოტარების პირობა, გამოართვა მძევლები, დაიჭირა დარიალის ციხე-სიმაგრეები და მშვიდობიანად გადმოატარა ყივჩაღები. ამ ექსპედიციით მეფემ საქართველოს პოტენციური მტრები ვასალებად გაიხადა და ჩრდილოეთი საზღვრებიც გაამაგრა. დავითმა საქართველოში ჩამოიყვანა ყივჩაყთა 40 ათასი ოჯახი, დაასახლაადგილთა მარჯვეთა” (როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, თურქ სელჩუკთა შემოსევების დრტოს დაცარიელებულ ადგილებზე), მისცა  იარაღი და ცხენები. ყივჩაღთა თითოეულ კომლს ევალებოდა თითო მოლაშქრის გამოყვანა. დავიტს მუდმივ ლაშქარში გარდა ყივჩაყებისაჰყავდა ქართველებიც _ 5 ათასიანი გვარდია,  20 ათასამდე  სამხედროვალდებულები (სამეფო სპა). (იოანე ბატონიშვილის ცნობით, დავითს მუდმივ ჯარში 60 ათასი მხედარი ჰყავდა.

1120 წელს დავითი იწყებს თურქების განდევნას საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებიდან. ამ წელს ილაშქრა მან შირვანში, აიღო ყაბალა. 1120-1121 წლის ზამთარში თურქებმა ისარგებლეს დავითის აფხაზეთში ყოფნით და ჩამოდგნენ მტკვარზე. დავითმა თოვლიანი ლიხი გარდმოვლო, დაესხა ხუნანს და ისე გაანადგურა მტერი, რომმიმთხრობი ამბისაარ დატოვა. 1121 წელს დაარბია ბარდავის საზამთრო საძოვრებზე  ჩაბუდებული თურქები.  

თბილისის საკითხი და დიდგორის ბრძოლა:  XII საუკუნის 20-იან წლებში დავითის ბრძოლა თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ შორს გასცდა საქართველოს ფარგლებს. მათი ბატონობა სამხრეთ კავკასიაში საფუძვლიანად შეირყა. საქართველო უკვე საშიში შეიქნა მეზობელი თურქული სამთავროებისათვის, მაგრამ თბილისი შუაგულ ქართლში და ასევე დმანისი, კვლავ ქართული სახელმწიფოებრივობის მიღმა იყო დარჩენილი. ამ ქალაქების ვაჭარ-ხელოსნური მუსლიმი მოსახლეობა, ეკონომიკურად დამოუკიდებული, გარკვეული თვითმმართველობით სარგებლობდა. ისინი გრძნობდნენ, რომ მათ ირგვლივ წრე იკვრებოდა. დავით აღმაშენებლისგან შევიწროებული თბილისელები საჩივლელად ჩავიდნენ თოღრულთან (განძის და ირანის გამგებელი), რომელმაც მათ დასაცავად შიჰნა (ნაცვალი) დაუნიშნა. ამით თბილისელებს დიდი შვება ვერ უგრძნიათ. ამის შემდეგ ისინი თვით მეფესთან შეთანხმებულან, რომ საქართველოს მეფის სასარგებლოდ იკისრებდნენ ხარკს _ 10 ათასი დინარს  და ქალაქში შემოუშვებდნენ სამეფო ხელისუფლების წარმომადგენელსმეფის ნაცვალს 10 მხედრით. ამავე დროს საფრთხე დაემუქრა მათ სავაჭრო კავშირებს და მშვიდობიან მიმოსვლას. “ესევითარი ჭირთაგან შეიწროებულნი თურქმანნი და კუალად ვაჭარნი განძელ-ტფილელ-დმანელნი წარვიდეს, და ყოველთა სპარსეთსა შეიღებნეს შავად, რომელთამე პირნი, და რომელთამე ხელები, და რომელნიმე სრულიად; და ესრეთ მოუთხრეს ყოველნი ჭირნი, მოწევნულნი მათ ზედა, რომლითა აღძრნეს წყალობად თვისა, და იქმნა გლოვა ფრიადი შორის მათსა” (ქც.I, 340). ამრიგად, საქართველოს სამეფოს წარმატებებმა შეაშფოთა, ერთი მხრივ, თურქ-სელჩუკები, მეორე მხრივდამოუკიდებელი ქალაქები. ეს უკანასკნელნი მფარველობას სთხოვენ მეზობელ მაჰმადიან მმართველებს. პირველ რიგში სპარსეთის სულთანს ხლებიან. 1121 წელს თბილისისთავკაცებიმისულან მარდინისა და მაიაფარიკინის პატრონ ნეჯმ ად-დინ ილ ღაზისთან (ალ-ფარიკი).

