მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

გიორგი XII  1746 – 1800 წწ.

ერეკლე II-ისა და ანა დედოფლის ძე ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე 1798-1800 წლებში

 

            გიორგი XII დაიბადა 1746 წლის 10 ნოემბერს. საქართველოს ისტორიამ გიორგის სახელით 12 მეფე იცის, მაგრამ გიორგი XI, შაჰ-ნავაზის შვილი, ორჯერ გამეფდა 1676 წელს და 1703 წლებში და ამ გარემოების გათვალისწინებით, გიორგი XII ერეკლეს ძე, ხშირად მოიხსენიება გიორგი XIII-ის სახელით.

            გიორგი XII აღიზარდა სამეფო კარზე. მისი აღმზრდელები იყვნენ კახეთის თავადი სვიმონ მაყაშვილი და ქართლის თავადი როინ ბარათაშვილი. ქართულ ენას ასწავლიდა დეკანოზი იოანე მოძღვრიშვილი, შესწავლილი ჰქონდა ასევე თურქული, სომხური და ბერძნული ენები.

            XVIII საუკუნის 60-იანი  წლებიდან გიორგი უკვე მონაწიელეობას იღებდა სახელმწიფო საქმეებში და სამხედრო ოპერაციებში.        

            გიორგი XII მონაწილეობდა 1770 წელს ახალციხეზე მოწყობილ ლაშქრობაში, რომლის დროსაც ცხარე კამათი მოსვლია ტოტლებენთან, როცა ამ უკანასკნელმა გადამწყვეტ მომენტში ბრძოლის ველი მიატოვა. 1779 წელს მას თავი გამოუჩენია ერევნის ბრძოლაში (დავით ბატონიშვილი). ერეკლე II-ის განჯაზე ლაშქრობისას სამეფოს გიორგი ბატონიშვილი განაგებდა. განჯიდან დაბრუნებული მეფე იმდენად კმაყოფილი დარჩენილა მისი საქმიანობით, რომ მას სახალხოდ გადაუხდია მადლობა შვილისათვის და უბრაძანებია: ,,შვილი ჩემი გიორგი დიდი მეფე იქნებაო.”

            ცოტა უცნაურად ჩანს გიორგის საქციელი კრწანისის ბრძოლისას. იგი ამ დროს კახეთში იმყოფებოდა და მინდობილი ჰქონდა ქიზიყში ჯარის შეგროვება. რადგან მას არ ჰქონდა მიღებული მეფისაგან  ბრძანება რომ თბილისში წამოსულიყო, ამიტომ გიორგი და რევაზ ანდრონიკაშვილი კახეთში დარჩენილან იქ შეუტყვიათ თბილისის აღების ამბავი. ისტორიკოსი მოგვითხრობს, რომ მეფე გიორგი ძალიან წუხდა, რომ მას აბრლებდნენ მოღალატეობას, მაშინ როცა მამის ბრძანების გარეშე მას არ ჰქონდა უფლება თბილისისაკენ წამოსულიყო.

            როგორც ცნობილია, გიორგიმ მხარი არ დაუჭირა პაატა ბატნიშვილის მომხრეთა სასტიკ დასჯას და სწორედ ეს გამხდარა მამა-შვილის უთანხმოების საფუძველი. ცნობილია აგრეთვე, რომ მას საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა დედინაცვალთან, დიდად გავლენიან დარეჯან დედოფალთან.

            1798 წელს, ქართლ-კახეთის ტახტზე ასვლისას, გიორგი XII უკვე მძიმე ავადმყოფი იყო, მისი გადაჭარბებული ღვთისმოსაობა, უენერგიო მმართველობა და კაპიტულანტური საგარეო პოლიტიკა მის სიცოცხლეშივე ხელს უწყობდა შიდა დინასტიური შუღლის  გაღვივებას ტახტის შესაძლო პრეტენდენტებს შორის. დაპირისპირება არსებობდა იულონ (ერეკლეს ძის) ბატონიშვილის და დავით ბატონიშვილის (გიორგის ძის) მომხრეთა შორის. გიორგი XII შიშობდა, რომ მის შვილებს მოწინააღმდეგე ბატონიშვილები ტახტს წაართმევდნენ და ამიტომ დაარღვია ადრე დადებული პირობა, რომ ტახტის მემკვიდრედ იულონს სცნობდა და რუსეთის იმპერატორ პავლეს ტახტზე საკუთარი შვილის, დავით ბატონიშვილის დამტკიცება გამოსთხოვა. იმპერატორმა გიორგის თხოვნა დააკმაყოფილა

