მთავარი     მოღვაწენი     გალერეა     ინდექსი     ძებნა                 
           

 

 

 

ჭიჭაფორისძე XIII-XIV სს

ხუროთმოძღვარი. გუდარეხის სამონასტრო კომპლექსის წმინდა გიორგის სახელობის მთავარი ტაძრის ამშენებელი.

 

ხუროთმოძღვარმა ჭიჭაფორისძემ (მისი სახელი სამშენებლო წარწერაში არ იკითხება, ასოები ჩამოტეხილია) გუდარეხის (ქვემო ქართლი, ახლანდელი თეთრი წყაროს რაიონი), სამონასტრო კომპლექსში ააგო ერთნავიანი დიდი ტაძარი, რომელიც მრავალრიცხოვანი ჩუქურთმებითაა დამშვენებული. ტაძრის შიგნით ფრესკების კვალიცაა შემორჩენილი. ცნობა ხუროთმოძღვარ ჭიჭაფორისძის შესახებ დაუცავს ეკლესიის სამხრეთ კარიბჭესთან მოთავსებულ, ასომთავრულით შესრულებულ სამშენებლო წარწერას: აეშენა ესე წმინდა ეკლესია ელითა ფრიად ცოდვილისა ჭიჭაფორისძისაითა, რუსუდან დედოფალთ-დედოფლისა და მისი შვილების სალოცველად და სადღეგრძელოდ და თაყას სულისათვის”. ამ წარწრით გახდა ცნობილი, რომ  ჭიჭაფორისძეს გუდარეხის წმინდა გიორგის ეკლესია აუშენებია რუსუდან დედოფლის დავალებით.

   გუდარეხის მთავარი ტაძრის სამშენებლო წარწერაში მოხსენიებული რუსუდან დედოფალი სამეცნიერო ლიტერატურაში იდენტიფიცირებულია დემეტრე II თავდადებულის ასულთან, რომელიც თაყა ფანასკერტელის მეუღლე იყო. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ რუსუდანმა გუდარეხში ხუროთმოძღვარ ჭიჭაფორისძეს განაახლებინა მტერთაგან დაქცეული წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. გუდარეხის სამონასტრო კომპლექსის თავდაპირველი ფენა  აგებულია XII -ში, თამარის ეპოქაში, როდესაც ქვეყანას გააჩნდა დიდი სამონასტრო კომპლექსის აშენების რეალური შესაძლებლობა. ამას ადასტურებს განათხარი არქეოლოგიური მასალა (გუდარეხის სამონასტრო კომპლექსი გაითხარა 1938-39 წლებში და გამოქვეყნებულია ამ არქეოლოგიური ექსპედიციის ანგარიში) და ხუროთმოძღვრული ძეგლების ქრონოლოგიაც.

ხუროთმოძღვარ ჭიჭაფორისძეს გუდარეხის მთავარი ტაძრის აღდგენისას სამშენებლო მასალად გამოუყენებია ძველი ტაძრის ქვები, მათ შორის წარწერიანებიც. ასე აღმოჩნდა გუდარეხის ტაძრის კედელში ვერტიკალურად ჩაშენებული წარწერიანი ქვები: ქრისტე, შეიწყალე გიორგი, ქრისტე შეიწყალე ადამი, რომლებიც, როგორც ჩანს, ძველი ტაძრის ქტიტორები იყვნენ. ასომთავრულით შესრულებული ეს წარწერები X-XII სს-ით თარიღდებიან.

გუდარეხის წმინდა გიორგის ტაძარი დიდი ერთნავიანი ეკლესიაა, მაგრამ ხუროთმოძღვარმა ჭიჭაფორისძემ გამოიყენა XII-XIII სს-თა მიჯნის ძეგლებისათვის დამახასიათებელი აღმოსავლეთის ფასადების გაფორმების სქემადიდი მოჩუქურთმებული ჯვარი სარკმლის თავზე, მასზე გადაბმული სარკმელების საპირეები და ჩუქურთმიანი რომბები. გუდარეხის მონასტრის მთავარი ტაძარი არქიტექტურული თვალსაზრისით, ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია. იგი ხუროთმოძღვარ ჭიჭაფორიძის მაღალი ოსტატობის გამომხატველია.

 

 

            წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:         

1.         . თაყაიშვილი, სომხით-საორბელის წარწერები, ნაწილი II, პარიზი, 1929.

2.         . სილოგავა, ქვემო ქართლის წარწერები, დმანისი II, გამომცემლობა `მეცნიერება,~ თბ, 2000.

3.         გუდარეხის პირველი და მეორე (1938 და 1939 .) არქეოლოგიური კამპანიის ანგარიში, შეადგინეს . მუსხელიშვილმა, . ხიდაშელმა და . ჯაფარიძემ, . მუსხელიშვილის რედაქციით. გამომცემლობა `მეცნიერება,~ თბ, 1954.

4.         . ციციშვილი, ქართული არქიტექტურის ისტორია, თბ, 1945.

5.         Чубинашвили Н. Архитектура Гударехкого храма в ансамбле средновекогово города. თბ, 1946.

6.         Чубинашвили. Н. Гударехи, ქართული ხელოვნება, №9, თბ, 1987.

7.         . მჭედლიძე. გუდარეხის მონასტრის ისტორიისათვის, მრავალთავი XIII, გამომცემლობა `მეცნიერება,~ თბ, 1986.

8.         . მჭედლიძე, გუდარეხის მონასტრის მაშენებელი რუსუდან დედოფალი, მრავალთავი XVII, გამომცემლობა `მეცნიერება, თბ, 1992.

 

 

 

მოამზადა გულნარა მჭედლიძემ