ახლო აღმოსავლეთში იმდროინდელი თურქული სახელმწიფოების უსაფრთხოებას აშკარად დაემუქრა აღმავლობის გზაზე დამდგარი ქრისტიანული საქართველო და მისი მამაცი მეფე დავით აღმაშენებელი. ამიტომ მაჰმადიანი მმართველები ხალისით გამოეხმაურნენთბილელ-დმანელ-განძელმოქალაქეთა თხოვნას. ანტიქართული კოალიციის ორგანიზატორი იყო ერაყის თურქ-სელჩუკთა მმართველი, მაჰმუდ იბნ მუჰამედი (1117-1131). სწორედ მან მოუწოდა მაჰმადიანურ სამყაროს, მონაწილეობა მიეღოთ საქართველოს წინააღმდეგ ომში. მის მოწოდებას გამოეხმაურნენ ბაღდადის გამგებელი ელ-ღაზი, არაბეთის მეფე დურბეიზ იბნ სადაყა, სპარსეთის გამგებელი თოღრულ იბნ მოჰამედი, ბითლისისა და არზანის პატრონი თუღან არსლან კუზიანი, განძის ათაბაგი, სომხეთის ამირები. ასე შეიკრა კოალიციური ლაშქარი არზრუმში. მთავარსარდალი იყო იმ დროის განთქმული მებრძოლი ელ-ღაზი. როგორც შუა საუკუნეების ავტორებს ჩვევიათ, კოალიციური ლაშქრის რიცხობრივი მონაცემები არ არის ზუსტი, სხვადასხვა წყაროში იგი  მერყეობს 150 ათასიდან 560000-მდე. ასევე არაერთგვაროვანია მემატიენეთა ცნობები ქართველთა ლაშქრის რაოდენობის შესახებ. უფრო სანდოდ მიაჩნიათ მათე ურჰაელის ცნობა, რომლის მიხედვით დავითის ჯარში 55 ათასი მოლაშქრე ითვლებოდა (40 ათასი ქართველი,  15 ათასი ყივჩაღი, 500 ალანი,  100 ევროპელი ჯვაროსანი).

დავით აღმაშენებლის მემატიანის მიხედვით, მუსლიმთა ლაშქარიმოვიდეს თრიალეთს, მანგლისს და დიდგორთა, რომელიც თვით ფერხთა ზედ ავერ ეტეოდეს ამათ ადგილთა”. ალ-ფარიკის ცნობით, მუსლიმთა ჯარები მანგლისის მიდამოებიდან თბილისის მისადგომებთან უნდა შეყრილიყვნენ.

დავითმა მტერს გზა დიდგორთან მოუჭრა. ბრძოლა გაიმართა 1121 წლის 12 აგვისტოს. შემონახულია სიტყვა (ანტიოქიის კანცლერი გოტიე), რომელიც დავითს ბრძოლის წინ წარმოუთქვამს. სწორედ ამ სიტყვიდან არის ცნობილი, რომ ქართული ჯარი მდგარა ხეობაში, რომლის შესასვლელიც დავითის ბრძანებით საგანგებოდ ჩაუხერგავთ, რათა მებრძოლებს უკან დასაბრუნებელი გზა არ ჰქონოდათ.