            გიორგი მეფე ტახტზე ასვლისას თავის  პირველ ამოცანად დანგრეული თბილისი აღდგენას მიიჩნევდა. მისი განსაკუთებული ყურადღების საგანი ყოფილა  თბილისის განადგურებული სტამბის ხელახლა გამართვა. მისი ბრძანებით ჩატარდა ხალხის აღწერა და შემოიღეს ფულადი გადასახადი სამეფო სასახლის ასაგებად, მაგრამ საბოლოოდ შეკრებილი თანხა ეკლესიების აღდგენას მოხმარდა.

            გიორგი XII-ის ჩანაფიქრთაგან ცნობილია ერეკლეს დროინდელი მორიგე ჯარის განახლება, ადგილობრივ სომხებში მართლმადიდებლობის დანერგვა, ქვეყანაში შემოჭრილი ირანულ წეს-ჩვეულებების აღმოფხვრა, მაგრამ არცერთი ამ ამოცანათაგანის გადასაწყვეტად მეფეს შესაფერისი ნაბიჯები არ გადაუდგამს.           

            1799 . 26 ნოემბერს თბილისში შემოვიდა რუსეთის ჯარის ერთი პოლკი გენერალ ლაზარევის მეთაურობით. გიორგი მეფე საზეიმო ვითარებაში შეეგება ჯარს ქალაქგარეთ. 1800 წლის ნოემბერში ქართველთა და რუსთა გაერთიანებულმა ჯარმა სასტიკად დაამარცხა ავარიის მმართველი ომარ-ხანი.

            საგარეო ურთიერთობაში გიორგი XII იცავდა რუსეთთან ურთიერთობის ხაზს. გიორგი მეფე უზომო ნდობით ეკიდებოდა რუსეთს. მისი ბიოგრაფი პლატონ იოსელიანი გადმოგვცემს, რომ, გიორგის, მიუხედავად იმისა, რომ ხვდებოდა, რაოდენ საზიანო იქნებოდა ქვეყნისათვის უცხო სახელმწიფოს ქვეშევრდომობა, მაინც სასარგებლოდ ეჩვენებოდა მისი შედეგები. რუსეთში გაგზავნილ 1799 წლის 7 სექტემბრით და 1800 წლის 24 ივლისით დათარიღებულნოტებში გიორგი მეფე აცხადებდა, რომქართლოსიანთა ქვეყნა რუსეთის მფლობელობაში იქნებოდა ისეთივე უფლებათა საფუძველზე, რომლებითაც სარგებლობდნენ რუსეთში შემავლი სხვა მხარეები. ამავე დროს გიორგი იმპერატორ პავლეს სთხოვდა წლიურ ჯამაგირს, რუსეთში ყმა-მამულს და  მისი შთამომავლებისათვის სამეფო-სამემკვიდრეო უფლებების შენარჩუნებას! ძნელია უფრო გულუბრყვილო და წინააღმდეგობრივი შინაარსის დოკუმენტის წამოდგენა. გიორგი მეფეს, როგორც ჩანს, რუსეთისადმი ქვეშევრდომული მორჩილების დადასტურებით სურდა, რაც შეიძლება მეტი სამხედრო და ფულადი დახმარება მიეღო რუსეთისაგან. ასევე ესმოდათ გიორგის წერილების შინაარსი რუს მეცნიერებს: “გიორგის სურდა მეფობის ყველა უპირატესობის შენარჩუნება, მხოლოდ რუსული იარაღით და რუსული ფულით” (დუბროვინი).

