მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

სვიმონ ბატონიშვილი, (1683-1740 წწ.)

ლევან მუხრანბატონის ძე, ვახტანგ VI-ის ძმა, ქართლის გამგებელი 1712-1714 წლებში.

 

 

 

            ლევან მუხრანბატონის შვილებს ერთმანეთის მონაცვლეობით მოუწიათ ქართლის გამგებლობა. გიორგი XI-ის გარდაცვალების შემდეგ შაჰმა მეფობა ლევანის უფროს ძეს, ქაიხოსროს მისცა, მაგრამ იგი 1711 წელს ირანის სამსახურში დაიღუპა. როდესაც 1712 წელს შაჰ ჰუსეინმა მეფობის დასამტკიცებლად ირანში გაიწვია, ვახტანგმა ქართლის გამგებლად თავისი თანამოაზრე ძმა, სვიმონ ბატონიშვილი  დატოვა. სვიმონი ქართლს 1712-1714 წლებში განაგებდა. სვიმონი მანამდეც, ვახტანგის ჯანიშინობის (1703-1712) პერიოდში მონაწილებდა ქვეყნის მმართველობაში. იგი ხშირად იხსენიება ამდროინდელ საბუთებში ვახტანგთან ერთად.

            სვიმონ  ბატონიშვილი მონაწილე იყო იმ საყოველთაო აღმავლობითი პროცესისარომელიც ქართლში ვახტაგ VI-ის ჯანიშინობის დროს დაიწყო, ხოლო  ვახტანგის ირანში გაწვევის შემდეგ _ ასევე საყოველთაო გათიშულობისა და ურთიერთქიშპისა, რასაც ნოყიერად ასაზრდოებდა გარედან მტერი, შიგნიდან კი თავადური მიკერძოებულობა. პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავლის ძიებას ყველა თავისი გზით ცდილობდა, რაც მხოლოდ ქაოსსა და ანარქიას ნერგავდა. ასეთი შედეგი მოჰქონდა მტკიცე ლეგიტიმური მმართველის არარსებობას  ფეოდალურ საზოგადოებაში, რითაც შესანიშნავად სარგებლობდნენ მედროვენი და ავატურისტები.

            რადგან ვახტანგი უარს ამბობდა მაჰმადიანობაზე, შაჰმა დიდხანს ვერ გადაწყვიტა ქართლის მეფის საკითხივახტანგს თავად შეუთავაზებია შაჰისათვის თავისი ძმები: “გარნა არიან ძმანი ჩემნი მაჰმადიანნი”. ამათ შორის იგულისხმებოდნენ სვიმონი (მაჰმადიანური სახელი გუსტასპი) და იესე. ამ პერიოდში თბილისში ჩამოდის ირანელი დიპლომატი ხოლოფა, რომელსაც, როგორც ჩანსსამეფო კანდიდატურის შერჩევა ჰქონდა დავალებული. ირანის მთავრობას სვიმონი მეფობის შესაფერ კანდიდატად არ მიუჩნევია და იესესათვის დაუჭერია მხარი. ასეთ ვითარებაში სვიმონიც იესეს სასარგებლოდ აკეთებს არჩევანს. ვახუშტის მიხედვითხოლოფასთან შეიზრახნენ სვიმონ და მთავარნი ქართლისანი ვახტანგის ბოროტსა ზედა”. მათ შაჰისათვის იესეს გამეფების თხოვნა გაუგზავნიათ. სვიმონის თხოვნას უერთდებოდნენ არაგვისა და ქსნის ერისთავები. ეს ის ერისთავები იყვნენ, რომლებიც ვახტანგს მტრად მოეკიდნენ ოსეთის დაპყრობის დროიდან (1711). სვიმონი კი ერისთავის სახლთან იყო დამოყვრებული.

            იესე ბატონიშვილი თავისი დაუოკებელი სწრაფვით ტახტისაკენ ძირს უთხრიდა საკუთარ ძმასაც და მის დაწყებულ საქმესაც. იესეს დიდი პოპულარობა მოუხვეჭია თბილისის მუსლიმურ წრეებში, თბილისის გარნიზონში და შაჰის კარზეც. ძალაუფლების წყურვილმა იესე ნამდვილ რენეგატად  ჩამოაყალიბა, რომლისთვისაც უცნობი იყო ზნეობრივი ან პოლიტიკური პრინციპები. მის შესახებ ვახტანგს უთქვამს: “მუდამ განდგომილი მტერი და ეშმაკი იყოო”. იესემ ვახტანგის დინასტიური უფლების ხარჯზე ორჯერ მოასწრო გამეფება ჯერ შაჰის და მერე ხონთქრის წყალობით (. დონდუა).