ყველა წყაროს ჩვენებით, მტრის ბანაკი ქართველებთან პირველივე შეტაკებისთანავე არეულა. ქართველთა სარდლობამ მტერს არ მისცა გაშლის საშუალება. მეფემწყნარად, უშფოთველად და გამოცდილებით და ყოვლად ბრძნად განაგობრძოლის საქმე (დავითის მემატიანე). “იმ დღეს იქნა სასტიკი და საშინელი ამოწყვეტა თურქთა ჯარებისა და აღივსნენ გვამებით მდინარენი  და მთატა ხევები და ყოველნი მთათა ქარაფნი დაიფარნენ” (მათე ურჰაელი). ქართველებმა ბოლომდე სდიეს მტერს, ხელთ იგდეს დიდძალი ნადავლი და ტყვეები _ “რამეთუ გლეხთა, იხილემცა, ოდეს არაბთა მეფენი მოჰყვანდეს ტყუედ”! (დავითის მემატიანე).

დიდგორის ბრძოლიდან ერთი წლის თავზე დავითმა თბილისი აიღო _ ოთხასი წლის წინ დაკარგული ძველი დედაქალაქი საქართველომ ისევ დაიბრუნა. თბილისის აღებას თან ახლდა შუა საუკუნოვანი ომის ყველა სისასტიკე _ მოსახლეობის გაძარცვა, დარბევა, ხანძარი. რამდენიმე დღის შემდეგ კი მეფემ შეიწყნარა ქალაქის მცხოვრებნი და კეთილად მოეპყრა მათ, დაუდგინა ის  პირობები, რომლებიც თავად მოქალაქეებმა აირჩიეს (ალ-ფარიკი). დაუწესა  საგადასახადო შეღავათები, კულტმსახურების და მართლმსაჯულებას თავისუფლება, ტრადიციული ყოფითი წესების ხელშეუხებლობა. არაბი მემატიანეების მოწმობით, დავითი თავის ძესთან, დემეტრესთან ერთად პარასკევობით მეჩეთში დადიოდა და შესაწირავს სწირავდა. მეფე დიდი პატივით ეპყრობოდა მუსლიმ ღვთისმეტყველებს _ თურმე სუფიებს თბილისში  სასახლეები აუშენა. საქართველოს მეფეებიმაჰმადიანებს უფრო მეტი პატივისცემით ეპყრობოდნენ, ვიდრე თვით მუსლიმი ხელმწიფენიო”. (იბნ-ალ ჯავზი).

ამ ძლევამოსილი ლაშქრობების შემდეგ დავითი აგრძელებს თურქების წინააღმდეგ ბრძოლას საქართველოს ფარგლებს გარეთ, რადგან მეფეს შეუძლებლად მიაჩნდა საქართველოს  უსაფრთხოების დაცვა მოსაზღვრე ოლქების თურქთაგან გაწმენდის გაწმენდის გარეშე. 1123 წელს დავითმა ორჯერ ილაშქრა შარვანში, ”მოირთო შარვანი და აღავსნა კეთილითა ყოველნი მორჩილნი ბრძანებათა მისთანი (ქც.I.343). 1124 წელს აიღო დმანისი, ამავე წელს კვლავ ილაშქრა შარვანის მხარეში, შემდეგ სომხეთში, აიღო იქაური ციხეები: გაგი, ტერონაკალი, ქავაზინნი, ნორბედი, მანასგომნი და ტალინჯაქარი. იმავე 1123 წელს თურქების გასადევნადგანვლო ჯავახეთი, კოლა, კარნიფორა, ბასიანნი სპერამდის, და რაც პოვა თურქმანი, მოსრა და ტყუე ჰყო” (ქც. I. 344). ამასობაში ანისის მკვიდრებმა, რომლებიც შადადიანი მმართველებისაგან უსაშველო შევიწროებას განიცდიდნენ, დავითს  დახმარება სთხოვეს (სამოელ ანელი). 1124 წლის წლის აგვისტოში დავითმა გაილაშქრა ანისზე. მოსახლეობამ ქალაქის კარები გააღო და ქართველთა მრფე ქალაქში მშვიდობიანად შევიდა (სამუელ ანელი, მათე ურჰაელი). 60 წლის ტყვეობის შემდეგ ანისი გათავისუფლდა თურქთაგან. დავით აღმაშენებელმა ანისი და ლორე-ტაშირი  მისიმიმდგამი ქვეყნებითურთსაქართველოს სამეფოს შემოუერთა, შემდეგ _ ვანანდის, აირარატის და არცახის ოლქები  დაიკავა. მალე ისევ სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით აწყობს მეფე ლაშქრობას, იღებს შამახიას და ბირიტის ციხეს. ადგილობრივ ციხეებში ქართულ რაზმებს აყენებს