            მაგრამ საქართველოში ასე როდი ფიქრობდნენ. უკვე ბევრი ქართველი პოლიტიკოსი მოითხოვდა საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის გადახედვას. ზოგიერთი კი მეფეს სამშობლოს ღალატსა და რუსეთთან ფარულ გარიგებაში ადანაშაულებდა. “იცის ესე უმაღლესმან კარმან უდიდებულესობისა თქვენისამან, რომ სახლი მეფობისა საქართველოსა სახლი არს ჩემი, _ რომლისაცა დაფარვით განცემასა მეფესა გიორგისაგან და დამხობასა სამეფოსა სახლისასა და განმწარებულსა მწუხარებასა მათსა შევრაცხ უბედურად ჩემდა...’ (სოლომონ II-ის წერილი რუსეთის იმპერატორისადმი).

            რასაკვირველია, რუსული დიპლომატია კარგად სარგებლობდა გიორგი მეფისშეცდომებით და მის განცხადებებს განიხილავდნენ, როგორც ნებაყოფლობით უარს დამოუკიდებლობაზე. ეს განცხადებები ზუსტად ეხმიანებოდა რუსეთის ისედაც მკვეთრად გამოხატულ ექსპანსიონისტურ პოლიტიკას სამხრეთისაკენ. გიორგი მეფე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როდესაც 1800 წლის 18 დეკემბერს პავლე იმპერატორის კარზე შემუშავდა ცნობილი მანიფესტი საქართველოს შემოერთების შესახებ. მიუხედავად ამ დოკუმენტის დამტკიცებისა, რუსეთის მთავრობამ საქართველოში გამოსტუმრებულ ქართველ ელჩებს თვალის ასახვევად გამოატანა სულ სხვა დოკუმენტი _ იმპერატორ პავლეს მიერ დამტკიცებული გიორგი მეფისსათხოვართა პუნქტები”, რომლებიც არსებითად 1783 წლის ტრაქტატის პირობებს ეყრდნობოდა. იმავდროულად რუსეთის მთავრობამ მანიფესტის ტექსტი გაუგზავნა კავაკასიის ჯარების სარდალს გენერალ კნორინგს. მასვე ჰქონდა ნაბრძანები, რომ გიორგის გარდაცვალების უმალ ქართლ-კახეთში მეფის ხელისუფლება გაეუქმებინა. ამისათვის რუს გენერალს მეფისა და წარჩინებულ თავადთაგანთანხმობა უნდა მოეპოვებინა. არავინ იცის, მისცემდა თუ არა გიორგი XII რუსეთს ამგვართანხმობას”, რადგან სანამ მას ასეთ მოთხოვნას წაუყენებდნენ, 1800 წლის 28 დეკემბერს იგი გარაიცცვალა.

            გიორგი XII დაკრძალულია სვეტიცხოველში.

 

         წყაროები და საეცნიერო ლიტერატურა:

1.         პლატონ იოსელიანი, ცხოვრება გიროგი მეცამეტისა . გაწერელიას რედ. თბ. 1936.

2.         დავით ბატონიშვილი, ,,ახალი ისტორია”, ბაგრატ ბატონიშვილი, “ახალი მოთხრობა”, თამარ ლომოურის გამოც. თბილისი, 1941.

3.         აკტი, I,№706.გვ. 558-559.

4.         ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი, მეფის ირაკლის მეორის... ანბები

. კაკაბაძე, წერილები და მასალები საქართველოს ისტორიისათვის, I, თფილისი, 1914, გვ.39-40.

5.         . დუმბაძე, ქართლ-კახეთის სახელმწიფოს გაუქმება და რუსეთთან შეერთება / საქართველოს ისტორიის ნარკვევები, IV თბილისი, 1973, გვ.802-824.

6.         . გონიკაშვილი, ბაგრატიონთა დასახლება და მოღვაწეობა რუსეთში, თბილისი,1986.

7.         მანანა გედევანიშვილი, გიორგი XIII, უკანასკნელი მეფე საქართველოს, ლიტერატურული საქართველო. 2007 წლის 23 მოე,ბერი, №40.

8.         თომაძე მარგო, გიორგი XII უკანსკნელი დღები, დროშა 1984. №6.

 

 

მოამზადა ანა ბაქრაძემ