მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

 

სოლომონ II 1772-1815 წწ.

იმერეთის უკანასკნელი მეფე 1789-1810 წლებში, სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის დაუცხრომელი მებრძოლი

 

 

 

      სოლომონ II იგივე დავით არჩილის ძე ბაგრატიონი, იყო სოლომონ I-ის ძმისწული და ერეკლე II-ის შვილიშვილი ქალიშვილის ხაზით. არჩილი იზრდებოდა ერეკლე II-ის კარზე გაიოზ არქიმანდრიტის ხელმძღვანელობით, ხოლო იმერეთში დაბრუნების შემდეგ (სოლომონ I-ის გარდაცვალების შემდეგ) აღმზრდელად მიუჩინეს ბეჟან ავალიშვილი. უძეოდ დარჩენილმა სოლომონ I-მა, ერეკლე II-სთან შეთანხმებით, ჯერ კიდევ არასრულწლოვანი არჩილი თავის მემკვიდრედ დაასახელა. მანამადე კი იმერეთის ტახტი დაიჭირა დავით გიორგის ძემ, რომელმაც პირობა დადო, რომ არჩილს დაუთმობდა ტახტს, როცა იგი სრულწლოვანი გახდებოდა.

      დავით გიორგის ძემ არ შეასრულა დანაპირები, რამაც იმერეთში შინაური ბრძოლის ახალი ტალღა გამოიწვია. დავითი თავისი ხელისუფლების განმტკიცების მიზნით სწყალობდა სოლომონ I-ის მიერ შევიწროებულ საგვარეულოებს, იმდენად, რომ გაუქმებული რაჭის საერისთავოშიც კი დააბრუნა მოღალატე რაჭის ერისთავის მემკვიდრეები. ასე თანმიმდევრულად  არყევდა  იგი იმერეთის ისედაც მყიფე ერთიანობას, რასაც სოლომონ I-მა თავდადებული ბრძოლით მიაღწია. დავით გიორგის ძით უკმაყოფილო თავადები დავით არჩილის ძის ირგვლივ დაირაზმნენ. საქმე რამდენჯერმე შეიარაღებულ შეტაკებამდე მივიდა. დავით გიორგის ძის ბედი გადაწყვიტა გრიგოლ დადიანთან დაპირისპირებამ. მეფეზე განაწყენებული დადიანი დავით არჩილის ძეს მიემხრო. 1789 წლის 9 ივლისს სოფელ მათხოჯთან მხარეები შეიბნენდავით არჩილის ძემ, რომელსაც დადიანთან ერთად ზურგს უმაგრებდა  ქართლის ლაშქარი, გამარჯვება მოიპოვა.

      დავით არჩილის ძემ ტახტზე ასვლისას თავისი სახელოვანი ბიძის, სოლომონის სახელი დაირქვა და ამით მის მიერ დაწყებული საქმეებისადმი ერთგულება გამოხატა.

      სოლომონ II-ის გამეფებიდან ერთი წლის თავზე საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ორი ღირსშესანიშნავი მოვლენა მოხდა, ორივე საქართველოს ერთიანობისაკენ სწრაფვას გამოხატავდა სხვადასხვა ფორმითპირველი _ ეს იყო თბილისში ერეკლეს კარზე გამართული  დარბაზის სხდომა, რომელზედაც იხილებოდა იმერეთის სამეფოსა და ქართლ-კახეთის გაერთიანების საკითხირომელიც ერეკლე II-ის საბოლოო გადაწყვეტილებით, ნაადრევად იქნა მიჩნეული. მეორე იყო საქართველოს სამეფო-სამთავროებს შორის სამხედრო-პოლიტიკური შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება. ინიციატორი ამგვარი დოკუმენტის შექმნისა იყო სოლომონ ლიონიძე. დოკუმენტის ხელმომწერნი უერთდებოდნენ 1783 წლის ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთს შორის დადებული ტრაქტატის პირობებს და  აღიარებდნენ ერეკლე II-ის უპირატეს როლს ამ თავისებურ გაერთიანებაში. ამ ხელშეკრულებით ქართველმა პოლიტიკოსებმა დაადასტურეს სიცოცხლისუნარიანობა იმ ეროვნული ღირებულებებისარომლებიც  ასაზრდოებდა ქართველ ხალხს მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში. ეს დოკუმენტი იმ დროისათვის საქართველოს ეროვნული ერთობის უმაღლესი გამოხატულება იყო _ ერთობა ენით, მიწა-წყლით, სისხლით, სარწმუნოებით და ურთიერთსიყვარულით, _ ასეთი იყო ამ ტრაქტატის პათოსი.