სამხედრო-პოლიტიკურმა წარმატებებმა, განსაკუთრებით კი საომარი მოქმედებების საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანამ, ქვეყანაში ხელი შუწყო სწრაფ ეკონომიკურ წინსვლას. დავითის მემატიანის ცნობით, მეფე დიდ ყურადღებას აქცევდა  გზების გამართვას _ ააშენახიდნი მდინარეთა სასტიკთა ზედა”, “გზანი, საწყინლად სავალნი, ქვაფენილ-ყვნა”, სასტუმროების და ქარვასლების მშენებლობას, ფისკალურ პოლიტიკას _ ცნობილია დავითის სახელით მოჭრილი არაბულწარწერიანი ფული. ვაჭრობისათვის ხელშეწყობის მიზნით დავითმა გორის ციხის ადგილას ქალაქი გააშენა და შიგ სომხები ჩაასახლა;

სომხური თემების, აგრეთვე თბილისისა და დმანისის შემოერთების შემდეგ ქვეყნის მთლიანობას საფრთხე უკვე შიგნიდან ემუქრებოდა განსხვავებული სარწმუნოებისა და კონფესიების მიმდევართა დიდი მასების მოსალოდნელი კონფლიქტების გამო. ეს საკითხები დავითმა, როგორც ჩანსმთელი სიგრძე-სიგანით გაითვალისწინა და საგანგებო კანონმდებლობა შეიმუშავა არაქრისტიანული მოსახლეობის დასაცავად. სხვა ეთნოსების მიმართ გამოჩენილი შემწყნარებლობა და ქართველ ეთნოსთან მათი სოციალურად გათანაბრება ქართული პოლიტიკის საშინაო მიმართულებად დარჩა მომავალშიც, რამაც ჭეშმარიტად ხელი შეუწყო იმდროინდელი საზოგადოების კონსოლიდაციას.

დავით აღმაშენებელს, თავად ფრიად განსწავლულ ადამიანს, კარგად ესმოდა განათლების მნიშვნელობა ქვეყნის შემდგომი წინსვლისათვის. დავითიძლიერ ზრუნავდა ცოდნისმოყვარე ივერიის ხალხზე” (ვარდან ბარძბერდეცი), მას აურჩევია 40 ბავშვი და გაუგზავნიაა საბერძნეთში, რათა შეესწავლათ მოწინავე ბერძნული მწერლობა, ეთარგმნათ მნიშვნელოვან ავტორთა ნაწარმოებები და სამშობლოში გაევრცელებინათ. იმავე წყაროს ცნობით, ამ ბავშვთაგან სამი თურმე ძალზე ცნობილი მოღვაწე გახდა.

X-XI საუკუნეებიდან საქართველოში განსაკუთრებით ძლიერდება ქართველი ბერმონაზვნობის შემოქმედებითი კონტაქტები უცხოეთის სამწიგნობრო ცენტრებთან. ამ პერიოდიდან ახალ ეტაპზე ადის ქართული ორიგინალური მწერლობა, მთარგმნელობითი ხელოვნება, მრავალფეროვანი ხდება თავად სათარგმნი მასალის რეპერტუარი. ამ თარგმანების წყალობით ადგილობრივ მოქმედ ქართულ სკოლებში ახალგაზრდას იმ დროისათვის უკვე სერიოზული განათლების მიღება შეეძლომაგრამ იმდროისათვის მაღალი საღვთისმეტყველო და სამეცნიერო ცოდნის ქართველი სწავლულები ისევ ბიზანტიის (კონსტანტინეპოლი,ათონი, ანტიოქია, პეტრიწონი) საგანმანათლებლო კერებში მიემგზავრებოდნენ. დავითმა საჭიროდ ჩათვალა ადგილზე დაეარსებინა ისეთი საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც თავისი სასწავლო პროგრამებით და პედაგოგთა (მოძღვართა) კონტიგენტით იმდროინდელი ბიზანტიისა და აღმოსავლეთის  წამყვან სკოლებს გაუტოლდებოდა. ასეთ ცენტრად იქცა დავითის მიერ აშენებული გელათის მონასტერთან დაარსებული აკადემია. ამ სასწავლებელს მუშაობა დაუწყია 1106-1110 წლებში, თვით გელათის ტაძრის დასრულებამდე. გელათის აკდემიაში სასწავლო პროცესის გასაძღოლად დავითს საქართველოში მოუწვევია სახელგანთქმული ქართველი სწავლულები, რომლებიც იმხანად ბიზანტიაში მოღვაწეობდნენ. ესენი იყვნენ იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი, თეოფილე ხუცესმონაზონი, იოანე ტარიჭისძე. გელათის აკადემიაში, ისევე როგორც ბიზანტიის აკადემიებში, ეტაპობრივად ისწავლებოდა ტრივიუმისა და კვადრივიუმის საგნები: გრამატიკა, ფილოსოფია, რიტორიკა, არითმეტიკა, გეომეტრია, მუსიკა, ასტრონომია.

