მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

ხიმშია აბაზასძე-მარილელი-აბულეთისძე, XIV-XV საუკუნეთა მიჯნა

თემურ-ლენგის წინააღმდეგ მერძოლი ქართველი დიდგვაროვანი

 

      თემურ-ლენგის შემოსევების დროს ქართველმა ხალხმა უმაგალითო ბრძოლისუნარიანობა გამოიჩინა. იმ დროისათვის ეს იყო ჭეშმარიტად სამამულო ომი, რომელმაც უამრავი სიცოცხლე შეიწირა, უზარმაზარი ნგრევა მოიტანა, მაგრამ ქართველების უკომპრომისო ბრძოლამ აიძულააღმოსავლეთის მბრძანებელითვითონ ეთხოვა ზავი გიორგი VII-ისათვის.

      იმდროინდელი ქართული წყაროების სიმწირის გამო მეცნიერები ძირითადად სპარსულ წყაროებს ეყრდნობიან, რომლებიც მოგვითხრობენ საარაკოდ ქცეულ ცალკეულ საბრძოლო ეპიზოდებზე, მაგრამ მებრძოლთა სახელები არსად არ არის შემორჩენილი. ამ მხრივ ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს ხიმშია, რომელიც კახეთის მიწა-წყალს იცავდა თემურის 1399 წლის რიგით მეხუთე ლაშქრობის დროს. სწორედ ამ შემოსევას უძღოდა წინ გიორგი VII-ის წინამძღოლობით ქართველთა წარმატებული ბრძოლა ალინჯის ციხესთან ჯალაირიანი უფლისწულის თაჰერის გასათავისუფლებლად.

      ინდოეთის ლაშქრობიდან სამარყანდს დაბრუნებულმა თემურმა, როგორც კი შეიტყო ეს ამბავი, შურის საძიებლად გაემზადა. ყარაბაღის გზით აზერბიჯანში შემოვიდა, ნავებისაგან სახელდახელოდ გაკეთებული ხიდით მტკვარი გადმოლახა და საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთის საზღვრიდან  შემოუტია. აქ მას შემოუერთდა საქართველოს ყოფილი ყმადნაფიცი შირვანის ხანი და მტრის ისედაც მრისხანე ძალა კიდევ უფრო გაიზარდა. მთელი ეს ამოდენა ჯარი თოვლიან ზამთარში იმ ადგილებში შემოსულა, რომელსაც სპარსული წყაროებიხამშას ქვეყანასუწოდებენ. ამხამშას”, მხოლოდ სწორი ფორმით, ხიმშიას, იცნობს XVII საუკუნის ქართველი მემატიანე ფარსადან გორგიჯანიძეც. “ხიმშია კახეთისა და შაქისისა ლაშქრით საომრად მიეგება თეიმურ ხელმწიფესა. შეიქმნა მათში ძრიელი ომი... ორგნითვე თავგამოდებით დაუშინეს ერთმანერთსა, ორგნითვე მრავალი დახოცეს. თემურ ბედძრიელი და ხიმშია მრავალჯერ ომნაცადი იყო. შეატყო, რომ თურქნი გაიმარჯვებდნენ და ხიმშიამ იქაურობა კარგად იცოდა, ტყეში გარდუქცია” (ფარსადან გორგიჯანიძე). ამრიგად, ხიმშიას პარტიზანული ბრძოლები გაუმართავს მრავალრიცხოვანი მტრისათვის და ხშირი ტყით დაფარული ხეობიდან მოულოდნელ თავდასხმებს აწყობდა. ამიტომ თემურმა ტყის გაკაფვა ბრძანა  და მთელი ათი დღის განმავლობაში მისი მეომრები ხეების ჭრითა და  ბრძოლა-ბრძოლით მიიწევდნენ ხეობის სიღრმეში. ურიცხვი მტრის ტალღა თანდათანობით  მთელ მიდამოს მოსდებია და ხიმშია იძულებული გამხდარა ხალხი დაეხიზნა და თეთრ წყლამდე უკან დაეხია. თემურის ბრძანებით მისი მეომრები სოფლებს ჯერ ძარცვავდნენ, ცხვარ-ძროხას ერეკებოდნენ, ბაღ-ვენახებს ჩეხდნენ, შემდეგ კი ცეცხლს უკიდებდნენ. “ლალისა და ბროწეულის ყვავილისფრად თოვლი იღებებოდა.... მიდამოს რომ თოვლი გადაფარებოდა ყანჩის ფრთებივით, არღავნის ფერად შეიღება ურჯულოთა სისხლით... ასე აღწერს იმდროინდელ შეტაკებების შედეგებს თემურ-ლენგის მეხოტბე ისტორიკოსი (შარაფ ად-დინი).