      ამავე დროს დოკუმენტის შემქმნელნი გულწრფელად ვარაუდობდნენ, რომ ქართული სამეფო-სამთავროების საერთო ნების გამომხატველი დოკუმენტის შექმნა თვით რუსეთის ინტერესებშიც უნდა ყოფილიყო. ისინი იმედოვნებდნენ, რომ საქართველოს ერთგულებაში დარწმუნებულ რუსეთს დოკუმენტის არსებობა გაუადვილებდა ოსმალეთთან მომავალი საზავო მოლაპარაკებების დროს საქართველოსათვის სასარგებლო შედეგების მიღწევას

      მაგრამ ქართველმა პოლიტიკოსებმა მაშინ როდი იცოდნენ, რომ რუსეთში სხვაგვარად ფიქრობდნენ. იმ ვითარებაში, როცა რუსეთის მეტოქეები ამიერკავკასიაში სუსტდებოდნენ, ხოლო რუსეთის ინტერესები ამ ქვვეყნისადმი იზრდებოდა, ძლიერი და ერთიანი საქართველო რუსეთისათვის საჭირო აღარ იყო (ბერძენიშვილი).

      ტახტიდან ჩამოგდებული დავით გიორგის ძე ახალციხეში გადავიდა  და იქიდან შეეცადა მეფობის დაბრუნებას. რასაკვირველია, მას იმერეთშიც ჰყავდა მომხრეები. 1790 წელს დავითი ლეკის ჯარით იმერეთში შემოიჭრა და სოლომონს ორჯერ გაუმართა ბრძოლა. ლომსიათხევში გადამწყვეტ ბრძოლაში სოლომონმა გაიმარჯვა. მის მხარეზე იბრძოდნენ ქართლიდან ჯარით ჩამოსული ბატონიშვილები, გრიგოლ დადიანი და ლეკების რაზმი

      დავით გიორგის ძესთან ბრძოლამ აიძულა სოლომონი თავისი მომხრე თავადების წინაშე გაუმართლებელ დათმობებზე წასულიყო _ მათი სურვილისამებრ გაეცა მამულები და სახელოები, რაც სოლომონს თავისუფალი მოქმედების საშუალებას უზღუდავდადიდი სირთულეების წინაშე დააყენა მეფე გრიგოლ დადიანმა, რომელმაც დახმარების სანცვლოდ საჭილაო მიიღო.  1792 წელს სოლომონის ხელშეკრულება დადიანთან ამ უკანასკნელის  სრულ დამოუკიდებლობას მოწმობს. დადიანი იჩემებდა ლეჩხუმს და ლეჩხუმთან მიმდებარე სვანეთის ნაწილსაც, რაც იმერეთის სამეფოს ხელიდან აცლიდა მისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მიწა-წყალს

      ახალგაზრდა მეფე, რომელიც იმერეთის პოლიტიკურ გაძლიერებაზე ოცნებობდა, ფეოდალთა ვიწრო თვალსაწიერმა უაზრო შიდა კონფლიქტებში ჩაითრია. 1792 წელს სოლომონმა ისარგებლა  გრიგოლისა და მისი ძმის, მანუჩარის  კონფლიქტით, დაიხმარა ლეჩხუმის სარდალ-მოურავი გელოვანი და გრიგოლს მთავრობა ჩამოართვა. სამეგრელოს მთავრად სოლომონმა თავისი ერთგული მანუჩარი დანიშნა. გრიგოლ დადიანი სამურზაყანოში გადავიდა, აქედან იგი დაუკავშირდა ტახტის მაძიებელ დავით გიორგის ძეს და მასთან ერთად შეება სოლომონის ჯარს. ბანძასთან ბრძოლაში სოლომონმა სძლია მოწინააღმდეგეებს. 1795 წელს დავით გიორგის ძე გარდაიცვალა, მაგრამ იმერეთში შინაური მშვიდობა მაინც არ დამყარებულა. 1798 წელს გრიგოლ დადიანმა გადაიბირა ლეჩხუმის ძლიერი ფეოდალი გელოვანი და მისი დახმარებით კვლავ გამთავრდა.