   გელათის აკადემიას ხელმძღვანელობდა მოძღვართ-მოძღვარი (რექტორი), რომელსაც მინიჭებული ჰქონდა დარბაზის სხდომებში მონაწილეობის უფლება.

    დავითი უხვი შეწირულობებს უგზავნიდა საზღვარგარეთ არსებულ საკუთრივ ქართულ ან უცხოურ საგანმანათლებლო ცენტრებს (ათონი, ბულგარეთი, კვიპროსი, შავი მთა, პალესტინა, სინა), სადაც კი ქართველი ბერმონაზვნობა მოღვაწეობდადავითს სინას მთაზეც აუშენებია მონასტერი (დავითის ისტორიკოსი/ქც.I,352-353). საქართველოში დავითის ბრძანებით აშენდა და შეიმკო მრავალი ეკლესია, მათ შორის შიომღვიმის ღვთისმშობლის ეკლესია.

დავითის ისტორიკოსი საგანგებოდ ჩერდება დავითის საღვთისმეტყველო განსწავლულობაზე და დაუცხრომელ წიგნისმოყვარეობაზეშესანიშნავი ლიტერატურული ნიჭიერებით დაჯილდოებული მეფე თვითონაც თხზავდა. მის კალამს ეკუთვნის მაღალი პოეტური ღირსების საგალობელიგალობანი სინანულისანი”. ეს ნაწარმოები თავისი რიტმულობით, განწყობილებით, რელიგური განცდის ინდივიდუალური წვდომით ერთ-ერთი საუკეთესოა ქართულ  ჰიმნოგრაფიაში

დავითი, ცხადია, სიცოცხლეშივე იქცა შესხმა-ხოტბის საგნად. დავითისადმი მიძღვნილი შესხმა, რომლის ავტორია არსენ იყალთოელი, ჩართულია რუის-ურბნისის ძეგლისწერაში – “მეფესა დავითს მონაზონი არსენი”. ეს შესხმა მაღალი რიტორიკული სტილით და იდეური მიზანდასახულობით ეხმიანება ბიზანტიის იმპერატორებისადმი მიწერილ განმადიდებელ ეპისტოლეებს, რომლებსაც ურთავდნენ  ხოლმე მსოფლიო საეკლესიო კრებების დადგენილებებს.

 

 

წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:
1. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, ქართლის ცხოვრება 1,ტექსტი, დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბილისი, 1955.
2. დავით აღმაშენებლის ანდერძი შიომღვიმისადმი /ქართული ისტორიული საბუთერბის კორპუსი I, თბილისი, 1984;
3. რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა, ტექსტი გამოსცა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ე. გაბიძაშვილმა, თბილისი, 1978;
4. დიდი სჯულისკანონი, გამოსაცემად მოამზადეს ე.გაბიძაშვილმა, ე. გიუნაშვილმა, მ.დოლაქიძემ, გ. ნინუამ, თბილისი, გამომცემლობა თბილისი, “მეცნიერება”, 1975;
5. ვარდან არეველცი, მსოფლიო ისტორია, ძველი სომხურიდან თარგმნეს ნოდარ შოშიაშვილმა და ეკა კვაჭანტირაძემ, არტანუჯი, 2002.
6. Ф.Жордания, Завещание царя Давида Возобновителя, вфнное Шиомгвимской лавре в1123 г. Тифлис, 1895.
7. ნ. ბერძენიშვილი, სავაზირო ფეოდალურ საქართველოში, (ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი) საქართველოს ისტორიის საკითხები III, 1966.
8. მ. ლორთქიფანიძე, ქართული ფეოდალური მონარქიის კარის მოხელენი/ მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, თბილისი, 1956;
9. შ. მესხია, XI_XIII სს. საქართველოს სახელმწიფოებრივი წყობის ისტორიიდან/ საისტორიო ძიებანი, I, 1982, 371;
10. ზ. ავალიშვილი, ჯვაროსანთა დროიდან გარშემო ერთი ომისა , პარიზი, 1929.
11. ლ. დავლიანიძე, მათე ურჰაელის ცნობები დავით აღმაშენებლის შესახებ/ საქართველო რუსთაველის ხანაში, თბილისი, 1966.
12. შ. მესხია, ძლევაი საკვირველი, თბილისი, 1972.
13. რ.მეტრეველი,დავით IV აღმაშენებელი, თბილისი,1990;
14. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია,ტ.II, თბ.1970;
15. ივ. ჯავახიშვილი, ქართული სამართლის ისტორია,თხხზულებანი, ტ.VI;
16. მ.ლორთქიფანიძე, საქართველოს შინაპოლიტიკური და საგარეო ვითარება X ს.80—იან წლებამდე. სინ, III, 1979.
17. ს.ჯანაშია, საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან მე-13 საუკუნემდე/შრომები, ტ.II, თბილისი, 1952;
18. შ. მესხია, საქალაქო კომუნა შუა საუკუნეების თბილისში, თბილისი, 1962,81;
19. შ. მესხია, ძლევაი საკვირველი, თბილისი, 1972;
20. ვ.კოპალიანი, საქართველოს ურთიერთობა ბიზანტიასთან, ჯვაროსნებთან, თბილისი, 1990;
21. ზ. ავალიშვილი, ჯვაროსანთა დროიდან, თბილისი, 1989;
22. დ.გოგოლაძე, მეფე დავით IV და მისი ზედწოდება – აღმაშენებელი/ მაცნე, ისტორიის სერია, 1989, №3.
23. ქ. ჩხატარაიშვილი, დიდგორის ბრძოლის ისტორიული მნიშვნელობა? დიდგორის ბრძოლა, თბილისი, 1973.
24. ივ. შაიშმელაშვილი, დიდგორის ბრძოლა სამხედრო ხელოვნების თვალთახედვით/ დიდგორის ბრძოლა, თბილისი, 1973.
25. ს. კაკაბაძე, დიდგორის ომი, თბილისი, 1982.
26. ო.ცქიტიშვილი, სიბტ ალ-ჯაუზის ცნობა დავით აღმაშენებლის შესახებ /თსუ შრომები, ტ.II, 1967.
27. ვ. გაბაშვილი, თბილისი 1082-1122 წლებში/ქართული წყაროთმცოდნეობა, IV, თბილისი, 1973.
28. დ.გვრიტიშვილი, გორის ისტორია, თბილისი, 1954.
29. გ.ჯაფარიძე, საქართველო და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყარო, თბილისი, 1995;
30. შ.კრიხელი, ქართველი ებრაელები ფეოდალიზმის ხანაში/ საქართველოს ებრაელთა სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის სრომები, თბილისი, 1945;
31. ბ. ლომინაძე, სახელმწიფოსა და ეკლსიის ურთიერთობა VIII-XII საუკუნეების საქართველოში/საქართველო რუსთაველის ხანაში, თბილისი, 1966.


                                                                                                                                                                               მოამზადა მზია სურგულაძემ
 

საქართველო დავით აღმაშენებლის მეფობის დასასრულს

ბაგრატ III იმერთა მეფე, ევდემონ ჩხეტიძე, დავით IV აღმაშენებელი XVI ს., გელათი