      სხვა ცნობა ხიმშიას შესახებ არა გვაქვს, მხოლოდ 1405 წლის ერთი ისტორიული საბუთის მონაცემების მიხედვით, რომლის გამცემია  ხიმშია აბაზასძე-მარილელი, მოხერხდა მისი იდენტიფიკაცია თემურის წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზატორ ხიმშიასთან (ოთხმეზური).

      ხიმშია ეკუთვნოდა XI-XIII საუკუნეების წყაროებით კარგად ცნობილ ქართლის აბაზასძეთა ფეოდალურ საგვარეულოს, რომელმაც რამდენჯერმე განიცადა აღზევება-დაცემა. ზედწოდებამარილელიმიუთითებს, რომ მისი ერთი შტო (როგორც ჩანს, ქართლიდან გადახვეწის შემდეგ) დამკვიდრებულა კახეთში, მარილისის ხეობაში, ამიტომაც 1405 წლის ხსენებულ საბუთში ხიმსია ასე იხსენიებს თავს: “...პირველ აბაზასძემან მარილელმან ხიმშიამან...” როგორც ჩანს, ეს სწორედ ის ხეობაა, სადაც ხიმშიამ ბრძოლა გაუმართა თემურ ლენგის ურდოებს (ოთხმეზური).

      ხიმშია, ალბათ, ამ ბრძოლაში დამსახურებისათვის, კათალიკოს ელიოზ გობირახისძის ძმის, ამირახორ გრიგოლ გობირახისძის, გარდაცვალების შემდეგ მეფისაგან იღებს ამირახორობას და აბულეთისძეთა მამულს (მეფემ იგიაბულეთისძედ დასვა”). ამ ამბავთან  არის დაკავშირებული მის ზედწოდებაშიაბულეთისძისგაჩენა. მეფის ამ წყალობის აღსანიშნად სწირავს ხიმშია მცხთის ტაძარს ახლად ნაწყალობევი აბულეთისძეთა მამულიდან (ძაგნაკორნა) ყმას და სარუე გადასახადს სოფელ ნოდოკრადან. საბუთში მოხსენიებულნი არიან ხიმშიას მეუღლე ესნია და შვილი იმარინდო. ხიმშიას ამირახორობის ამსახველი საბუთები არ მოგვეპოვება. უნდა ვივარაუდოთ, რომ XV საუკუნის 40-იანი წლებამდე, ვიდრე ეს თანამდებობა ზევდგინისძეთა ფეოდალურ სახლს არ გადაეცა, ხიმშიას შთამომავალმა იმარინდომაც მოასწრო ამირახორობა. ამას გვაფიქრებინებს ზევდგინისძე-ამირახორთა სახლში ფრიად გავრცელებული  სახელი ამირინდო//იმარინდო, რომელიც მათ ამირახორის სახელო მამულთან ერთად უნდა მიეღოთმემკვიდრეობით”. საკუთარი სახელების ასეთი სემიოტიკური გადანაცვლება, რასაც მემკვიდრეობითობის ხელოვნურად გადაცემის ფუნქცია ეკისრებოდა, შუა საკუნეებში ფრიად მიღებული წესია. ამავე მენტალურ წარმოდგენას ასახავს გამოთქმააბულეთისძედ დასმა”, რის შემდეგ ხიმშია გახდა აბაზასძე-მარილელი-აბულეთისძე.

 

 

     წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა    

1.     . კაკაბაძე, ფარსადან გორგიჯანიძის ისტორია, საისტორიო მომაბე, II, 1925, გვ.301.

2.     ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, თხზულებანი 12 ტომად, III,  1982, გვ. 196-200.

3.     . ტაბატაძე, ქართველი ხალხის ბრძოლა უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ XIV-XV საუკუნეების მიჯნაზე, თბილისი, 1974, გვ. 96-113.

4.     . ტაბატაძე, რაშიდ ად-დინის ცნობები საქართველოს შესახებ, ქართული წყაროთმცოდნეობა, II, 1968, გვ. 77-86.

5.     . ოთხმეზური, ქართული ფეოდალური საგვარეულოების ისტორიიდან (აბაზასძე-მარილელი-აბულეთისძე), თბილისი, 2006.

 

 

მოამზადა მზია სურგულაძემ