      მეფისა და გრიგოლ დადიანის დაპირისპირებას ბოლო არ უჩანდა. ამ კონფლიქტმა ორად გაყო დასავლეთ საქართველოს ძალები, მაშინ, როდესაც საგარეო საფრთხე იზრდებოდა.

      1802 წელს  სოლომონი მანუჩარ დადიანთან ერთად ლეჩხუმში შეიჭრა და ციხეები აიღო. სალხინოსთან გადამწყვეტ ბრძოლაში სოლომონმა სასტიკად დაამარცხა გრიგოლ დადიანი და მთავრად მისი უმცროსი ძმა ოტია გამოაცხადა. მთავრობას ჩაბღაუჭებულმა გრიგოლ დადიანმა ამჯერად რუსეთი მოიშველია. 1803 წლის დეკემბერში გრიგოლ დადიანის დიდი დაჟინებით სამეგრელო (სადაო ლეჩხუმის ჩათვლით) რუსეთის ქვეშევრდომ ქვეყნად იქცა. სოლომონ მეფის ბრძოლას იმერეთის გაერთიანებისათვის უკვე ნიადაგი გამოეცალა.

      სოლომონი როგორც საშინაო, ისე საგარეო საქმეებში თავისი პაპის, ერეკლე II-ის პოლიტიკის გატარებას ცდილობდა. ერეკლეს მსგავსად, იგიც რუსეთის ქვეშევრდომობის მომხრე იყო. ეს პოზიცია რუსეთის სამეფო კარს მან დაუდასტურა 1796 წელს კათალიკოს მაქსიმეს და ზურაბ წერეთლის ელჩობით. 1801 წლიდან, რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის მიერთების შემდეგ, საქართველოში სრულიად ახალი პოლიტიკური რეალობა შეიქმნა. აღმოსავლეთ საქართველოდან დევნილმა ბატონიშვილებმა სოლომონის კარზე მოიყარეს თავი. სოლომონის კარი ქართლ-კახეთში სამეფო ხელისუფლებისათვის ბრძოლის კერად გადაიქცა. სოლომონმა და ბატონიშვილებმა რუსეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის სახანოებთან და ახალციხის ფაშასთან გააბეს კვშირი. მიუხედავად ამ დიპლომატიური ნაბიჯებისა, რუსული ორიენტაცია 1783 წლის ტრაქტატის პირობებით მათთვის ისევ მისაღები იყო და ამიტომ მოითხოვდნენ ქართლ-კახეთის სამეფოს აღდგენას ტრაქტატის ჩარჩოებში. რეალობა სხვაგვარი იყო. სოლომონ მეფე, რომელმაც იმერეთის შემომტკიცებას წლები მოანდომა, ახლა სამეფოს დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგა. თუ რუსეთი თავიდან ფრთხილად ეპყრობოდა დასავლეთ საქართველოს, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ოსმალეთის ზედმეტად გაღიზიანებას უფრთხოდა. ამჯერად ქართველებმა სწორად შეაფასეს რუსეთის პოლიტიკის არსი. რუსეთს საქართველოს სახელმწიფოებრივობის მოსპობა ჰქონდა განზრახული და ამისთვის ქართველ ფეოდალთა ახლომხედველობას მარჯვედ იყენებდა. სოლომონი კი, რომელიც ისევე მზად იყო რუსეთის მფარველობა მიეღო, რუსეთისათვის მიუღებელი აღმოჩნდა, რადგან სოლომონს სახელმწიფოებრივობის შენარჩუნება სურდა. დადიანისმფარველობაცრუსეთმა სოლომონის ალყაში მოსაქცევად გამოიყენა. ძალთა თანაფარდობა აშკარად შეუსაბამო იყო, მაგრამ სოლომონი ფარხმალს მაინც არ ყრიდა.

