მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

 

იოსებ ალავერდელი

საქართველოს ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღეები – 15 სექტემბერი; 7 მაისი სხვა ასურელ მამებთან ერთად. მის სახელს უკავშირდება ალავერდის ეკლესიის აგება.

 

 

      იოსებ ალავერდელის შესახებ XVIII საუკუნემდე დამოუკიდებელი თხზულება არ დაწერილა (ყოველ შემთხვევაში ჩვენამდე არ შემონახულა). იგი ნახსენებია იოანე ზედაზნელის და შიო მღვმელის ცხოვრებების ადრეულ რედაქციებში, როგორც იოანე ზედაზნელის მოწაფე, რომელმაც ააშენა წმ. გიორგის სახელობის ალავერდის ეკლესია. აღნიშნულ მწირ ცნობებზე დაყრდნობით XVIII -ის I ნახევარში დაიწერა წმ. იოსების სვინაქსარული ცხოვრება, რომლის ავტორია ერეკლე I-ის ასული მაკრინე მონზონი (სამეცნირო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ სვინაქსარული რედაქციის ავტორი ხსენებულ ადრეულ `ცხოვრებებში~ შემონახულ ცნობათა გარდა არანაირ სხვა ინფორმაციას არ ფლობდა).

ხსენებულ წყაროთა მიხედვით იოსებ ალავერდელის ცხოვრება შემდეგნაირად წარმოგვიდგება:

იოსები იყო შუამდინარეთიდან, ოანე ზედაზნელის მოწაფე. მასთან ერთად მოვიდა საქართველოში. როდესაც იოანემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა მხარეს დააგზავნა სახარების საქადაგებლად, იოსები წავიდა კახეთში და დაემკვიდრა ერთ უკაცურ და უნაყოფო ადგილას, რომელსაც ეწოდებოდა ალავერდი. მას სიყრმიდან ჰქონდა მაცხოვრის ჯვარცმის წმინდა ძელის ნაწილი, რომელიც ალავერდშიც თან მოიტანა.

იოსები ღვთის მსახურებაში, ლოცვასა და მარხვაში ატარებდა დღეებს. იმ დღიდან, როდესაც იგი ალავერდში დაემკვიდრა, ყოველ ღამე ამოდიოდა კაშკაშა ვარსკვლავი და მის სამყოფელს დაჰნათოდა.

ერთ დღეს ერთი დიდებული მრავალ თანმხლებთან ერთად ნადირობდა იმ ადგილებში და ნადირის დევნისას შემთხვევით გადააწყდა იოსებს. წმინდა მამის დანახვისას დიდებული გადმოხტა ცხენიდან, მივიდა მასთან, გამოჰკითხა ვინაობა, სადაურობა და აქ ყოფნის მიზეზი. იოსებმა უამბო მას ყოველივე და უქადაგა სახარება. როდესაც შეიტყო მისი სიწმინდისა და მოღვაწეობის შესახებ, დიდებულმა აღუთქვა იოსებს ტაძრის აშენება. (სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ეპიზოდი დიდებულთან შეხვედრის შესახებ, რომელიც გვიანდელ სვინაქსარულცხოვრებაში დასტურდება, რომელიღაცა ზეპირი თქმულებიდან უნდა იყოს აღებული, რაზეც თავად სვინაქსარულიცხოვრებისავტორიც მიუთითებს).

~ცხოვრების~ მიხედვით დიდებულმა აღასრულა დანაპირები და ააშენა მონასტერი, რომლის წინამძღვრადაც იოსები დაიდგინა. სამეცნიერო ლიტერატურაში ეჭვის ქვეშ არის დაყენებული იოსების `ცხოვრებაში~ დაცული ცნობა ალავერდის მონასტრის დაარსების შესახებ, რადგანაც ამ ცნობას არ შეიცავს არც ასურელი მამების `ცხოვრებათა~ ძველი რედაქციები, რომლებშიც ნახსენებია იოსებ ალავერდელის მოღვაწეობა, და არც XVIII საუკუნემდელი სხვა ქართული წყაროები ზემოთქმულის გათვალისწინებით, გამოთქმულია ვარაუდი, რომ ალავერდში მხოლოდ ეკლესია აიგო (. ქავთარია).

~ცხოვრების~ მიხედვით იოსები გარდაცვალებამდე ალავერდში დარჩა, ქადაგებდა სახარებას, მრავალი მოაქცია, ურწმუნოება განდევნა იმ ადგილებიდან და ღვთისმსახურება ააღორძინა. ხოლო გარდაცვალების შემდეგ იმავე ალავერდის ეკლესიაში დაიკრძალა.

იოსების სიწმიდის და მის წმინდა ნაწილებთან სიახლოვის სურვილის გამო ალავერდის ტაძარი მეფეთა დაკრძალვის ადგილად იქცა.

 

 

წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

 

1.     საქართველოს სამოთხე, გამოცემული გობრონ პავლეს ძე საბინინის მიერ, პეტერბურღი, 1882.

2.     ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, IV, თბილისი, 1968, გვ. 403-406.

3.     კეკელიძე, ., მეთვრამეტე საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ეტიუდები ძვ. ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, IV, 1957, გვ. 249-251;

4.     კეკელიძე ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, . I, თბილისი, 1980, გვ. 343-345;

5.     ლომინაძე ., იოსებ ალავერდელი, ერთ-ერთი ასურელ მამათაგანი. ქსე. თბილისი. V.  1980

6.     ფერაძე, ., ბერმონაზვნობის დასაწყისი საქართველოში, თბილისი, 2006, გვ. 83;

7.     ქავთარია, ., ძველი ქართული პოეზიის ისტორიიდან, გვ. 209-212.

8.     ქავთარია, ., XVIII -ის ქართული ჰიმნოგრაფიის ისტორიდან (მარიამ-მაკრინა ბაგრატიონის ჰიმნოგრაფიული მოღვაწეობიდან), მრავალთავი, II, თბილისი, 1973, გვ. 99.

 

 

 

მოამზადა ლელა ხოფერიამ