            1715 წელს შაჰმა იესეს _ იმავე ალიყული-ხანს გადასცა და პირობა ჩამოართვა, რომ ქართლიდან ირანში გაასახლებდა ვახტანგის სახლობას და სვიმონსაც, რომელიც ბოროტად იყენებდა გამგის უფლებებს (. ბროსე). რით იყო უკმაყოფილო ირანი სვიმონის გამგეობით, ქართულ წყაროებში არ ჩანს.   სვიმონის პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ გარკვეული მინიშნება  არის დაცული ფრანგი მისიონერის, რიშარის 1713 წელს კონსტანტინოპოლიდან საფრანგეთის მინისტრისადმი გაგზავნილი წერილში (თამარაშვილი). რიშარი, როგორც საფრანგეთის ელჩის წარმომადგენელი, ისპაჰანში ახლოს გაცნობია  ვახტანგს, იგი ნამყოფი იყო თბილისშიც, სადაც ხანგრძლივად სტუმრობდა სვიმონ ბატონიშვილთან. ეს ის პირია, რომელსაც სულხან-საბა ორბელიანი თან წაჰყვა საფრანგეთსამ შეხვედრიდან ჩანს, რომ სვიმონიც ევროპისაკენ  “იხედებოდა”, ისევე როგორც ვახტანგი და სულხან-საბა. უთუოდ ეს გახდა მისდამი ირანის გულგრილობისა მიზეზი.

            ვახუშტი ბაგრატიონი აშკარად უარყოფითად არის განწყობილი თავისი ბიძისადმი, რადგან, როგოც ჩანს, ვერ აპატია იესეს მიმხრობა. გარკვეული ირონია იგრძნობა ვახუშტის ნაამბობში სვიმონის შესახებ: ქართლში იმ დროს, როდესაც შიმშილი მძვინვარებდა, სვიმონი მართავდა ქვეყანასუფროს მომხვეჭით და არა შეიშინეს ღუთისა”. მართლაც, სვიმონს ბევრი მამული შეუძენია გაჭირვების წლებში, რასაც მოწმობს ჩვენამდე მოღწეული მისი ნასყიდობის წიგნები.

            იესეს მმართველობის დროს სვიმონი ძმასთან თანამშრომლობდა.  1716 წელს, მას შემდეგ, რაც ვახტანგმა იძულებით ისლამი აღიარაქართლის მმართველად შაჰმა ბაქარი დაადგინა. ბაქარი დიდი გულმოდგინებით შეუდგა ქართლის აწეწილი საქმეების დალაგებას და მამის მოღალატეებზე  ანგარიშსწორებას. იესე-ხანი ბაქარმა დააპატიმრა, რამდენიმე მოღალატე თავადი კი სიკვდილით დასაჯა, ან ქვეყნიდან გააძევასვიმონს, როგორც ჩანს, რეპრესიები არ შეხებია. პირიქით, მას ბაქარმა დაავალა ჭარელი სურხავის ჯართან შებმა (1717). სვიმონმა 300 კაცით დაამარცხა ქვემო ქართლში მოთარეშე ლეკები.