      რისი იმედი შეიძლებოდა ჰქონოდა პატარა ქვეყნის მეფეს, რომელსაც შიდა კონფლიქტები ძირს უთხრიდა, ფოთში ოსმალეთის ჯარი ედგა და ყველაზე დიდი მოკავშირე ქართლ-კახეთის სახით  უკვე დაპყრობილი იყო?

სოლომონმა ორმაგი დიპლომატიური გზა სცადა _ 1803 წელს რუსეთში სოლომონ ლიონიძე გააგზავნა  და, უკვე მერამდენედ, მფარველობა ითხოვა. ამავე დროს რუსეთისაგან ფარულად ოსმალეთშიც გააგზავნა ელჩობა და გუშინდელ მტერს რუსეთის წინააღმდეგAერთად გამოსვლა შესთავაზა. ამ ელჩობის ამბავი რუსეთმა შეიტყო და იმერეთის სამეფოს ბედიც გადაწყდა. ციციანვმა იმერეთის დაპყრობის ბრძანება მიიღო.

      1804 წელს, განჯის აღების შემდეგ, პავლე ციციანოვმა დასავლეთ საქართველოსათვის მოიცალა. 1804 წლის 20 აპრილს რუსული ჯარი იმერეთში შეიჭრა და ხალხს იმპერატორის ერთგულებაზე ძალით დაუწყეს დაფიცება. სოლომონი გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა. 25 აპრილს მეფე ელაზნაურში ციციანოვს შეხვდა და ხელი მოაწერა მისთვის დამაცირებელ ხელშეკრულებას _ იმერეთი რუსეთის ქვეშევრდომად ცხადდებოდა, ხოლო  სოლომონი იმერეთის მეფედ ციციანოვის უშუალო  მორჩილ მოხელედ. ელაზნაურის ტრაქტატში იმერეთთან ერთად რუსეთის ქვეშევრმდომად გამოცხადდა გურიაც.

      ამ ხელშეკრულებას მალე მოჰყვა რუსული ჯარის გადმოსხმა ყულევში. ეს იყო რუსეთის პირველი ნაბიჯი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე დასამკვიდრებლად. მაღალი პორტა ფრიად შეშფოთებული იყო რუსების მიერ  “ქემხალის” (ყულევის) დაკავებით და მის დაცლას მოითხოვდა. რუსული ხომალდების გამოჩენამ ოდიშის სანაპიროზე ერთიანად შრცვალა ვითარება და ამიერიდან რუსეთისათვისიმერეთის მეფე საშიში აღარ იყო” (აქტები, II). აფხაზთა მთავარი შერვაშიძეც თანდათანობით დარწმუნდა ოსმალეთის უძლურებაში და ფარულად რუსეთისკენ  დაიწყო გადახრა.

      სოლომონი იმედებს მხოლოდ საეთაშორისო ვითარების რუსეთისათვის საზიანოდ შეცვლაზე ამყარებდა. ამ დროს რუსეთი ჩაბმული იყო ნაპოეონის წინააღმდეგ ევროპის კოალიციურ ომში, 1805 წელს ირანმა, ხოლო 1806 წელს ოსმალეთმა რუსეთს ომი გამოუცხადეს. ირანთან საომარი მოქმედებები ძირითადად აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, ოსმალეთთან კი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. ქართული მოსახლეობა ოსმალებთან ომში დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდა. ეს ომი მას ოსმალებისაგან საბოლოო განთავისუფლების იმედს უსახავდა. 1809 წელს ქართველებმა და რუსებმა ქართველი გენერლის მეთაურობით ფოთი აიღეს. ამ სამხედრო ოპერაციის ბედი მასში გურულების მონაწილეობამ გადაწყვიტა მამია გურიელის მეთაურობით. ამსამსახურისსანაცვლოდ გურიელმა რუსეთის მთავრობისაგანჯილდოდიმერეთის მეფისაგან დამოუკიდებლობა მიიღო.

      1809-1810 წლებში სოლომონისა და რუსეთის ადგილობრივ ხელისუფალთ შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. ქუთაისში რუსების ჯარი იყო ჩაყენებული, ამიტომ სოლომონს ქუთაისში აღარ დაედგომებოდა და 1000 კაციანი რაზმით  ვარციხეში გამაგრდა.

      1810 წლის 28 მარტს სოლომონი, ვითომ მოსალაპარაკებლად, ვარიანში ტორმასოვს შეხვდააქ იგი დააპატიმრეს და თბილისში გაგზავნეს.   1810 . 11 მაისს სოლომონი ციხიდან გაიპარა და ახალციხეში ჩავიდა. აქ მეფეს სოლომონ ლიონიძე და მალხაზ ანდრონიკაშვილი ელოდნენ.

      სოლომონი ახალციხიდან შეუდგა აჯანყების ორგანიზებას. მის მოწოდებებზე მთელი იმერეთი ფეხზე დადგა. სოლომონის დროშის ქვეშ 10 ათასზე მეტი მებრძოლი დაირაზმა. თავდაპირველად აჯანყებულებმა დიდ წარმატებებს მიაღწიეს, მაგრამ  თბილისიდან როზენის მეთურობით რუსულ ჯარის ახალი ნაწილების შემოსვლამ ბრძოლის სასწორი რუსების მხარეზე გადახარა. სოლომონი დარცხდა და ახლციხეში გადავიდა. რუსებმა იმერეთის სამეფო გააუქმეს და რუსული მმართველობა დაამყარეს.

       ოსმალეთში გადახვეწილი მეფე კვლავ ცდილობს დახმარების მიღებას . იგი ხან ოსმალეთს, ხან საფრანგეთს, ხან ირანს სთხოვს დახმარებას, მაგრამ მისი წერილები უპასუხოდ რჩება. 1812 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომი დასრულდა. საზავო პირობებში იმერეთის სამეფო ნახსენებიც არ იყო. 1813 წლის რუსეთ-ირანის ზავმა კი რუსეთის უფლებები მთელ საქართველოზე დაადასტურა. საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ლტოლვილი მეფე 1815 წლის 7 თებერვალს გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს ტრაპიზონის ბერძნულ ეკლესიაში. 1990 წელს სოლომონის ნეშტი სამშობლოში გადმოასვენეს და გელათში დაკრძალეს.

 

 

      wyaroebi da samecniero literatura:

  1. FRFRII, gv.397,#786.

  2. FRFR, IV, @13, @^* 271-272, 290, 95, 302-308, 428-429.

  3. qronikebi, III gv.475, 478.

  4. n. dadiani, qarTvelT cxovreba, S. burjanaZis gamoc. Tbilisi,1962.

  5. daviT batoniSvili, axali istoria, bagrat batoniSvili, axali moTxroba, T. lomouris gamocema, Tbilisi, 1941.

  6. erTobis traqtati iverielTa mefeTa da mTavarTa, qarTuli samarTlis Zeglebi, i. doliZis gamoc. II, gv.501-507.

  7. a. xaxanaSvili, mefe imereTisa solomon II, Tfilisi, 1910.

  8. m. dumbaZe, dasavleT saqarTvelo XIX s. pirvel nxevarSi,Tbilisi, 1957.

  9. S. burjanaZe, imereTis samefos saSinao politika 1789-1802 wlebSi, mecnierebaTa akad. xelnawerTaA inst. moambe, IV, 1962, gv. 237-252.

  10. n. berZeniSvili, saqarTvelos istoriis sakiTxebi, II, Tbilisi, 1968, gv. 299-314.

  11. q. CxataraiSvili, guriis samTAvros politikuri istoriidan,

  12. m. dumbaZe, imereTis samefos gauqmeba da carizmis batonobis gafarToeba saqarTveloSi/ saqarTvelos istoriis narkvevebi, IV,  Tbilisi, 1973, gv. 844-890.

  13. m. gonikaSvili, SeniSvnebi imereTis samefos gauqmebis Sesaxeb, Tbilisi, 1962.

  14. m.rexviaSvili, imereTis samefo 1462-1810 wlrbSi, Tbilisi, 1989.

 

 

 

moamzada mzia surgulaZem