            ამ ბრძოლამდე ცოტა ხნით ადრე სვიმონის ოჯახი და მსახურები ეპიდემიას შეუწირავს. 1717 წლის მომდევნო ხანებში სვიმონს თბილისში ეკლესია აუგია, რასაც პლატონ იოსელიანი მის ოჯახურ ტრაგედიას უკავშირებს. ვახტანგის დაბრუნების შემდეგ, 1723 წლის თბილისის ალყამდე  სვიმონი დიდად აღარ ჩანს პოლიტიკურ ასპარეზზე. კონსტანტინე მაჰმადყულის  თბილისში შემოჭრის დროს სვიმონს დავალებული ჰქონია ავლაბრის შემოსასვლელი ხიდის დაცვა, რაც, ვახუშტის ცნობით, მას არ განუხორციელებია. “მუნ მდგომმა სვიმონ არ აჰყარა ხიდი, არცა განამაგრა საფარნი. ეგრეთვე ქართველთა დაუტევეს მეფე ხელთა შინა მტრისათა”. სეხნია ჩხეიძე იმავე ეპიზოდის გადმოცემისას სვიმონს არ ადანაშაულებს და ვახტანგ მეფის მიერ მოწინააღმდეგის ძალების შეუფასებლობას მიაწერს. 1723 წლის 4 მაისის შემდგომ  1724 წლის ივლისამდე, როდესაც ვახტანგი და ბაქარი პარტიზანულ ბრძოლებს ხელმძღვანელობდნენ, სვიმონ ბატონიშვილიც იბრძოდა მათთან ერთად _ მას და შანშე ერისთავს ერთად შეუტევიათ წილკნის ციხეში ჩამსხდარი ლეკებისათვის, მაგრამ ლეკები ციხიდან გამოსულან და თავდამსხმელნი გაუძევებიათ.

            სვიმონ ბატონიშვილი ვახტანგს თან გაჰყვა ემიგრაციაში. სვიმონის პოლიტიკურ და კულტურულ ორიენტაციაზე საუკეთესოდ მეტყველებს მისი არჩევანი _ იგი გაჰყვა ვახტანგს რუსეთში, მაშინ, როდესაც იესე ადგილზე  დარჩა და ოსმალთაგან მეორედ მიიღო მეფობა.

            აღსანიშნავია, რომ ქართლის გამგებლობის წლებში სვიმონი ზრუნავდა ვახტანგის მიერ დაარსებულ ქართულ სტამბაზე. მაშინ ეს სრულიად ახალი საქმე იყო, რომელიც ხელისუფლებისაგან დიდ დახმარებას საჭიროებდა. სვიმონის განკარგულებით და ხარჯით დაბეჭდილა დავითნი 1712 . კურთხევანი, 1713 . კურთხევანის წინასიტყვაოვაში აღნიშნულია: დავბეჭდეთ ბრძანებითა და წარსაგებელითა საფასეთათა ქრისტესმოყვარისა, საქართველოს კეთილად გამგებლისა, ბატონისშვილის სიმონისათა, მრავალმცა არიან წელნი ცხოვრებისა მათისანი”. საეკლესიო წიგნების გამოცემას წინ უძღოდა დიდი სარედაქციო სამუშაოები - ბერძნულ დედნებთან შეჯერება, ენობრივი ნორმების მიხედვით სწორება და სხვა. ასეთი ფართო ფილოლოგიური მუშაობის ერთ-ერთი ორგანიზატორი ყოფილა სვიმონ ბატონიშვილიც.

           

 

            წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1.         სეხნია ჩხეიძე, საქართველოს ცხოვრება, თფილისი, 1913.

2.         ვახუშტი ბაგრატიონი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით . ყაუხჩიშვილის მიერ, /ქართლის ცხოვრება თბილისი, 1973, . IV,

3.         .თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის

4.         . ბროსე,საქართველოს ისტორია, თარგმ. სიმონ ღოღობერიძისა, ნაწ. 2.

5.         კრუზინსკი, ტრაგიცა ვერტენტის ბელლი ჴერსისიცი ჰისტორია ლეოპოლი, 1740. . ბროსე, ქართლის ცხოვრება, ფრანგ. თარგმანი,

6.         . ბაქრაძე, მეფე ვახტანგ VI, ტფილისი, 1880;

7.         Nოუვეაუ ჟოურნალ Aსიატიქუე, აპრილი, 1832, .IX. 

.         დონდუა, ვახტანგ VI-ის დროინდელი საქართველოს პოლიტიკური ისტორიიდან, (1712-1745). მიმომხილველი, 1953.

8.         აღმოსავლეთ საქართველო XVIII საუკუნის პირველ ნახევარში /საქართველოს ისტორიის ნარკვევეი, IV, 1973.

9.         . ბერძენიშვილი, ირან-ოსმალეთის ომი და საქართველო XVIII საუკუნის პირველ ნახევარში / საქართველოს ისტორიის საკითხები, . VI, 1973.

10.       Г.Пайчадзе, Русско-грузинские отношения в 1725-1735 гг. Тбилиси, 1965.

 

 

 

მოამზადა ანა ბაქრაძემ